რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა პლანეტა მერკურის მიმდებარედ? — კვლევა
ასტრონომებმა მერკურის მაგნიტოსფეროში ე.წ. ქორო ტალღები დააფიქსირეს. ესაა ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც პლანეტების გარშემო არსებულ მაგნიტურ ველებშია, მათ შორის დედამიწის, იუპიტერისა და სატურნისაში.
მეცნიერებმა ზონდ BepiColombo-ს ხელსაწყოს Mio მიერ მოპოვებული მონაცემები შეისწავლეს. ეს აპარატი მერკურის ორბიტაზე 2025 წელს შევა, მასზე დამონტაჟებული მოწყობილობა კი იქ ელექტრომაგნიტურ გარემოს გამოიკვლევს.
აქამდე მზესთან უახლოესი ციური სხეულის ქორო ტალღების შესახებ კითხვისნიშნები არსებობდა, რადგან მერკურის მაგნიტური ველის ინტენსივობა დედამიწისგან განსხვავებულია. კერძოდ, უფრო სუსტია და შედარებით მომცრო მაგნიტოსფეროს ქმნის. ქორო ტალღები კი მაშინ წარმოიქმნება, როცა იქ მაღალენერგიული ელექტრონები გროვდება და მაგნიტური ველის ხაზებს სპირალურად მიუყვება. ამ დროს ისინი გარემომცველ პლაზმაში ტალღურ ნაკადებს ქმნის.
BepiColombo მერკურის ირგვლივ ამ რეგიონს 2021-22 წლებში, მასთან ჩავლისას, დააკვირდა და მაგნიტოსფეროში ტალღებიც დააფიქსირა, რომელთა იდენტიფიცირებაც სპეციალისტებმა შეძლეს. საინტერესოა, რომ ისინი მხოლოდ კონკრეტულ არეალში იყო, ამიტომ ვარაუდობენ, რომ რაღაც მათ სხვა ადგილებში გავრცელებას აფერხებს.
მეცნიერებმა ეს ფენომენი "ქორო ტალღების არახაზოვანი ზრდის თეორიის" მიხედვით განიხილეს. მათ დაადგინეს, რომ მერკურის მაგნიტური ველის ფორმაზე უდიდეს გავლენას ახდენს მზის ქარი, რომელიც, ასევე უნდა ზემოქმედებდეს ქორო ტალღების ლოკალურ გადანაწილებაზეც.
საქმე ისაა, რომ ამ რეგიონში მზის ქართან ასოცირებული წნევა მაგნიტური ველის ხაზებს არღვევს და ისეთ პირობებს ქმნის, რომლებიც ქოქო-ტალღების ფორმირებისთვის ხელსაყრელია. ეს კომპიუტერულმა სიმულაციამაც დაადასტურა. არაა გამორიცხული, ამას კავშირი ჰქონდეს მერკურის რენტგენულ ნათებებთანაც.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები