ახალი მეთოდით შესაძლებელია, ლურჯ ყველს შეფერილობა შევუცვალოთ
მეცნიერებმა ახალ მეთოდს მიაგნეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ლურჯ ყველს ფერი შევუცვალოთ და ის ყვითლად, მომწვანოდ, წითლად, მოყავისფროდ ან ვარდისფრად ვაქციოთ.
ამ საკვები პროდუქტის ასეთ შეფერილობასა და სპეციფიკურ გემოზე ძირითადად სოკო Penicillium roqueforti არის პასუხისმგებელი. მეტის გასაგებად ნოტინგემის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა კვლევა ლურჯი ყველის ნაირსახეობების დასამზადებლად საჭირო პროცედურების შეისწავლით დაიწყეს.
სხვადასხვა მეთოდის ანალიზის შედეგად მათ შექმნეს რამდენიმე სოკოვანი შტამი, რათა ესა თუ ის ფერი მიეღოთ.
პირველ რიგში, სოკოები უნდა გამრავლებულიყო, რისი მიღწევითაც მეცნიერებმა ახალი გემოები მიიღეს, მათ შორის საშუალოდ ინტენსიური და მძაფრი. ამის შემდეგ შტამების ვერსიები შექმნეს, რომელთა ფერებიც განსხვავებული იყო.
მკვლევრებმა გამოავლინეს ის ბიოქიმიური გზები, რომლებიც ყველში ლურჯი პიგმენტის ნელ ფორმირებას განაპირობებს. ეს პროცესი თეთრი შეფერილობით იწყება და მრავალფეროვან ცვლილებებს განიცდის, როგორიცაა მომწვანო-მოლუჯო, მოყვითალო-მომწვანო, მოწითალო-მოყავისფრო-მოვარდისფრო, მუქი ყავისფერი, მკრთალი ლურჯი და, საბოლოოდ, მკვეთრი ლურჯი გრადაციები.
ფერთა ამ ერთგვარი ევოლუციის პროცესში სპეციალისტებმა გენეტიკური ჩარევის გარეშე ზოგიერთი გრადაციული ეტაპი დაბლოკეს, რის შედეგადაც კონკრეტული შეფერილობის მქონე შტამები მიიღეს, რომელთა გამოყენებაც ყველის წარმოებაშია შესაძლებელი.
სათანადო მოწყობილობებით მათ გემოებიც შეაფასეს. დადგინდა, რომ ეს მახასიათებელი თავდაპირველი შტამების მსგავსი იყო, მაგრამ მცირე სხვაობები მაინც დაფიქსირდა. ყველი მათ უნივერსიტეტში მოხალისეებსაც გაასინჯეს.
"აღმოჩნდა, რომ როცა უფრო მკრთალი შეფერილობის შტამებს სინჯავდნენ, ეგონათ, რომ გემოც საშუალო სიმძაფრის იყო, მუქი შტამების შემთხვევაში კი უფრო ინტენსიური", — ამბობენ ავტორები.
ისინი თანამშრომლობენ კომპანია Myconeos-თან, რომელიც ბაზარზე სხვადასხვა ფერი ყველის შეტანას გეგმავს. შესაბამისად, მალე შესაძლოა, ფერადი ყველი ხელმისაწვდომი იყოს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში npj Science of Food გამოქვეყნდა.
კომენტარები