სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება: "ჰუმანოიდი რობოტები" ლონდონი ქუჩებში მოძრაობენ და კაფეში კლიენტებს ემსახურებიან; მათ თავზე რობოტული ნაწილები აქვთ და სპეციფიკურად დადიან, თუმცა სხვა მხრივ რეალური ადამიანებისგან ვერაფრით განასხვავებთ.

ვიდეოს აღწერას თუ დავუჯერებთ, ეს "ჰუმანოიდი რობოტები" იმ პრინციპით შეიქმნა, რომ დაუღალავად იმუშაონ და მომხმარებლებს ადამიან მუშახელზე უკეთ მოემსახურონ. პოსტში მოგვიწოდებენ იმასაც, რომ, თუკი ერთ დღეს ლონდონის ქუჩებში აღმოვჩნდებით, შეგვიძლია, აღნიშნულ ყავის მაღაზიას ვესტუმროთ და რობოტები ვიხილოთ.

პოსტში და მის პირველწყაროში არაა მითითებული არანაირი კონკრეტული კომპანია, რომელმაც მსგავსი რობოტები შექმნა; საიდუმლოდ რჩება ყავის მაღაზიის სახელწოდებაც.

ეს ყველაფერი სიმართლე არაა — "ჰუმანოიდი რობოტები", რომლებსაც ვიდეოში ვხედავთ, სინამდვილეში ასე გადაცმული მსახიობები არიან, რომლებიც Sci-Fi თემატიკის ფილმს არეკლამებენ.

უფრო ზუსტად, "ჰუმანოიდი რობოტები" ფილმის The Creator სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამოჩნდნენ სხვადასხვა ადგილას. ეს Disney-ს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმია, რომელიც აშშ-ში 2023 წლის 29 სექტემბერს გამოვიდა. სიუჟეტი მომავალში ვითარდება, ბირთვული აფეთქებისა და ხელოვნურ ინტელექტთან ომის შემდგომ პერიოდში.

Disney-მ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში AI რობოტების მსგავსად გამოწყობილი მსახიობების ჩვენება დაიწყო სხვადასხვა ადგილას. პირველად ეს 10 სექტემბერს მოხდა ლოს-ანჯელესში, SoFi სტადიონზე, Chargers-Miami Dolphins თამაშზე.

თუ კარგად დააკვირდებით, გავრცელებულ ვიდეოში სახელწოდებას The Creator "რობოტების" ტანისამოსზეც შენიშნავთ. ფილმის Twitter-ის (აწ უკვე X-ის) ოფიციალურ ანგარიშზე ასეთ კიდევ არაერთ ვიდეოს იხილავთ გადაცმული მსახიობებით.

მაგალითად, ამ ვიდეოში "AI რობოტები" ფილმის სანახავად ემზადებიან.

რობოტიკის კუთხით ამჟამინდელ მიღწევებს (ამაზე არაერთი სტატია დაგვიწერია) თუ გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, მსგავსი ჰუმანოიდი რობოტები მომავალში მართლაც ვიხილოთ. მიუხედავად ამისა, არა, ის, რასაც ამჯერად ვიდეოზე ვხედავთ, რობოტების "აღზევება" ნამდვილად არ არის — ისინი უბრალოდ გადაცმული მსახიობები არიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.