ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა პროტოპლანეტურ დისკოში ყინული პირდაპირ დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო არსებულ პროტოპლანეტურ დისკოში ყინული დეტალურად ასახა. ეს მსგავსი ყინულის პირველი ორგანზომილებიანი "რუკაა", რომელიც მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ პირდაპირ დააფიქსირა.
ახლად წარმოქმნილი მნათობი, HH 48 NE, ჩვენგან დაახლოებით 600 სინათლის წლითაა დაშორებული. მის გარშემო აირისა და მტვრისგან შემდგარი დისკოა, სადაც პლანეტების ფორმირება მიმდინარეობს. სწორედ ასეთ მატერიაში გაჩნდა დედამიწა და მისი მეზობელი ციური სხეულები. ამგვარი რეგიონების პირდაპირ შესწავლა პლანეტური სისტემების ჩამოყალიბების პროცესზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
მსგავს დისკოში ყინულის არსებობა პლანეტებისა თუ კომეტების წარმოქმნაში დიდ როლს ასრულებს. ეს მტვრის მყარ ნაწილაკებს ერთად მოგროვების საშუალებას აძლევს, შედეგად კი მატერიის შეჯგუფებებს ვიღებთ, რომელთა მასაც ნელ-ნელა იზრდება, რაც ციური სხეულების ფორმირების დასაწყისია.
ასევე, ყინული შესაძლოა, ისეთ მნიშვნელოვან მოლეკულებს შეიცავდეს, როგორიცაა ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი და აზოტი. არაა გამორიცხული, ისინი კომეტებში მოხვდეს, მისი მეშვეობით კი პლანეტების ზედაპირზე აღმოჩნდეს და სიცოცხლის "საშენ მასალად" იქცეს. ყველაფერ ამის გამო, პროტოპლანეტურ დისკოებში ყინულის შემცველობის შესწავლა ასტრონომებისთვის საინტერესოა.
დედამიწის პერსპექტივიდან HH 48 NE გვერდულად ჩანს, ზემოთ და ქვემოთ მატერიის გროვებით. როცა დისკოში ვარსკვლავის სინათლე აღწევს, ის მის შემადგენელ მოლეკულებთან ურთიერთქმედებს და სპეციფიკურ სპექტრულ ემისიას ქმნის. მისი შესწავლის შედეგად სპეციალისტებმა იქ ყინულის სახით ამიაკი, ციანატი, კარბონილსულფიდი და მძიმე ნახშირორჟანგი გამოავლინეს. გამოთვალეს ამ უკანასკნელისა და "ჩვეულებრივი" ნახშირორჟანგის თანაფარდობაც.
მეცნიერები ასკვნიან, რომ შესაძლოა, ამგვარ მატერიაში ნახშირბადის მონოქსიდის ყინული ნაკლებად აქროლად ნახშირორჟანგთან და წყალთან იყოს გაერთიანებული. ეს მას საშუალებას მისცემს, რომ მყარი ფორმით ვარსკვლავთან უფრო ახლოს შენარჩუნდეს და იქ ამგვარი შემადგენლობის პლანეტები წარმოქმნას.
ავტორები გეგმავენ, რომ ვების მონაცემებზე დაყრდნობით სხვა პროტოპლანეტური დისკოებიც გამოიკვლიონ. მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები