ბრინჯში ძროხის უჯრედების გაზრდით მეცნიერებმა ჰიბრიდული საკვები შექმნეს
მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ლაბორატორიულ ხორცზე, რომლის შექმნაც ნაკლებ ბუნებრივ რესურსს საჭიროებს, ცხოველების დახოცვის გარეშე მიიღება და ადამიანთა მზარდი პოპულაციის საკმარისი საკვებით უზრუნველობა შეუძლია. კორეელმა სპეციალისტებმა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და ჰიბრიდული პროდუქტი შექმნეს, რომელიც ძროხის ხორცსა და ბრინჯს აერთიანებს.
კერძოდ, ახალი მეთოდი ამ მცენარეში ცხოველის კუნთოვანი და ცხიმოვანი უჯრედების გაზრდას გულისხმობს. შედეგად მოვარდისფრო შეფერილობის წებოვანი მარცვლები მიიღება, რომლებიც საკვები ნივთიერებებით მდიდარია, რადგან მათ ორ წყაროს შეიცავს.
ბრინჯში დაახლოებით 80% სახამებელია, 20% კი ცილა და სხვა ნივთიერებები, ამიტომ მსგავსი კვლევებისთვის ის, როგორც ბაზა, გამოსადეგია. ბიოლოგიური სისტემებისთვის ქსოვილთა ფორმირების პროცესში ასეთი "ჩონჩხი" აუცილებელია, ამიტომ მეცნიერები ლაბორატორიულ პირობებში ხშირად ხელოვნურ მატრიცებს იყენებენ.
ახალი მეთოდის ავტორებმა კი იფიქრეს, რომ ბრინჯი, ფოროვანი სტრუქტურის გამო, კარგი ბუნებრივი ალტერნატივა იქნებოდა. მათ მარცვლები ჯერ თევზიდან მიღებული, საკვებად ვარგისი, ჟელატინითა და ფერმენტებით დაფარეს, რათა მასზე მაქსიმალურად დიდი ოდენობის ცხოველური ქსოვილები გაზრდილიყო. შემდეგ იქ ძროხის ღეროვანი უჯრედები მოათავსეს და 9-11 დღის განმავლობაში გაზარდეს.
როცა საბოლოო პროდუქტი გასინჯეს, აღმოაჩინეს, რომ ბრინჯი ჩვეულებრივზე უფრო მაგარი და მტვრევადი იყო. რა თქმა უნდა, შეიცვალა მისი კვებითი შემადგენლობაც, რადგან მასში 8%-ით მეტი ცილა და 7%-ით მეტი ცხიმი გვხვდება.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ ტექნოლოგიით ჰიბრიდული ბრინჯის დამზადება ნაკლებ ხარჯთან და ემისიებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ასეთი ყოველი 100 გრამი ცილის წარმოება 6.27 კილოგრამ ნახშირორჟანგთანაა დაკავშირებული, როცა ძროხის ხორცის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 100 გრამზე 49.89 კილოგრამია. ამასთანავე, ყოველ კილოგრამზე ჰიბრიდული ბრინჯის ფასი ხორცის მხოლოდ დაახლოებით 15% იქნება.
ახლა მთავარი მიზანი ჰიბრიდული ბრინჯის შესაქმნელად საჭირო დროის შემცირება და მასში ცხოველური ქსოვილების შემცველობის გაზრდაა
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Matter გამოქვეყნდა.
კომენტარები