ნეირომეცნიერულმა სტარტაპმა Sapien Labs გლობალური კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რა გავლენა აქვს ადამიანზე ადრეული ასაკიდან, კერძოდ 13 წლამდე, სმარტფონის გამოყენებას.

სპეციალისტებმა Gen Z თაობის ახალგაზრდა ზრდასრულთა პოპულაცია შეისწავლეს, რადგან ისინი პირველები არიან, რომლებსაც სმარტფონებზე ბავშვობიდანვე ჰქონდათ წვდომა. დადგინდა, რომ ამას სერიოზული მენტალური პრობლემების გამოწვევა შეუძლია. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ეფექტი მით უფრო მწვავეა, რაც უფრო ადრეული ასაკიდან მოიხმარს ადამიანი გაჯეტებს.

მეცნიერებმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ არსებული მასშტაბური ბაზის, Global Mind Project-ის, მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. საერთო ჯამში, 18-დან 24 წლამდე ასაკის 100 000-ზე მეტი ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია გააანალიზეს. ამან აჩვენა, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში ფლობდნენ სმარტფონს ისინი, მით უფრო მეტად აწუხებდათ მოზრდილობისას სუიციდური ფიქრები, აგრესია, რეალობისგან მოწყვეტა და ჰალუცინაციები.

ფოტო: Elva Etienne/Moment RF/Getty Images

გოგოებში განსაკუთრებული სიმწვავით დაფიქსირდა დაბალი თვითშეფასება, ცუდი თვითაღქმა, თავდაჯერებულობისა და ემოციური ამტანობის ნაკლებობა; ბიჭებში სიმშვიდის სტაბილურობისა და ემპათიურობის ნაკლებობა შეინიშნებოდა მათთან შედარებით, ვისაც პირველი სმარტფონი 13 წლის ზემოთ ასაკში ჰქონდა.

13 წელი მნიშვნელოვან ასაკად იმიტომ მიიჩნევა, რომ მანამდე ბავშვები ნევროლოგიურად და განვითარების მხრივ პერსონალურ სმარტფონებში სოციალური მედიის გამოსაყენებლად მზად არ არიან. ავტორების თქმით, უარყოფით გავლენას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს: კიბერბულინგი, დარღვეული ძილი, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ცუდი ხარისხი და სხვა. ამ მიზეზების გამო, ზრდასრულებში უკვე ისეთი მენტალური პრობლემები იჩენს თავს, რომლებიც სტანდარტული დიაგნოსტირებისას, შესაძლოა, გამორჩეთ.

შესაბამისად, მკვლევრები მშობლებს ურჩევენ, რომ 13 წლამდე ბავშვებს სმარტფონები არ უყიდონ. ისინი მარეგულირებელ სამსახურებსაც მოუწოდებენ, რომ ამ ასაკამდე ადამიანებში ისეთი შეზღუდვები დააწესონ, როგორიც ალკოჰოლსა და თამბაქოზეა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Human Development and Capabilities გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.