რომელია უძველესი იმპერია და როგორი იყო ის
ისტორიის განმავლობაში იმპერიები ჩნდებოდა და ქრებოდა. ვიცით ბევრი იმპერია, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებელი ჩანდა და უამრავ ეთნოსს აერთიანებდა, მაგრამ თუ გიფიქრიათ იმაზე, რომელი იყო აქედან ყველაზე ძველი?
ამ შეკითხვაზე შეიძლება ბევრი უძველესი იმპერია გაგახსენდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ტიტული აქადის იმპერიას ეკუთვნის.
აქადის იმპერია მცირე ხნით, ძვ.წ. 2334 წლიდან 2218 წლამდე არსებობდა. მის დამაარსებლად სარგონ დიდი ითვლება და სწორედ ის იყო ამ იმპერიის ყველაზე ცნობილი მმართველი. მიუხედავად შედარებით ხანმოკლე არსებობისა, ამ უძველესმა იმპერიამ ბევრი ისეთი რამ შექმნა, რასაც შემდეგ სხვა იმპერიები იმეორებდნენ.
ქალაქმა მოიცვა და გააერთიანა სამხრეთ მესოპოტამიის რეგიონი, რომელსაც ადრე კონკურენტი ქალაქ-სახელმწიფოები მართავდნენ. საუბარია ურიზე, ურუქზე, ლაგაშზე, კიშიზე, მარასა და ებლაზე.
იმპერიის ცენტრი იყო ქალაქი აქადი. მისი ნაქალაქარი არქეოლოგებს აქამდე არ აღმოუჩენიათ, მაგრამ მიიჩნევა, რომ ის მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, დაახლოებით ძველ ქალაქებს სიფარსა და კიშს შორის. არის ვერსია, რომ აქადი ქალაქებს მარისა და ბაბილონს შორის იყო.
შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ თუ სად იყო აქადი, მაგრამ ფაქტია, ამ ქალაქმა უდიდესი გავლენა იქონია მიმდებარე რეგიონზე. სარგონის (ან მისი მწიგნობრების) მიხედვით, აქადის გავლენა სპარსეთის ყურედან მცირე აზიის გავლით ხმელთაშუა ზღვამდე და კვიპროსამდე ვრცელდებოდა.
ამდენი ანტაგონისტური სახელმწიფოს გაერთიანებით სარგონმა და მისმა მემკვიდრეებმა სავაჭრო გზები შექმნეს, რაც საქონლის უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას იძლეოდა. რეგიონში სტაბილურობამ განავითარა ხელოვნება, დამწერლობა, სოფლის მეურნეობა და მეცნიერება. მცირე ხნით, აქადური გახდა lingua franca, დროებით შეცვალა რა შუმერული კულტურა ყველაფერში, გარდა წმინდა ცერემონიებისა და რიტუალებისა.
აქადელებმა პირველი საფოსტო სისტემაც კი შემოიღეს. ლურსმული დამწერლობის მქონე თიხის ტაბლეტები თიხაში იყო ჩასმული, რომელზეც მონიშნული გახლდათ მიმღების სახელი და მისამართი. თიხის კონვერტების "გახსნის" ერთადერთი გზა მათი გატეხა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სხვა თქვენს წერილს ვერ წაიკითხავდა. და თუ მაინც წაიკითხავდა, მაშინ თქვენ ამას მარტივად მიხვდებოდით.
სარგონი გამჭრიახი მმართველი იყო, რომელიც შემოერთებულ ტერიტორიებს თავის ყველაზე სანდო მიმდევრებს აბარებდა. ამ მხრივ საინტერესოა მისი ქალიშვილი ენჰედუანა. სარგონმა თავისი შვილი შუმერული მთვარის ღმერთის, ნანას მღვდელმთავრად დანიშნა. მან ეს შუმერულ ქალაქ ურში ქნა, როგორც მისი ახალი იმპერიის კონსოლიდაციის ნაწილი. როდესაც მან ეს როლი შეასრულა, მეფის შვილმა მიიღო სახელი ენჰედუანა, რაც შუმერულად ნიშნავს "მღვდელმთავარს, სამოთხის ორნამენტს".
ასევე: რომელია მსოფლიოს უძველესი ცივილიზაცია
როგორც მთვარის ღმერთის მღვდელმთავარი და მამის წარმომადგენელი ურში, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქალაქში. და ყველა ამ პასუხისმგებლობის გარდა, ის პოეზიითაც იყო გატაცებული.
ენჰედუანა არის პირველი ავტორი, რომელიც ჩვენ ვიცით და რომელმაც ავტობიოგრაფიული დეტალები ჩართო თავის ტექსტებში. გარდა ამისა, ის არის პირველი ავტორი, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა ლექსები. ის ლიტერატურული შემოქმედების აქტს მშობიარობას ადარებს. ეს ის მეტაფორაა, რომელსაც შემდგომში ლიტერატურაში უამრავი ავტორი იყენებდა და იყენებს.
ასევე: ვინ არის ისტორიაში პირველი ავტორი და რა ვიცით მასზე
თავად სარგონი 56 წელი მეფობდა. მისი მემკვიდრე უფროსი ვაჟი რიმუში იყო. რიმუშმა მამის მემკვიდრეობა ჩაიბარა და იგივე შემართებით გააგრძელა, თუმცა გახშირდა აჯანყებები. უფროსმა ვაჟმა მხოლოდ 9 წელი იმეფა და მისი ადგილი უმცროსმა ძმამ, მანიშტუსუმ დაიკავა. როგორ მოკვდა მანიშტუსუ არ ვიცით, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით ის კარისკაცებმა მოკლეს.
შემდეგ იყო ნამარ-სინი, მანიშტუსუს ვაჟი. ნარამ-სინი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქადელი მმართველი. ის 36 წელი მეფობდა, რა დროსაც იმპერიის საზღვრები მნიშვნელოვნად გააფართოვა.
ლეგენდის თანახმად, ნარამ-სინის ამბიციები (ის თავის თავს ცოცხალ ღმერთად მოიხსენიებდა) აქადურ პანთეონთან წინააღმდეგობაში მოვიდა, რამაც "ღვთაებრივი შურისძიება" მოიტანა. საბოლოოდ, მისი ვაჟის, შარ-კალი-სარას მმართველობის დროს იმპერია დაეცა. მის დროსაც ბევრი იყო შიდა აჯანყებები, თუმცა იმპერია საბოლოოდ უცხო ტომელების შემოჭრის შემდეგ განადგურდა. "გამანადგურებლები" იყვნენ გუთები, რომლებმაც აქადის იმპერია მოსპეს.
თუმცა, ისტორიკოსები და არქეოლოგები თვლიან, რომ ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე კლიმატის ცვლილება იყო. რეგიონში მოულოდნელმა კლიმატის ცვლილებად გამოიწვია შიმშილი, რამაც არა მხოლოდ შეაფერხა ვაჭრობა, არამედ საბოლოოდ დაასუსტა იმპერია ისე, რომ მას აჯანყებებისთვის გამკლავება აღარ შეეძლო. მეორე მხრივ, ბოლო წერტილი უცხო ტომების შემოჭრა იყო, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა კაცობრიობის პირველი იმპერია.
აქადის უკანასკნელ მმართველებს, დუდუსა და მის ვაჟ შუ-ტურელს, დიდი ძალაუფლება აღარ გააჩნდათ. მათი ძალაუფლება მხოლოდ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ასე, ნელ-ნელა, პირველი იმპერია დასუსტდა და გაქრა.
კომენტარები