ნახეთ NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "კოსმოსური ხელი" გადაიღო
NASA-ს ახალმა რენტგენულმა ტელესკოპმა მასიური ვარსკვლავის აფეთქების შემდგომ ფორმირებული წარმონაქმნი დააფიქსირა, რომელიც ფორმით ხელს მოგაგონებს. ის MSH 15-52-ის სახელითაა ცნობილი და პულსართან, ანუ სწრაფად მბრუნავ, მძლავრი ნაკადების გამომყოფ ნეიტრონულ ვარსკვლავთანაა დაკავშირებული, რომლის დამუხტული ნაწილაკებიც ე.წ. პლერიონის ტიპის ნისლეულის გაჩენას განაპირობებს.
ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად დარჩენილი პულსარი PSR B1509-58-ია, რომელიც სურათის ცენტრთან ახლოს, "ხელისგულის" ქვემოთ არსებული კაშკაშა არეალის სახით მოჩანს. ის კოსმოსში დამუხტულ ნაწილაკებს გამოყოფს და ადამიანის ხელის მაგვარი კონტურის მქონე ელვარე ნისლეულს წარმოქმნის
ის კოსმოსურმა ობსერვატორიამ IXPE გადაიღო, რომელიც NASA-მ 2021 წლის დეკემბერში გაუშვა. მოწყობილობა MSH 15-52-ს 17 დღის განმავლობაში აკვირდებოდა, რისი წყალობითაც მისი მაგნიტური ველისა და რენტგენული ნაკადების (პოლარიზაციის) შესახებ ახალი დეტალები გამოავლინა. მეცნიერები ამბობენ, რომ "ხელის" მოხაზულობა სწორედ მაგნიტური ველის ხაზებს შეესაბამება.
ტელესკოპის მონაცემების მეშვეობით დადგინდა, რომ პოლარიზაციის დონე განსაკუთრებით მომატებულია MSH 15-52-ის დიდ რეგიონებში, რაც მიუთითებს, რომ იქ ტურბულენტური პირობებია. ამ ყველაფრის შედეგად ნაწილაკებს ერთგვარი ენერგიული ბიძგი მიეცემა, რომელიც სურათზე რენტგენული ნაკადის სახითაა აღბეჭდილი, რომელიც "მაჯის" მიმდებარედაა.
"ჩვენ პულსარის გარშემო მატერიისა და ანტიმატერიის ზეენერგიული ნაწილაკების არსებობის ისტორია გამოვავლინეთ. ეს გვასწავლის, როგორ იქცევიან პულსარები ნაწილაკთა ამაჩქარებლებად", — ამბობენ ავტორები.
MSH 15-52 დედამიწიდან 16 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. პირველად მას აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის მეშვეობით, 2001 წელს დააკვირდნენ, ახლა კი IXPE-ს დახმარებით მასზე უფრო მეტი გავიგეთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები