როგორ გავა დრო მარსისკენ მიმავალი ასტრონავტებისთვის — დროის გამრუდების ეფექტი
როდესაც ასტრონავტები მარსზე გაემგზავრებიან, ისინი დროის გამრუდების ეფექტს განიცდიან. რეალურად, ეს ეფექტი ყველგანაა. მაგალითად, ჩვენი ფეხისთვის დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე თავისთვის.
ეს ყველაფერი დროის ფარდობითობით იხსნება. დროის მსვლელობა დაკავშირებულია დამკვირვებელთან, რაც დამოკიდებულია მის სიჩქარეზე და იმაზე თუ რამდენად დიდი გრავიტაციული ველია ახლოს. ეს ფენომენი ფარდობითობის სპეციალური და ზოგადი თეორიებით იხსნება.
ცნობილია, რომ გრავიტაცია სივრცე-დროს ამრუდებს. შედეგად, რაც უფრო ძლიერია გრავიტაცია, მის გარშემო უფრო ნელა მიედინება დრო. აღსანიშნავია, რომ ეს ფარდობითად ხდება, ანუ ადამიანი ამას უშუალოდ ვერ იგრძნობს, მაგრამ სხვასთან შედარებით მისთვის დრო ნელა გავა. სწორედ ამიტომ, რადგან ფეხი დედამიწის ცენტრთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თავი, დრო მისთვის უფრო ნელა გადის. ამ შემთხვევაში საუბარია წამის მემილიარდედებზე, მაგრამ მაინც.
რაც უფრო შორდებით დედამიწის გრავიტაციას — ვთქვათ, ცათამბჯენის თავზე ცხოვრობთ — მით უფრო გამოხატულია დროის გამრუდების ეფექტი (მიწაზე დამკვირვებლებთან შედარებით). თუმცა, ამ ეფექტის გაზომვა ფაქტიურად შეუძლებელია.
რაც შეეხება ასტრონავტებს, რომლებიც ნულოვანი გრავიტაციის გარემოში დიდხანს ცხოვრობენ, ეფექტი უფრო გამოხატულია. თუმცა, აქ კოსმოსური სადგურის სიჩქარის ფაქტორიც მოქმედებს.
"იმის გამო, რომ ასტრონავტები კოსმოსში არიან, მათთვის დრო უფრო სწრაფად გადის. თუმცა, აქ მეორე ფაქტორიც მოქმეებს და ეს თანამგზავრების სიჩქარეა. როდესაც სწრაფად მოძრაობთ ეს დროს ფარდობითად ანელებს", — თქვა ასტრონომმა კოლინ სტუარტმა.
მაგალითად, როდესაც ასტრონავტმა სერგეი კრიკალევმა კოსმოსში 803 დღე დაჰყო, მან ტექნიკურად 0,02 წამით მომავალში იმოგზაურა.
მარსზე 21-თვიანი მოგზაურობისას ასტრონავტები დროის გამრუდებას იგრძნობენ. მათი გადმოსახედიდან, დრო ნორმალურად გაივლის — მაშინ, როცა დედამიწის დამკვირვებლებთან შედარებით განსხვავება რამდენიმე ნანოწამი იქნება. სინათლის სიჩქარის შემთხვევაში დრო ნამდვილად ფარდობითი ხდება, თუმცა, ჩვენი კოსმოსური ხომალდები ამ სიჩქარის განვითარებისგან ბევრად შორს არიან.
თუ ასტრონავტები მარსზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან, მაშინ გრავიტაციული დროის გამრუდების ეფექტი უფრო შესამჩნევი გახდება. The Illinois Physics Van-ის თანახმად, მარსზე 80 წლის განმავლობაში მცხოვრები ადამიანი დაახლოებით 12 წამით ადრე მოკვდებოდა, ვიდრე დედამიწაზე 80 წელი მცხოვრები. მაგრამ მათი გადმოსახედიდან, ეს ასე არ იქნებოდა. ეს უკვე უშუალოდ მარსის შედარებით მცირე გრავიტაციის გამო.
დიახ, სივრცე-დრო საკმაოდ უცნაურია.
კომენტარები