ბოლოს და ბოლოს, როდის შეჩერდება სარეკლამო შეტყობინებები ჩემს ტელეფონში — კანონი დეტალებში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სულ რამდენიმე დღეში შეგვეძლება, რომ ჩვენთვის არასასურველ სარეკლამო შეთავაზებებზე, რომელიც მობილურ ტელეფონებზე ან პირად მეილებზე გვეგზავნება, უარი ვთქვათ. საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მხარი დაუჭირა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს იყო ინიციირებული. კანონპროექტის ხელახალი განხილვა 2022 წლის დეკემბერში განახლდა, 2024 წლის 2 თებერვალს კი მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გავრცელდა.

რა იცვლება — მოკლედ

1-ელი მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიხედვით, ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, სატელეკომუნიკაციო მობილური ოპერატორები და მათი SMS-კონტრაქტორი კომპანიები, ჩვენს პირად მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ვერ გამოიყენებენ.

პირდაპირი მარკეტინგი — ასე ჰქვია საქმიანობას, როდესაც ინდივიდუალურად სთავაზობენ მომხმარებელს კონკრეტული პროდუქტით, ან მომსახურებით სარგებლობას სატელეფონო, ან ნებისმიერი სხვა პირდაპირი საშუალებით.

  • კანონის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის მომხმარებლის წერილობითი თანხმობა აუცილებელი იქნება.

გარდა ამისა,

  • სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგვეძლება და ცვლილებების თანახმად, მომხმარებელმა შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმა მარტივად უნდა შეძლონ.
  • თუ თქვენი უარის მიუხედავად, კომპანიები სარეკლამო შეტყობინებებს გამოგიგზავნიან და წესს დაარღვევენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, თქვენი მიმართვის საფუძველზე, საჩივარს განიხილავს და მათ დააჯარიმებს.
  • ასევე, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას და კერძო კომპანიების ნაწილს ეკისრება ვალდებულება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

კანონში მიღებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, მობილურმა ოპერატორმა მაგთიმ, თავის მომხმარებლებს ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ცვლილებების შესახებ წერს და მომხმარებელს სთავაზობს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, დააფიქსიროს პოზიცია სარეკლამო შეტყობინებების მიღების თაობაზე.

  • მაგთის მსგავსად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეთმაც გაუგზავნა.

უფრო მარტივად გასაგები რომ გახდეს, რა სიახლე და ცვლილებებია კანონში, NEWS.On.ge გაესაუბრა ნიკოლოზ პოპიაშვილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელს და სამსახურის წარმომადგენელს ევროპის მონაცემთა დაცვის ინსტიტუციაში (EDPS).

ნიკოლოზ პოპიაშვილი

ნიკოლოზ პოპიაშვილი

სად აღარ მივიღებ სარეკლამო შეთავაზებებს უნებართვოდ?

წინასწარი თანხმობის გარეშე, სარეკლამო შეთავაზებებს აღარ მივიღებთ მობილურ ტელეფონზე და ელექტრონულ ფოსტაზე.

ნიკოლოზ პოპიაშვილი განგვიმარტავს, რომ ახალმა კანონმა განსაზღვრა პირდაპირი მარკეტინგის განმარტება, რომლის მიხედვით, პირდაპირი მარკეტინგი არის ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით, მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი ან უშუალო მიწოდება.

"აუცილებელია მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, მონაცემთა სუბიექტისგან თითოეულ ზემოხსენებული მონაცემის (საკონტაქტო წყაროს) დამუშავებაზე მოიპოვოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური თანხმობა", — გვეუბნება პოპიაშვილი.

უარი ფასიანია, თუ უფასო?

კანონით განსაზღვრულია, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს თანხმობის გამოხმობის უსასყიდლო, მარტივი და ხელმისაწვდომი მექანიზმის შემუშავება.

ჩემი უარიდან რა დროში შეწყდება სარეკლამო შეტყობინებები?

უარის დაფიქსირების შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

სარეკლამო შეთავაზებებზე უარი ვთქვი, თუმცა, გადავიფიქრე. რა გავაკეთო?

ნიკოლოზ პოპიაშვილი გვეუბნება, რომ ახალი კანონის თანახმად, თუ მომხმარებელი თავად გამოხატავს სურვილს, მიიღოს სარეკლამო შეტყობინებები, თავდაპირველად დაფიქსირებული უარი არ ზღუდავს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ და სად უნდა დავაფიქსიროთ გადაწყვეტილების ცვლილებაზე, პოპიაშვილი განგვიმარტავს, რომ ეს მობილურ ოპერატორებზეა დამოკიდებული და მსგავსი მექანიზმი თავად უნდა შეიმუშაონ.

მაგალითად, მაგთი წერს, რომ თუ მომხმარებელს სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე დაფიქსირებული თანხმობის შეცვლა უნდა, მან შესაბამისი ციფრი უნდა გამოგზავნოს ნომერზე — 110011.

  • ან აკრიფოს *182#OK (ეს მხოლოდ მაგთიკომის მობილური სერვისის მომხმარებელს ეხება)

რაც შეეხება სილქნეთს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, სარეკლამო შეთავაზების მიღებისას, თქვენ შეგიძლიათ თანდართულ SMS ნომერზე გააგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინების მიღების შეწყვეტის მოთხოვნა

  • NO SMS სილქნეტი — 91131; NO SMS სხვა კომპანიები/მესამე პირები - 91118..

არც უარი დავაფიქსირე, არც — თანხმობა. შეტყობინებები ისევ მომივა?

კანონი მკაცრად განსაზღვრავს, რომ სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნის ერთადერთი ლეგიტიმური შესაძლებლობა მომხმარებლის თანხმობას უკავშირდება: "მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით", — განმარტავს ნიკოლოზ პოპიაშვილი.

წამეშალა მობილური ოპერატორის შეტყობინება, სადაც პოზიცია უნდა დამეფიქსირებინა. როგორ მოვიქცე?

ეს საკითხი მობილურ ოპერატორზეა დამოკიდებულია და მან უნდა განსაზღვროს, ვინაიდან საკითხი სცილდება მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და მონაცემთა სუბიექტს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს.

თუ მომხმარებელს მობილური ოპერატორის შეტყობინება წაეშალა, მას აქვს უფლება რომ შეტყობინების ხელახალი გამოგზავნის თხოვნით მიმართოს ოპერატორს, თუმცა, მობილური ოპერატორს არ გააჩნია ვალდებულება ხელმეორედ გამოგზავნოს შეტყობინება.

"იმ შემთხვევაში თუ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი არ ახორციელებს პირდაპირი მარკეტინგის გზით მონაცემთა დამუშავებას, ამის მავალდებულებელ წინაპირობას არ წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ამ თხოვნით მობილურ ოპერატორს და შემდეგ ის გაგზავნის თუ არა მისი გადასაწყვეტია", — განგვიმარტავს ნიკოლოზ პოპიაშვილი.

აქვს თუ არა ჩემს უარს მოქმედების ვადა?

სარეკლამო შეთავაზებების მიღებაზე დაფიქსირებულ უარს მოქმედების ვადა არ აქვს.

გარდა ამისა, ნიკოლოზ პოპიაშვილი განმარტავს, რომ მომხმარებლის პირადი მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი უნდა აღრიცხოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

თუ დავთანხმდი, რა სიხშირით მივიღებ შეტყობინებებს?

კანონი არ აკონკრეტებს, რა სიხშირით შეუძლია მობილურ ოპერატორებს და SMS-კონტრაქტორ კომპანიებს სარეკლამო შეთავაზებების მომხმარებლისთვის გაგზავნა.

პოპიაშვილი გვეუბნება, რომ ახალი კანონი იზიარებს ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ძირითად ღირებულებებსა და სტანდარტებს, და ამ შემთხვევაში, მობილურ ოპერატორებს შეუძლიათ, მომხმარებლებს არჩევანის შესაძლებლობა მისცენ.

მაქვს უფლება, გავეცნო ინფორმაციას მობილური ოპერატორების SMS- კონტრაქტორ კომპანიებზე?

"პირველ რიგში, მომხმარებელი სარგებლობს უფლებით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მობილური ოპერატორისგან იმის თაობაზე, თუ ვინ წარმოადგენს მომხმარებლის მონაცემთა მიმღებს", — განგვიმარტავს ნიკოლოზ პოპიაშვილი.

მისივე თქმით, ვიდრე მომხმარებელი თავის პოზიციას დააფიქსირებს სარეკლამო შეტყობინებების მიღების შესახებ, მას კონტრაქტორების შესახებ ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

  • "ასევე, კანონი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე პოზიციის დაფიქსირების შემდეგაც, გამოითხოვოს ინფორმაცია SMS კონტრაქტორ კომპანიებზე", — ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი.

უარის მიუხედავად, სარეკლამო SMS-ებს მაინც ვიღებ, როგორ მოვიქცე?

თუ თქვენ სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე უარი თქვით, მაგრამ შეთავაზებებს მაინც იღებთ, შეგიძლიათ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც თქვენი მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და შესაბამის კომპანიას დააჯარიმებს.

პერსონალურ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების ახალი წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია მიიღებს გაფრთხილებას ან დაჯარიმდება 3000 ლარით.

  • თუ კომპანიის მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკვე დაფიქსირდა მსგავსი ტიპის დარღვევა, ხელმეორე ჯარიმა 10 000 ლარია.

კიდევ 7 სიახლე კანონში

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) შეფასებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში მიღებულ სიახლეები "შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან" და ცვლილებების ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება.

გარდა იმისა, რომ სარეკლამო შეტყობინებებზე მომხმარებლის წინასწარი თანხმობა გახდა აუცილებელი, ახალი კანონი კიდევ 7 ცვლილებას ითვალისწინებს.

კონკრეტულად,

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას, გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა, ეკისრება ვალდებულება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ეს ვალდებულება ვრცელდება ისეთ დაწესებულებებზე, როგორიც არის

  • სადაზღვევო ორგანიზაცია;
  • კომერციული ბანკი;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
  • საკრედიტო ბიურო;
  • ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია;
  • ავიაკომპანია;
  • აეროპორტი;
  • სამედიცინო დაწესება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს;
  • ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3%-ის მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.

კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა უნდა უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღება ან შეცვლა, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა. გარდა ამისა, მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა ოფიცერი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია როგორ ხდება მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და რა უფლებები აქვს მომხმარებელს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უფლება აქვს, შეასრულოს სხვა ფუნქციაც, თუ ეს არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს.

  • პერსონალურ მონაცემთა ოფიცრის ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაციამ შეიძლება დადოს მომსახურების ხელშეკრულება.
  • ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი ივნისიდან.

აუდიოჩაწერის წესი და პირობები: საჯარო და კერძო სივრცეში აუდიოჩაწერა დასაშვები იქნება

  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობით;
  • საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით;
  • დისტანციური კომუნიკაციისას;
  • პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია;
  • კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საჯარო თუ კერძო კომპანია ვალდებულია წერილობით წინასწარ განსაზღვროს აუდიოჩაწერის მიზანი და მოცულობა, ხანგრძლივობა, აუდიოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები.

კომპანია ვალდებულია წინასწარ ან აუდიოჩაწერის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მომხმარებელი, რომ კეთდება აუდიოჩანაწერი და მას უნდა განემარტოს, რომ აქვს უფლება, აუდიოჩაწერაზე უარი თქვას.

  • თუ აუდიოჩაწერის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება გამაფრთხილებელი ნიშნით ხდება, ის უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას, მარტივად აღქმად გამოსახულებას აუდიოჩაწერის მიმდინარეობის შესახებ და აუდიოჩანაწერის დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის სახელწოდებასა და საკონტაქტო ინფორმაციას.
  • ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი მარტიდან.

ვიდეომონიტორინგის წესი: ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისათვის, კომპანია ვალდებული ხდება წერილობით განსაზღვროს ვიდეოთვალთვალის მიზანი და მოცულობა, ვიდეოთვალთვალის ხანგრძლივობა და ჩანაწერის შენახვის ვადა, ასევე ვიდეოჩანაწერებზე წვდომის, მათი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები.

  • კანონის თანახმად, სამუშაო ადგილის მიხედვით, ყველა დასაქმებული პირი დამატებით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნების შესახებ.
  • საჯარო თუ კერძო კომპანია ვალდებულია, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს და ნიშანზე დაწეროს მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები.
  • ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი მარტიდან.

ვიდეომონიტორინგის წესის დარღვევის შემთხვევაში, საჯარო ან კერძო კომპანია მიიღებს გაფრთხილებას ან დაჯარიმდება 500 ლარით.

  • წესის დარღვევის ხელმეორედ დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება 2 000 ლარამდე.

არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები: არასრულწოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება, მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ ის არის 16 წლის.

  • თუ არასრულწლოვანი არ არის 16 წლამდე, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის საჭიროა მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
  • მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მონაცემთა დამუშავება საფრთხეს უქმნის ან ზიანს აყენებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
  • ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი მარტიდან.

მონაცემების უსაფრთხოების დარღვევისას ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება: ნებისმიერი ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს, ვალდებულია აღრიცხოს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის ყველა ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები.

მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა, ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა, ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უნდა შეატყობინოს.

  • ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი მარტიდან.

იზრდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლები: მონაცემთა დამუშავება გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება და მონაცემთა გამჟღავნება. არსებულ საფუძვლებს ემატება

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელი ხდება ხელშეკრულების (ან სხვა გარიგების) დასადებად ან ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებების შესასრულებლად.

ასევე, მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის,

  • დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის.

ისეთი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება, როგორიც არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში, დასაშვებია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.

  • ასევე, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
  • ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი მარტიდან.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების წესის დარღვევისას, ჯარიმა არის 1 000 ლარი, ხოლო თუ კომპანია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ ჯარიმდება, თანხის ოდენობა 5 000 ლარია.

იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება: პირს, რომლის პირადი მონაცემებიც მუშავდება, უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები უკანონოდ მუშავდება, არამედ

  • თუ მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება.
  • მონაცემთა სუბიექტს ასევე აქვს უფლება ნებისმიერ მონაცემთა დამმუშავებელს მოთხოვოს მის მონაცემებთან დამაკავშირებელი ყველა ინტერნეტბმულის წაშლა.
  • ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი მარტიდან.

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…