იაპონიაში 72 მილიონი წლის წინ მცხოვრები "ლურჯი დრაკონის" ნამარხი აღმოაჩინეს
პალეონტოლოგებმა წყალში მობინადრე პრეისტორიული მტაცებლის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც დღემდე თითქმის სრული სახითაა შემორჩენილი. თეთრი ზვიგენის ზომის მქონე ცხოველს მეცნიერებმა "ლურჯი დრაკონი" შეარქვეს.
ნამარხი დაახლოებით 72 მილიონი წლის წინანდელია და მას იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე, ვაკაიამას პრეფექტურაში, მიაგნეს. ის მოზაზავრების ჯგუფში შემავალ წყლის რეპტილიათა აქამდე უცნობ სახეობას მიეკუთვნება. ეს არსებები დედამიწაზე ცარცულ პერიოდში, 145-66 მილიონი წლის წინ, ბინადრობდნენ.
///
ახალ სახეობას სპეციალისტებმა Megapterygius wakayamaensis უწოდეს, რომლის პირველი ნაწილიც "დიდი ფარფლების მქონედ" ითარგმნება. სწორედ ესაა ამ ცხოველის გამორჩეული მახასიათებელი. მეორენაირად მას Wakayama Soryu-ს უწოდებენ, რაც იაპონურ მითოლოგიაში ლურჯი შეფერილობის დრაკონის სახელს უკავშირდება.
Megapterygius wakayamaensis-ს დელფინის მსგავსი ტანი აქვს, ასევე, ნიჩბისებრი ფარფლები, გრძელი კუდი და ისეთი წაგრძელებული დინგი, როგორიც ალიგატორებში გვხვდება. მას ზურგზე, ზვიგენის მსგავსად, ფარფლიც ჰქონდა, რაც სხვა ამგვარ სახეობებში არ ფიქსირდება.
განსაკუთრებული მახასიათებელი გვერდითა ფარფლების მოსალოდნელზე დიდი ზომაა, რაც წყლის გადაშენებულ და ჯერ კიდევ ცოცხალ ბინადრებში ძალიან იშვიათია. მსგავსი შვერილები, წესით, სხეულის წინა ნაწილში იზრდება, რაც ცურვას უწყობს ხელს, მაგრამ საპირისპირო განლაგებით წყალში გადაადგილება უფრო ძნელი იქნებოდა.
"ტანის ამგვარი მორფოლოგია არსადაა, თევზებიდან დაწყებული, პინგვინებითა და წყლის კუებით დამთავრებული", — ამბობენ მეცნიერები.
მათი ვარაუდით, ამ ფარფლებს "ლურჯი დრაკონი" წყლის სიღრმეში სწრაფად ჩასაყვინთად ან მაღლა ასასვლელად იყენებდა, რისთვისაც მათ ზემოთკენ ან ქვემოთკენ მიმართავდა. ავტორთა აზრით, ფარფლების მეორე წყება Megapterygius wakayamaensis-ს მობრუნებას უადვილებდა.
რაც შეეხება მოზაზავრებს, ისინი დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ და 66 მილიონი წლის წინ დინოზავრებთან ერთად გადაშენდნენ, როცა დედამიწას ასტეროიდი შეეჯახა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Systematic Palaeontology გამოქვეყნდა.
კომენტარები