HAARP (High-frequency Active Auroral Research Program) არის ამერიკული პროგრამა, რომლის მიზანია დედამიწის იონოსფეროს შესწავლა. ის მდებარეობს ალასკის ნახევარკუნძულზე. პროექტს ჯერ კიდევ 1993 წელს ჩაეყარა საფუძველი და უკვე წლებია შეთქმულების თეორიების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა.

შეთქმულების თეორიები HAARP-ის შესახებ

როგორც შეთქმულების თეორიის წყაროები უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, HAARP-ის პროგრამის ფარგლებში ხერხდება ამინდის მართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევა. შესაბამისად, ამავე თეორიის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ აშშ-ს მთავრობა ამ ტექნოლოგიურ უპირატესობას იყენებს თავისი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გასატარებლად. ასევე ზოგიერთი, შედარებით ნაკლებად პოპულარული, შეთქმულების თეორიის მიხედვით, HAARP და მსგავსი პროგრამები ემსახურებიან შედარებით მასშტაბურ მიზანს: ადამიანების გონების კონტროლს.

ფოტო: wpafb.af.mil - HAARP ალასკაში

შეიძლება ითქვას, რომ HAARP კონსპირაციის თეორიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და გვევლინება, როგორც ერთი მსხვილი ნაწილი "ახალი სამყაროს წესრიგის" თეორიისა. ამ თეორიას რომ მივყვეთ, არსებობს მსოფლიო ფარული ელიტა, რომლის პრეროგატივა მსოფლიოს გაკონტროლებაა და, შესაბამისად, ამისთვის იყენებს ყველა თანამედროვე რესურსს, მათ შორის HAARP-ს. ეს თეორია იმდენად გავრცელებული და მასშტაბურია, რომ 2010 წელს ვენესუელას პრეზიდენტმა, უგო ჩავეზმა, პირდაპირ HAARP-ს დააბრალა კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი შვიდბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა.

ამ კონკრეტულმა შეთქმულების თეორიამ საქართველომდეც მოაღწია. საზოგადოებაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს HAARP-ის ნაგებობა საქართველოშიცაა განლაგებული და ის იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს. მათ შორის, შოვის ტრაგედიასაც ამ ნაგებობას უკავშირებდნენ. შემდგომში გაირკვა, რომ ნაგებობა, რომელზეც თეორიის მიმდევრები მიანიშნებდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მეტეოროლოგიური რადარი იყო...

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. შეთქმულების თეორიების მოყვარულები HAARP-ის პროექტს ასევე უკავშირებდნენ 6 ნოემბერს საქართველოს ღამის ცაზე გამოჩენილ ავრორას. ავრორა ბუნებრივი მოვლენაა და გამოწვეულია მზიდან წამოსული მაღალენერგეტიკული ნაწილაკების ატმოსფეროს ნაწილაკებთან დაჯახებით, რის შედეგადაც ატმოსფეროს ნაწილი სხვადასხვა ფრად ნათებას იწყებს. ამ პერიოდში ავრორა გამოჩნდა ევროპის მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში.

ასევე იხილეთ: რა არის პოლარული ციალი და ვიხილეთ თუ არა ის საქართველოშიც?

ფოტო: ajaratv.ge - ავრორა რაჭაში

საგულისხმოა, რომ ნოემბრის დასაწყისში HAARP-ის ცენტრი ალასკაზე ნამდვილად ატარებდა გამოკვლევებს, თუმცა ის გავლენა, რომელსაც ეს პროექტი ახდენს იონოსფეროზე, იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ კვლევითი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი მისი შემჩნევა.

აღნიშნული ავრორა უკავშირდება რამდენიმე დღით ადრე მზის ზედაპირზე მომხდარ გიგანტურ პლაზმურ ამოფრქვევას, რომელსაც კორონარულ ამოფრქვევასაც უწოდებენ. სწორედ მზიდან წამოსულმა პლაზმამ გამოიწვია ავრორა, თუმცა ამ შემთხვევაში ამოფრქვევა ჩვეულებრივზე ძლიერი აღმოჩნდა და, შესაბამისად, ავრორაც — უფრო მაშტაბური.

///

და მაინც, რას წარმოადგენს HAARP-ის კვლევითი პროგრამა?

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რით დაიმსახურა ამხელა აჟიოტაჟი და კონსპირაციის თეორეტიკოსების ყურადღება HAARP-მა, უნდა ჩავიხედოთ ამ პროგრამის კვლევის საგანში.

HAARP არის 300 მილიონიანი პროექტი, რომელიც დისლოცირებულია გარე სამყაროსგან — ის მდებარეობს ალასკაზე, ქალაქებისგან მოშორებით.

მიუხედავად გავრცელებული მითებისა, რომლებიც პროგრამის დასაწყისიდან დღემდე არ კარგავს აქტუალურობას, HAARP თავისი დანიშნულებისამებრ მუშაობს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

პროგრამა არაერთგვაროვანია და მოიცავს რამოდენიმე ქვე-პროგრამას, თუმცა მათ შორის ყველა ეხება დედამიწის იონოსფეროს შესწავლას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ HAARP-ზე, გარდა აკადემიური წრისა, მუშაობენ ამერიკის არმიის მეცნიერებიც, რომელთა საქმიანობის დეტალებიც გასაიდუმლოებულია, რადგან მათი კვლევები ეხება ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან კომუნიკაციას. ცნობილია ისიც, რომ ამ კუთხით ამერიკულ მხარეს დიდი წარმატება მოუტანა HAARP-მა.

თუმცა HAARP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია არის სატელიტური კომუნიკაციების გაუმჯობესება. როგორც ცნობილია, მზის ამოფრქვევები ურთიერთქმედებს იონოსფეროსთან, რომელიც განლაგებულია თანამგზავრს და მიმღებს (დედამიწაზე მდებარე ანტენას) შორის. შედეგად ხშირია სიგნალის დაკარგვა, რომლის აღდგენაც რთული და ხანდახან შეუძლებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მოქმედებს მზის ამოფრქვევები იონოსფეროს პატარა უბანზე, რომ მოხერხდეს სიგნალის ჩახშობის პროგნოზირება და თავიდან აცილება. სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა HAARP.

ფოტო: southtexaslandsurveyor.com

HAARP-ის ცენტრიდან იგზავნება მაღალსიხშირული ტალღები იონოსფეროს მიმართულებით, შემდეგ მეცნიერები აკვირდებიან იონოსფეროში მიმავალ პროცესებს, რაც იძლევა მზის ამოფრქვევის იონოსფეროზე ზეგავლენის მოდელირების საშუალებას. ეს კი სატელიტური კომუნიკაციების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მიუხედავად დიდი რესურსებისა და მრავალფუნქციურობისა, HAARP, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სამეცნიერო პროგრამა, ადამიანების გონების და ამინდის მართვისგან ძალიან შორს არის. მსგავსი კონსპირაციული იდეები სცდება არა მხოლოდ HAARP-ის, არამედ სრულიად ამჟამინდელი სამეცნიერო მიღწევების ფარგლებს.

რატომ არის შეუძლებელი ამინდისა და გონების მართვა?

შესაძლოა ამინდის კონტროლი კერძო კომპანიის ან ქვეყნის ხელში ცუდად ჟღერს, თუმცა ეს დიდი მიღწევა იქნებოდა კაცობრიობისთვის, რადგან შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა ამინდით გამოწვეული კატაკლიზმები (შეგახსენებთ, რომ კატაკლიზმებს მოაქვს როგორც ადამიანური, ასევე კოლოსალური ეკონომიკური დანაკარგი არა რამდენიმე, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, გამონაკლისების გარეშე).

ადამიანებს ამინდის ცვლილების სურვილი ხშირად ყოფითი პირობებიდან გამომდინარე უჩნდებოდათ. შუა საუკუნეებში ქვემეხებსაც ესროდნენ ღრუბლებს, გასაფანტად. ხოლო აშშ-ში მეოცე საუკუნის დასაწყისამდე "წვიმის მომყვანები" (Rainmakers) ცეკვისა და რიტუალების მეშვეობით ცდილობდნენ ამინდის ცვლილებას და ამაში გასამსჯელოსაც იღებდნენ; თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ამერიკული საზოგადოება, შედეგის შემხედვარე, მალევე დაიმუხტა სკეპტიკური განწყობით.

1940-იან წლებში პირველად გამოჩნდა მეცნიერული ხერხი ამინდის შესაცვლელად, კერძოდ ქიმიკოსებმა ვინცენტ შეფერმა და ირვინგ ლამუირმა დაადგინეს, რომ ყინულის კრისტალების ღრუბლებში შეშვების შედეგად შესაძლებელი იყო თოვლის გამოწვევა. მეთოდმა ლაბორატორიაში გაამართლა, თუმცა ნამდვილ ღრუბლებზე ჩატარებული ცდები კრახით დასრულდა.

///

თანამედროვე რეალობაში ცნობილია, რომ ამინდი ქაოტურია და ნებისმიერი მიდგომა, თუნდაც გაუმჯობესებული პროგნოზი, მოითხოვს ქაოსის თეორიის შესწავლა-განვითარებას. და მიუხედავად ბოლო ათწლეულების წინსვლისა ამ მიმართულებით, მეცნიერების აზრით, ამინდის კონტროლი მხოლოდ შორეული მომავლის პერსპექტივაა.

აქვე შევეხოთ გონების კონტროლსაც. გონების კონტროლის ცნება დღევანდელ მეცნიერული ტერმინოლოგიიდან ამოღებულია, რადგან წლების მანძილზე, კვლევებისდა მიუხედავად, ოდნავი მინიშნებაც კი არ არსებობს, რომ ეს მართლაც შესაძლებელია თუნდაც ერთ ინდივიდზე. მით უფრო, როდესაც საუბარია ადამიანთა გონების მასობრივ მართვაზე, ეს დღესდღეობით ფანტასტიკის სფეროა.

ასევე იხილეთ: შეთქმულების თეორიების მიმდევართა ფსიქოლოგია: მეტი, ვიდრე პარანოია

შეთქმულების თეორიები ადამიანის ბუნების ნაწილია, თუმცა მათ ძირითად ნაწილს უარყოფითი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. 21-ე საუკუნეში თანამედროვე მედიახელმისაწვდომობის ფარგლებში ხშირად შევხვდებით არაერთ ცრუ ინფორმაციას, რომელთა ჭეშმარიტებისგან გარჩევა, შესაძლოა, მარტივი არ იყოს. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა თავიდან ავიცილოთ სამეცნიერო კვლევების და ტექნოლოგიური წინსვლის დისკრედიტაცია.

მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.