მარსის სიღრმეში რადიოაქტიური მაგმის "ოკეანეა" — კვლევა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს აპარატის InSight სეისმური მონაცემების ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ რადიოაქტიური მაგმის უზარმაზარი შრეა. ის დაახლოებით 200 კილომეტრ სიღრმეზეა განლაგებული.
ეს შესაძლოა, იმის ახსნაში დაგვეხმაროს, თუ რატომ ჩანდა წითელი პლანეტის ბირთვი უჩვეულოდ დიდი და დაბალი სიმკვრივის. ამ საკითხზე სპეციალისტები უკვე დიდი ხანია, მსჯელობენ.
ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ეს რეგიონი სულ სხვაგვარია — პატარა და მკვრივი, როგორც დედამიწის ბირთვი, მაგრამ მისი ასეთი ზომის "დანახვაში" გარშემო არსებული მაგმის შრე გვიშლის ხელს. უკანასკნელი შედეგები, ასევე, კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს მარსის ევოლუციის ამჟამინდელ ისტორიასაც.
2018 წლიდან მოყოლებული, ასტრონომები ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე სეისმურ აქტიურობას სწორედ InSight-ის მეშვეობით აკვირდებოდნენ. მსგავსი ტალღები პლანეტის სიღრმეში გადაადგილდება, მაგრამ იმდენად შორსაც არა, რომ ბირთვის მახასიათებლები გამოავლინოს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ვარაუდობდნენ, რომ მარსის ბირთვის რადიუსი 1850 კილომეტრი იყო, რაც მის ნაკლებ სიმკვრივეზე მიანიშნებდა. შესაბამისად, ის თხევადი რკინის ერთგვაროვანი სფერო ვერ იქნებოდა, არამედ მეტწილად უფრო მსუბუქი ელემენტებისგან (ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი) შემდგარი რეგიონი. მეცნიერთა ნაწილი ასეთი შემადგენლობის პრობლემურობას აფიქსირებდა, რადგან მსუბუქი ელემენტები, წესით, მილიონობით წლის წინ უნდა აორთქლებულიყო
2021 წელს ამ საიდუმლოს ამოხსნის შესაძლებლობა მოგვეცა, რადგან წითელ პლანეტაზე 2 მძლავრი "მარსძვრა" მოხდა, რომელთა სეისმურმა ტალღებმაც ობიექტის ცენტრამდე ჩააღწია. ეს მონაცემები მათ კომპიუტერულ სიმულაციაში გააერთიანეს და დაასკვნეს, რომ ბირთვის რადიუსი არა 1850, არამედ 1690 კილომეტრია, ანუ იქ თხევადი რკინა ჭარბობს.
ეს ნიშნავს, რომ მარსის ადრინდელ მაგნიტურ ველზე რაღაც სხვა ფენომენიც უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი. საქმე ისაა, რომ მსგავსი ველი ბირთვის გაგრილებისას წარმოიქმნება, მაგრამ მაგმის ფენა ამას ხელს შეუშლიდა.
კომენტარები