ჰერპესის ვირუსი შესაძლოა, დემენციის რისკს აორმაგებდეს
შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, პირველი ტიპის ჰერპესის (HSV-1) ვირუსის ქონა დემენციის ჩამოყალიბების რისკს აორმაგებს. ეს ასოციაცია ამ კოგნიტიური დარღვევის განმსაზღვრავი უმთავრესი ფაქტორებისგან, ასაკისა და გენეტიკურ ვარიანტ APOE-4-ისგან, დამოუკიდებლად ვლინდება.
შვედეთში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 80%-ში HSV-1-ის ანტისხეულებია, ანუ მათ ორგანიზმში პათოგენია მოხვედრილი. ორალური ჰერპესის მქონე ზოგ ადამიანს სიმპტომები საეროდ არ უვლინდება, ზოგს კი პირის მიდამოში ბუშტუკები უჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს ვირუსი კვალს მაინც ტოვებს.
ავტორები ამბობენ, რომ დემენციასთან ჰერპესის კავშირზე უფრო და უფრო მეტი კვლევა მიანიშნებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმა ალცჰაიმერის დაავადებაა, რომლის მქონე პაციენტებსაც ხშირად ტვინში ცილოვანი დანალექი უჩნდებათ. თერაპიების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული, რათა კოგნიტიური დარღვევები შეაჩეროს. ასეთი მცდელობები მეტწილად უშედეგოა.
სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ზემოხსენებულ დანალექს შესაძლოა, იმუნურ ან ნერვულ სისტემაში საკუთარი როლი ჰქონდეს, როგორიცაა, მაგალითად, პათოგენებთან დაკავშირებული ზიანის თავიდან აცილება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ალცჰაიმერი სხეულში უცხო და უკონტროლო მიკრობების შემოჭრის ნიშანი იყოს.
ადრეულმა კვლევებმა ალცჰაიმერის მქონე პაციენტების ტვინში HSV-1-ის მოულოდნელი რაოდენობა გამოავლინა, თანაც მათი 72% სწორედ ცილოვან დანალექში იყო. ეს მიუთითებს, რომ შესაძლებელია, ჰერპესის ვირუსის მიმართ ორგანიზმის იმუნური რეაქცია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებასთან მჭიდრო კავშირში იყოს.
ამ საკითხზე მეტის გასაგებად შვედეთში მომუშავე მეცნიერები 1002 ახალგაზრდას 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აქედან 82%-ის სხეულში HSV-1-ის ანტისხეულები იყო. დადგინდა, რომ მათ დემენციის ჩამოყალიბების ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე ამ ანტისხეულების არმქონე ინდივიდებს. აღმოაჩნდა, რომ გენური ვარიანტი APOE-4, როგორც რისკ-ფაქტორი, სიტუაციას უფრო მეტად არ ამწვავებს.
სპეციალისტებს სურთ, რომ ჩატარდეს კვლევები, რომლებითაც დაადგენენ, რამდენად შესაძლებელია, ჰერპესის მკურნალობით დემენცია ავიცილოთ თავიდან.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Alzheimer's Disease გამოქვეყნდა.
კომენტარები