შექმნეს კვანტური ტექნოლოგია, რომელიც მხედველობის პრობლემებს აგვარებს
ჩინეთის თვალისა და მხედველობის კვლევის ცენტრმა (CEVR) მსოფლიოში პირველი კვანტური ტექნოლოგია შექმნა, რომელსაც მხედველობის მძიმე დაავადებების მკურნალობა შეუძლია.
Interesting Engineering (IE) ცენტრის ოფიციალურ პირებს ესაუბრა. მათი თქმით, ტექნოლოგიით ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის გამოვლენა და მკურნალობაა შესაძლებელი.
მხედველობის დაკარგვის მთავარი მიზეზი
ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს დაავადება მხედველობის დაკარგვის მთავარი მიზეზია 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. დაავადება გავლენას ახდენს მაკულაზე, ბადურის პატარა, მაგრამ გადამწყვეტ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობაზე. სამწუხაროდ, მისი გამოვლენა ძალიან რთულია და ეს განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე.
აშლილობა მოიცავს სამ ეტაპს: ადრეულს, შუალედურსა და გვიანს. ადრეულ ეტაპზე სიმპტომები არ ჩანს. მხედველობა კარგია და ბადურის სკანირება არ მიუთითებს რაიმე საფრთხეზე, რაც ართულებს დაავადების გამოვლენას.
ეს მაშინ, როდესაც შუალედური და გვიანი სტადიების მქონე პირებს სიმპტომები მოულოდნელად უვლინდებათ და ეს მალე მხედველობის სერიოზულ პრობლემებში გადადის. ამ ეტაპიდან ბადურის გამოსახულებებზე ანომალიების შემჩნევა შესაძლებელია.
"ამ ეტაპიდან პაციენტის განკურნება აღარ შეგვიძლია. გვიწევს ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი შეუქცევადია და ის 10-20 წელში ბრმა იქნება", — ამბობენ CEVR-ის ექსპერტებმა.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მკვლევრების თქმით, მათ ამის საშუალებას მიაგნეს.
"ახალ მოწყობილობას სტრუქტურირებულ სინათლეს ვუწოდებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის პოლარიზებული შუქი კვანტური მდგომარეობებით. სწორედ ამიტომ, ის კვანტური ტექნოლოგიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კვანტური ფიზიკა მხედველობის სამკურნალოდ გამოიყენება. ამ მოწყობილობის გამოყენებით ჩვენ ვქმნით ძალიან სპეციფიკურ ბოჭკოებს, რომლებსაც ოპტიკურ შაბლონებს უწოდებენ, და მივმართავთ მათ ადამიანის თვალისკენ, სადაც მათ შეუძლიათ დაადგინონ აშლილობა ადრეულ ფაზებზე", — განმარტეს მკვლევრებმა.
ახალი სტრატეგია
მკვლევრების თქმით, დაავადების ადრეულ ეტაპზე შეჩერება შესაძლებელია. ამისთვის შეიძლება გამოიყენონ გენეტიკური თერაპია და ლაზერული მკურნალობა. თუმცა, ეს საშუალებები ძალიან ძვირია და არ შეიძლება დაინიშნოს ასიმპტომური ადამიანებისთვის. სწორედ აქ შემოდის ახალი მოწყობილობა, რომელიც ადრეულ დიაგნოზირებისა და მკურნალობის საშუალებას აჩენს.
ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია არ შეიძლება განიკურნოს, მაგრამ მისი პროგრესი შეიძლება შენელდეს. ეს პაციენტის ცხოვრების ხარისხს ბევრად გააუმჯობესებს.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი ტექნოლოგია მალე დაინერგება და მისი გამოყენება ყველას შეეძლება.
კომენტარები