გატყობინებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას წიგნის "ცისფერი — ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" დაგეგმილი პრეზენტაციის შესახებ, რომელიც უნდა გამართულიყო 6 მარტს, "აჭარა ჯგუფის" მფლობელობაში არსებული სასტუმრო Stamba Hotel-ის შენობაში განთავსებულ Tbilisi Photography & Multimedia Museum-ში.
დაგეგმილ პრეზენტაციაზე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, აბსურდული მიზეზებით უარი გვეთქვა.
გამოცემა, რომელზე მუშაობაც თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, XX-XXI საუკუნის ქართულ ხელოვნებაში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს და ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს დაიწყოს კანონის განხილვა ე.წ "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ. აღნიშნული კანონი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ყველაზე მკაცრად რუსეთში, სადაც მისი ინიციირება რამდენიმე წლის წინ მოხდა და რომელმაც ძირი გამოუთხარა გამოხატვის თავისუფლების ყველა ფორმას, ჩაახშო ყველა კრიტიკული ხმა, რომლის შედეგებსაც დღევანდელი რუსეთის სახით ვხედავთ.საქართველოში ამ კანონის შესახებ საუბრები გასული წლის მარტის მოვლენების შემდეგ დაიწყო, თუმცა, წიგნის პრეზენტაციის დაანონსებიდან მალევე განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჰომოფობიური პოლიტიკური ჯგუფები და სამთავრობო მედიები, რომლებიც ჯერ არგამოსულ წიგნს "აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდის" მაგალითად ნათლავენ, რაც, არამხოლოდ პოპულისტური სიცრუეა, არამედ წიგნში მოყვანილი არტისტების, მათი ნამუშევრებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაა.
ასეთი კანონის პირობებში, ქართული მხატვრობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშების შექმნაც კი შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო ყველაზე საამაყო ქართველ არტისტებს, საბჭოთა რუსული ხელისუფლება, თავის დროზეც სწორედ ჰომოფობიური კანონმდებლობით ებრძოდა.
ამ მოვლენების ფონზე, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა პრეზენტაციის მასპინძელი, "თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის" ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე, რომელმაც გვაცნობა, რომ 6 მარტს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, შეუძლებელი იქნებოდა შენობის "სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო" და კატეგორიულად მოითხოვა ღონისძიების ლოკაციის შეცვლა - აღნიშნული მიზეზი არამხოლოდ დაუჯერებელ სიყალბედ მიგვაჩნია, არამედ არის საგანგაშო სიგნალი, რაც ცალსახად გვანიშნებს, რომ ნაცვლად წინააღმდეგობისა და გამბედაობისა, რაც ყველაზე მეტად მოეთხოვება ასეთ დროს თავისუფალ სახელოვნებო ინსტიტუციას, სამწუხაროდ ინსტიტუციამ თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მოექცა ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ. ასეთი ნაბიჯი ყველა იმ იდეალის ღალატის ტოლფასია, რომელსაც წიგნში მოხმობილი არტისტები ატარებენ და ამაზე ხელის მოწერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მსოფლიოს ხელოვნების ისტორიას არაერთი გამოწვევა და დაპირისპირება ახსოვს ჰეგემონურ დღის წესრიგთან და სისტემასთან, რომელიც ყოველთვის ცდილობდა საკუთარი მარწუხების ქვეშ მოექცია თავისუფალი აზროვნების ყველა სივრცე და წარმომადგენელი. და ამასთან ერთად, გვახსოვს, რომ ნამდვილი და ხელშესახები, სასიკეთო ცვლილებები სწორედ ასეთ დღის წესრიგთან უკომპრომისო წინააღმდეგობით, სახელოვნებო ინსტიტუციებისა და ინდივიდების გამბედავი გადაწყვეტილებების და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების დაცვის შემდეგ დგებოდა.
არამხოლოდ ვგმობთ, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მათ შორის სახელოვნებო ისტორიაში, სამუდამოდ ჩაიწერება ყველა იმ ინდივიდის, ინსტიტუციის, სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ჯგუფის სახელები, რომლებიც, ასეთ გადამწყვეტ მომენტში, გვერდში დგომის ნაცვლად, ზურგს აქცევენ საფრთხის წინაშე მყოფ თავისუფალი თვითგამოხატვის მქონე შემოქმედებით ჯგუფებს, ქვიარ ადამიანებს, და პირველ რიგში, ყველა იმ არტისტს, რომლებიც წიგნშია მოხსენიებული.
მიგვაჩნია, რომ არც "აჭარა ჯგუფს" და არც "თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმს" აღარ აქვთ უფლება, საზოგადოებას შემოქმედებით თავისუფლებაზე ელაპარაკონ და უსაფრთხო სივრცის სახელით პოზიციონირებდნენ. ჰომოფობიური ცენზურის ამოქმედებამდეც კი ცენზურის ქვეშ მოყოლილი სივრცე ვერ იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ღირებული სასიკეთო ცვლილებების შთამაგონებელი ადგილი.
ამიტომაც, სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ საჯარო სახელოვნებო ინსტიტუციებს მოგმართოთ თხოვნით, დაგვიდგეთ გვერდში და დაგვითმოთ სივრცე წიგნის პრეზენტაციისთვის, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია სწორედ სახელოვნებო სივრცეში გაიმართოს.
მადლობას ვუხდით წიგნის ავტორებს, შემოქმედებით ჯგუფს, არტისტებსა და თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც ამ წიგნის შექმნის და მისი საზოგადოებამდე მიტანის პროცესში თავისუფლების, გამბედაობის, სოლიდარობისა და პრინციპების ერთგულების ღირსეული მაგალითი გვაჩვენეს. ჩვენს წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დაძლევაც მხოლოდ ასეთი მაგალითებით იქნება შესაძლებელი.
კომენტარები