მცირე ზომის ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლი დააფიქსირეს
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან 97 სინათლის წლის მოშორებით მდებარე, GJ 9827d-ის სახელით ცნობილი, ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლის კვალს მიაგნო. მისი დიამეტრი დედამიწისას დაახლოებით ორჯერ აღემატება, ასეთი მცირე ზომის ციურ სხეულზე კი წყალი აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ.
"ესაა პირველი შემთხვევა, როცა ატმოსფერული კვლევით პირდაპირ დავადგინეთ, რომ სხვა ვარსკვლავების გარშემო წყლით მდიდარი ატმოსფეროს მქონე პლანეტების არსებობა შესაძლებელია", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, უკანასკნელი შედეგები დედამიწის მსგავსი ობიექტების მახასიათებლების შესწავლისა და მყარი პლანეტების ატმოსფეროების მრავალფეროვნების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, GJ 9827d-ს წყალბადის აირადი გარსი აქვს წყლის ორთქლის მცირე შემადგენლობით თუ მან ვარსკვლავის რადიაციის გამო თავდაპირველი ატმოსფერო დაკარგა და წყლის ორთქლი შეინარჩუნა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც ეგზოპლანეტის მცირე ზომითაა განპირობებული. ისინი აღნიშნავენ, რომ უნდა არსებობდეს გარდამავალი პატარა ობიექტები, რომელთა ატმოსფეროშიც წყალბადი აღარაა, არამედ იქ, ვენერას მსგავსად, ნახშირორჟანგი ჭარბობს. GJ 9827d სწორედ ვენერასავით ცხელია.
///
მკვლევართა ერთი ჰიპოთეზით, ის შესაძლოა, მინი ნეპტუნის ტიპის ეგზოპლანეტა იყოს, დიდი ოდენობით წყალბადითა და მცირე ოდენობით წყლის ორთქლით. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, GJ 9827d ნახევრად კლდოვანი და ნახევრად წყლიანი ციური სხეულია, რომლის ატმოსფეროც წყლის ორთქლითაა მდიდარი.
ის შესაძლოა, ვარსკვლავისგან მოშორებით წარმოქმნილიყო, სადაც წყალი ყინულის სახით გვხვდება, შემდეგ კი ამჟამინდელ ორბიტაზე გადანაცვლებულიყო. შედეგად, ეგზოპლანეტა მეტ რადიაციას მიიღებდა, წყალბადი გაცხელდებოდა და გაიჟონებოდა. მეორე მხრივ, არაა გამორიცხული, GJ 9827d მნათობის მახლობლად გაჩენილიყო და წყლის ორთქლის მცირე შემცველობა ჰქონოდა.
მეცნიერების თქმით, ასეთი პლანეტები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით უნდა შევისწავლოთ, რომელსაც ნახშირბადული მოლეკულების დაფიქსირებაც შეუძლია. მათი და ვარსკვლავების შემადგენლობის შედარებით საშუალება გვექნება, ამგვარი ციური სხეულების ფორმირების შესახებ მეტი შევიტყოთ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები