ნახეთ: ჩინური რაკეტის ნაწილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა და აფეთქდა
ჩინეთის სახელმწიფო კოსმოსურმა ადმინისტრაციამ 26 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:26 საათზე, მისია განახორციელა. სიჩუანის პროვინციაში არსებული ხიჩანგის კოსმოდრომიდან დედამიწის ორბიტაზე მათ 2 ხელოვნური თანამგზავრი გაუშვეს, რისთვისაც რაკეტა Long March 3B გამოიყენეს.
ეს სატელიტები BeiDou-ს სანავიგაციო სისტემისთვის გაგზავნეს, რომელიც GPS-ის ეკვივალენტურია. ისინი ორბიტაზე წარმატებით განლაგდა, რაკეტის ორი გვერდითა ამაჩქარებელი კი დედამიწაზე ჩამოცვივდა, კერძოდ გუანსი-ჯუანის რაიონში.
ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. პირველ ვიდეოში ვხედავთ, როგორ ვარდება რაკეტის ერთ-ერთი ამაჩქარებელი ტყეში და ფეთქდება.
მოწითალო-მოყავისფრო კვამლი დიაზოტის ტეტრაოქსიდზე მიანიშნებს, მოყვითალო აირი კი, სავარაუდოდ, ჰაერთან არასიმეტრიული დიმეთილჰიდრაზინის შერევის შედეგად გაჩნდა. ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის საწვავი და მისი კომპონენტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მეორე ვიდეოში Long March 3B-ის სხვა ნაწილის ჩამოვარდნაა ნაჩვენები. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ის დასახლებულ არეალში ეცემა და ფეთქდება, საცხოვრებელ სახლთან საკმაოდ ახლოს.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩინური რაკეტის ფრაგმენტის ხმელეთზე ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არაა. მსგავსი რამ 2019 წელსაც მოხდა, როცა ამაჩქარებელი საფეხური სახლს დაეცა.
პრობლემას ქმნის ისიც, რომ ჩინეთი რაკეტებს სანაპიროებიდან არ უშვებს, რაც ნარჩენების წყალში ჩაცვენას შეუწყობდა ხელს. აპარატების უკონტროლო დაშვებები კი მოსახლეობისთვის რისკის შემცველია.
კომენტარები