იუპიტერი ჩვენს მზის სისტემაში უდიდესი ციური სხეულია, რომლის მასაც დედამიწისას 318-ჯერ აღემატება. ამის გამო მას ძლიერი მიზიდულობის ძალა აქვს, რომლითაც მრავალ ასტრონომიულ სხეულზე მოქმედებს.

მეცნიერებს არაერთხელ აქვთ დაფიქსირებული, როგორ ეჯახება ამ უზარმაზარი პლანეტის შტორმიან ატმოსფეროს საკმაოდ დიდი ზომის ასტეროიდები და კომეტები. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იუპიტერის ასეთ გრავიტაციას ემსხვერპლა, ათობით მეტრი სიგანის იყო და ის ციური სხეულის აირად გარსთან ურთიერთქმედებისას აგვისტოში განადგურდა.

მსგავსი რამ ახლაც მოხდა, კერძოდ, 15 ნოემბერს, როცა იუპიტერზე დაკვირვებისას იაპონელმა მოყვარულმა ასტრონომმა უეცარი ელვარება შენიშნა.

"გასულ ღამეს იუპიტერს რაღაც შეეჯახა. კაშკაშა ნათება ბოლიდია — მეტეორი მის ატმოსფეროში. ის ზედმეტად პატარა იყო იმისთვის, რომ რაიმე კვალი დაეტოვებინა, როგორც ეს 1994 და 2009 წლებში მოხდა", — წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ასტრონომი ჰეიდი ჰემელი.

ის უფრო დიდ ობიექტებთან შეჯახების შემთხვევებს გულისხმობს. მათგან პირველი კომეტა შუმეიკერ–ლევი 9 იყო და მან პლანეტის აირად შრეში მუქი ლაქები გააჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთს დედამიწის მსგავსი დიამეტრი ჰქონდა. თავად ობიექტი გრავიტაციის გავლენით ნაწილებად დაიშალა და თითქმის 1-კილომეტრიანი ფრაგმენტები წარმოქმნა.

უკანასკნელი მოვლენისას იუპიტერის ატმოსფეროში გაცილებით მცირე ზომის სხეული შეიჭრა, რომელიც კომეტის ნაწილები ან ასტეროიდი შეიძლება ყოფილიყო. მან შესამჩნევი ელვარება გამოიწვია, რადგან ხახუნი განიცადა, გაცხელდა და შემდეგ აფეთქდა.

უნდა ითქვას, რომ იუპიტერი ამ მხრივ შიდა მზის სისტემას ფარივით იცავს და დარტყმებს საკუთარ თავზე იღებს. ის რომ არა, დედამიწაზე, მარსზე, ვენერასა თუ მერკურიზე პოტენციურად საშიშ ობიექტებთან უფრო ხშირი შეჯახებები იქნებოდა, ეს კი ჩვენი პლანეტისთვისა და აქ არსებული სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.