5 აუტანელი პერსონაჟი, რომელმაც ლამის ჩემი საყვარელი სერიალები შემაძულა
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს.
თუ სერიალები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ერთხელ მაინც გამოგიცდია შეგრძნება, როდესაც ზოგიერთი პერსონაჟი იმდენად გაღიზიანებს, რომ ლამის, ეკრანში შეძვრე. მართალია, უამრავი კარგი შოუც მინახავს და პერსონაჟებიც საკუთარი მეგობრებივით შემყვარებია, მაგრამ ისეთ გმირებსაც გადავყრივარ, ჩემი საყვარელი შოუების გადახვევა ან დავიწყება რომ მინატრია.
დღეს სწორედ ასეთ 5 პერსონაჟზე მოგიყვები, რომლებიც მაყურებლების ნაწილს მაინც ძალიან უყვარს, მაგრამ მე თუ მკითხავ, აუტანლები არიან.
1. როს გელერი (მეგობრები / Friends)
შეიძლება, ამ სიაში როსის დანახვამ გაგაკვირვოს, რადგან ის ლეგენდარული მეგობრების ექვსეულის ნაწილია და შოუ მის გარეშე ისეთი სახალისო ნამდვილად ვერ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, სერიალის სეზონების სვლასთან ერთად, დევიდ შვიმერის ეს სახასიათო პერსონაჟი თანდათან უფრო და უფრო გამაღიზიანებლად იქცა და აი, რატომ:
სერიალის დასაწყისში როსი და მისი ცოლი ქეროლი ახლახან დაშორებულები არიან და როსი ცდილობს, განქორწინების ტკივილი გადაიტანოს. თავიდან მის მიმართ თანაგრძნობაც გამიჩნდა და ვიფიქრე, რომ ამ კარგ პერსონაჟს ცხოვრება უსამართლოდ ექცევა, მაგრამ როცა კარგად გავიცანი, თანდათან მივხვდი, რომ როსი არც ისეთი მსხვერპლია, როგორადაც თავს გვაჩვენებს.
ერთ-ერთი პირველი, რაც როსზე მახსენდება, სწორედ მისი დანგრეული ურთიერთობებია — სამი განქორწინება, რაც შემთხვევითი სულაც არაა. გახსოვს, როსმა მე-2 სეზონში თავის მაშინდელ შეყვარებულ ჯულის რეიჩელთან რომ უღალატა? ან ის, მის საცოლე ემილის საკურთხეველთან რეიჩელის სახელი რომ დაუძახა? ზოგიერთი მაყურებელი ამას იმით ამართლებს, რომ როსის ერთადერთი ნამდვილი სიყვარული რეიჩელი იყო, თუმცა მოდი, გადავხედოთ მათ ურთიერთობასაც.
მას შემდეგ, რაც წყვილმა შეხვედრა დაიწყო, რეიჩელი მოდის სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმის ნაცვლად, რომ როსს მისთვის მხარი დაეჭირა, აგრძნობინებდა, რომ მისი სამუშაო იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო და მოტივაციის მიცემის ნაცვლად, რეიჩელის თანამშრომელ კაცებზე ეჭვიანობდა. მან შეყვარებულს სამსახურშიც კი მიაკითხა, იმისათვის, რომ "თავისი ტერიტორია მოენიშნა", ხოლო როცა რეიჩელთან ამის გამო კამათი მოუვიდა და წყვილმა ურთიერთობაში შესვენება აიღო, როსმა იმავე ღამეს უღალატა. შემდეგ სეზონებში ერთ-ერთი მთავარი ხუმრობაც სწორედ იმაზე კამათია, ითვლება თუ არა როსის ქცევა ღალატად, რადგან "ფორმალურად ურთიერთობაში არ იყვნენ".
საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ როსი ხშირად მანიპულირებდა და ატყუებდა გარშემომყოფებს. მაგალითად, როსი რეიჩელთან ისე ცხოვრობდა, რომ იმდროინდელ შეყვარებულს ამას უმალავდა. ის კი არა, მას შემდეგ, რაც როსი და რეიჩელი ვეგასში მთვრალები დაქორწინდებიან, როსი რეიჩელს ატყუებს, რომ განქორწინების საბუთებზე იზრუნა. სინამდვილეში ასე არ ყოფილა, რადგან როსს "სამჯერ განქორწინებულის" სტატუსი არ უნდოდა.
ცუდ რომანტიკულ პარტნიორთან ერთად, ის ცუდი მამაცაა, რადგან ბენს საკმარის ყურადღებას არასოდეს უთმობდა. ამასთან, არაპროფესიონალი თანამშრომელიც, რადგან ლექტორობის პერიოდში თავის სტუდენტთან ჰქონდა რომანი.
2. რორი გილმორი (გილმორის გოგოები / Gilmore Girls)
სერიალ Gilmore Girls-ის დედა-შვილი, ლორელაი და რორი მაყურებელს თავს მარტივად აყვარებს, ამიტომ იმის აღიარება რთულია, რომ რორის პერსონაჟი პირველი სეზონიდან შოუს ბოლომდე, განვითარების ნაცვლად, უკან-უკან წავიდა. თუ თავიდან ის ჭკვიანი, მხიარული და მიზანდასახული თინეიჯერია, რომელიც ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს და დიდი ოცნებები აქვს, თანდათან ეგოისტ და გათამამებულ გმირად იქცევა.
ერთი მხრივ, ეს გასაკვირიც არ ყოფილა — რორი ქალაქში ყველას უყვარდა და მთელი ცხოვრება იმას აჯერებდნენ, რომ განსაკუთრებული იყო. შემდეგ კი, როდესაც თავის ქალაქს გასცდა და კოლეჯში სწავლა დაიწყო, მიხვდა, რომ მისნაირი მონდომებული სტუდენტები, რომელთაც იგივე ოცნებები ჰქონდათ, იშვიათობა სულაც არ იყო.
პერფექციონისტ რორის, რომელიც მიჩვეული იყო, რომ რასაც მოინდომებდა, ყველაფერი გამოსდიოდა, კრიტიკის მიღება უჭირდა. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე მეტი ემუშავა და უფრო მეტი ებრძოლა ოცნებებისთვის, გადაწყვიტა, რომ მისგან კარგი ჟურნალისტი ვერ დადგებოდა და იელში სწავლას თავი დაანება.
ჩემი აზრით, რორი გარშემომყოფებსაც უსამართლოდ ექცეოდა, მაგალითად, ლორელაის, რომელმაც მისთვის ყველაფერი გააკეთა. მაშინ, როდესაც დედამ რორის კოლეჯიდან აკადემიურის აღების გადაწყვეტილება არ მოუწონა, ის საცხოვრებლად ბებია-ბაბუასთან გადავიდა და დედამისთან კონტაქტი გაწყვიტა. ასევე მოიქცა მაშინაც, როცა დედამ ცოლიან კაცთან რომანის გაბმის გამო გააკრიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ რორის დადებითი მხარეებიც აქვს, ვფიქრობ, რომ ის ლეინისთვის კარგი მეგობარი არ ყოფილა, განსაკუთრებით, გვიან სეზონებში. მათი საუბრები ძირითადად რორის გარშემო ტრიალებდა, რომელიც ნაკლებად ინტერესდებოდა იმით, თუ რა აწუხებდა მეგობარს.
რაც შეეხება მის სასიყვარულო ურთიერთობებს, რორიმ მის ორ შეყვარებულს, დინსა და ლოგანს უღალატა. რორის პირველი შეყვარებული დინი იყო. მასთან ურთიერთობისას რორიმ ტრისტანსა და ჯესს აკოცა, თუმცა ამის შესახებ დინისთვის არაფერი უთქვამს, უკვე შემდეგ სეზონებში კი მასთან რომანი გააბა, მაშინ, როცა დინს ცოლი ჰყავდა და თავი იმით იმართლა, რომ დინი ლინდსისთან უბედური იყო.
3. დერეკ შეპარდი (გრეის ანატომია / Grey's Anatomy)
დერეკი გრეის ანატომიის გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია, თუმცა მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. მართალია, მერედითისა და დერეკის წყვილს კარგი მომენტებიც ბევრი ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩემთვის დერეკი უფრო მეტად უარყოფითი პერსონაჟია, ვიდრე დადებითი, განსაკუთრებით კი, ეს სწორედ მერედითთან ურთიერთობაში ჩანს.
დერეკს სერიალის დასაწყისშივე ვეცნობით და მისი მთავარ პერსონაჟთან რომანიც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. სეზონის ბოლოს ირკვევა, რომ თურმე, შეპარდს ცოლი ჰყავს, რომელიც სიეტლში მოულოდნელად ჩამოვა, იქამდე ეს ფაქტი დერეკს არასდროს უხსენებია. უკვე შემდეგ ის ედისონთან დარჩენას გადაწყვეტს, მაგრამ არც მერედითს აძლევს მისი დავიწყების საშუალებას და თავს მუდმივად ახსენებს, ბოლოს კი ედისონს მასთან ღალატობს.
აქაც, ისევე, როგორც როსის შემთხვევაში, შეიძლება, მისი ეს ქმედებები შეცდომებად ჩავთვალოთ და ვთქვათ, რომ რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მერედითი უყვარდა. მეც ვფიქრობ, რომ სერიალის მთავარ წყვილი ერთმანეთზე შეყვარებული იყო, თუმცა დერეკი პარტნიორს ურთიერთობის პერიოდშიც უსამართლოდ ექცეოდა.
მაგალითად, როდესაც წყვილი ალცჰაიმერთან დაკავშირებულ კვლევას იწყებს და წარმატებასაც აღწევს, დერეკი ჯილდოს მიღებისას მერედითის სახელს არც კი ახსენებს. ამასთან, სწორედ დერეკის არაპროფესიონალიზმი ხდება მიზეზი, რის გამოც მერედითი ნეიროქირურგიის დარგს არ ირჩევს. მოგვიანებით, როდესაც წყვილი დაქორწინდება და შვილებიც ჰყავთ, დერეკი მას ცუდ დედობას აბრალებს, ბოლოს კი ღალატობს კიდეც.
4. ემილი კუპერი (ემილი პარიზში / Emily in Paris)
ეს ის შემთხვევაა, როდესაც მაყურებლები ერთხმად ვთანხმდებით, რომ ემილი კუპერი გამაღიზიანებელი პერსონაჟია და შოუს მთავარი ხიბლიც სწორედ ესაა. სერიალი იმდენად ცუდია, რომ მის ყურებას უბრალოდ ვერ ვწყვეტთ.
შეუძლებელია, აქ ემილის ჩაცმულობა არ ვახსენოთ, რომელიც მუდმივი განხილვის საკითხად იქცა — მაყურებლები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, სერიალის შემქმნელები მის ტანსაცმელს სპეციალურად არ უხამებენ ერთმანეთს თუ თვლიან, რომ საფრანგეთში ადამიანები ასე იცვამენ.
ემილი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც პარიზში მარკეტინგულ ფირმაში სამუშაოდ გადმოდის და რატომღაც, გადაწყვეტს, რომ იქ მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელზე უფრო კომპეტენტურია. იმის ნაცვლად, რომ ფრანგულ კულტურასთან და სამუშაო ეთიკასთან მორგება სცადოს, ყველას ზემოდან უყურებს და ირგვლივმყოფებს თავს არაპროფესიონალებად აგრძნობინებს, შემდეგ კი უკვირს, რომ არავის არ მოსწონს.
ასევე, მართალია, გულუბრყვილო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ყოველთვის ახერხებს, რომ სხვა თანამშრომლებს თავის დამკვიდრების შანსი წაართვას და მათი საქმე მიითვისოს. ემილი მაღალი მორალური პრინციპებით პირად ურთიერთობებშიც არ გამოირჩევა. პარიზში გადმოსვლის შემდეგ მას თავისი მეზობელი გაბრიელი მოეწონება და მასთან რომანს გააბამს, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად გაბრიელის შეყვარებულ კამილთანაც მეგობრობს.
5. მისტერ ბიგი (სექსი დიდ ქალაქში / Sex and the City)
მისტერ ბიგს გულშემატკივრები მთავარი პერსონაჟის, ქერის, ცხოვრების მთავარ სიყვარულად მიიჩნევენ. მართალია, მისტერ ბიგმა ჩემი ყურადღებას თავისი ქარიზმით მარტივად მიიქცია, თუმცა თუ ამას გვერდით გადავდებ, ხელში საკმაოდ ეგოცენტრული პერსონაჟი შემრჩება. ორიგინალ შოუს 6 სეზონი, ორი ფილმი და 20 წლის შემდეგ გადაღებული გაგრძელებაც აქვს, თუმცა ეს დროც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მისტერ ბიგი საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო იმაზე, რა უნდა.
წყვილი ერთმანეთს უამრავჯერ დაშორდა და შეურიგდა და ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მისტერ ბიგს ქერისთან ყოფნა უნდოდა, თუმცა ამისთვის ზედმეტი ძალისხმევა ენანებოდა საბოლოოდ კი, როცა წყვილი დაქორწინებასაც გადაწყვეტს, ბიგი ქერის საკურთხეველთან მიატოვებს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც მისტერ ბიგი ქერისთან ყოფნას თავს არიდებს ისაა, რომ მისი აზრით, ქერი მისი ცხოვრების სტილისთვის შესაფერისი და საკმარისად კარგი არაა, მაგრამ არც იმას უშვებს, რომ ქერიმ დაივიწყოს. საბოლოოდ, წყვილი მაინც ერთად რჩება, სანამ ახალ სერიალში And Just Like That ბიგი გულის შეტევით არ მოკვდება.
საბოლოოდ, უნდა ვაღიარო, რომ ერთი საძულველი პერსონაჟი ყველა სერიალს სჭირდება, რადგან სხვა შემთხვევაში, არც ამხელა სტატიას დავწერდი.
იხილეთ ასევე:
- ჩცდ-ის 6 პერსონაჟი, რომელიც სულაც არაა დადებითი სახე
- სერიალების 10 უპრობლემო კაცი პერსონაჟი, რომელიც გვინდა, რომ ნამდვილი იყოს
- 7 პერსონაჟი, რომელიც ძალიან გგავს
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
კომენტარები