ChatGPT-ს სატესტო ფუნქცია ემატება: ბოტი თქვენს პირად ინფორმაციას დაიმახსოვრებს
და დაივიწყებს კიდეც, თუ მოისურვებთ.
ChatGPT-ს სატესტო ფუნქცია ემატება, რომელიც მომხმარებლების შესახებ სხვადასხვა პირადულ დეტალს დაიმახსოვრებს. სატესტო მეხსიერება მხოლოდ მომხმარებელთა ნაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ OpenAI, ჩატბოტის შემქმნელი კომპანიის, ბლოგპოსტიდან ვიგებთ.
ფუნქციის მიზანია, მომხმარებლებს ინფორმაციის გამეორება აღარ მოუწიოთ. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ, სხვა ტექნოლოგიებთან ერთად, ჩვენზე ინფორმაციას უკვე ChatGPT-ც შეაგროვებს.
როგორც ჩანს, დამახსოვრების ფუნქცია ჩატბოტს ავტომატურად დაემატება. მეორე მხრივ, OpenAI-ს ბლოგპოსტის მიხედვით, მის გამორთვას ნებისმიერ დროს შეძლებთ. თუკი მეხსიერება ჩართულია და არ გინდათ, რომ ბოტმა რაღაც დაიმახსოვროს, შეგიძლიათ, მას უბრალოდ მიუთითოთ კიდეც ეს. მაგალითად, ბრძანების მიცემისას რაიმე მსგავსი უთხრათ: "რაღაცას გეტყვი და არ დაიმახსოვრო".
ჯერჯერობით ზუსტად არაა ცნობილი, რას მოიცავს AI მეხსიერების ფუნქცია. OpenAI-ს დემონსტრაციაში ვხედავთ, როგორ მართავს მომხმარებელი მეხსიერებას სპეციალური პარამეტრებით და შემდეგ მოგონებების სია ჩნდება. როგორც ჩანს, იგი ტექსტიდან მოკლედ ამოკრეფილი დეტალებია, თუნდაც ბიოგრაფიული ინფორმაცია ანდა ის, თუ რა მოსწონს მომხმარებელს.
"ქალიშვილი, ლინა, მედუზები უყვარს"; "ურჩევნია, წერასა და ბლოგპოსტებში დახმარება მეტად სხარტი, სწორხაზოვანი და ნაკლებად ემოციური იყოს", — ვკითხულობთ OpenAI-ს დემონსტრაციაში.
ეს, შესაძლოა, საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდეს, რადგან ChatGPT-ს სამუშაოს, ოჯახისა თუ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც ვუზიარებთ ინფორმაციას. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენახულ საუბრებს OpenAI-დან შემთხვევით გაუჟონავს.
მსგავსი პრობლემების საპასუხოდ კომპანია აცხადებს, რომ მომხმარებლებს, რომელთაც ამ ფუნქციაზე მიუწვდებათ ხელი, შეუძლიათ, "დროებითი ჩატის" ვარიანტი აირჩიონ. ასე საუბრისას ბოტი ინფორმაციას აღარ დაიმახსოვრებს — დაახლოებით ისე, როგორც ინკოგნიტო ჩანართი არ იწერს ბრაუზერის ისტორიას.
OpenAI-ს მტკიცებით, ჩატბოტი დელიკატურ მონაცემებს წინასწარ არ შეინახავს, თუ მომხმარებელი ამას მკაფიოდ არ მოითხოვს. ფუნქცია ამ ტიპის ინფორმაციის გაცემისას შემდეგნაირად გიპასუხებთ: "როგორც ჩანს, საკმაოდ დელიკატური მონაცემები გამიზიარე. დავიმახსოვრო?"
OpenAI-ს განცხადებით, ფუნქცია ამჟამად ტესტირების ფაზაშია. იგი ChatGPT-ს უფასო და ფასიანი ვერსიის ზოგი მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი ამ კვირაში, რითაც მისი ფუნქციონირება შემოწმდება. ამის შემდეგ გადაწყდება, დაემატება თუ არა ფუნქცია საბოლოოდ.
კომენტარები