დაღესტანში ორი პოლიციელი დააკავეს — მათ მოქალაქის წამებაში ედებათ ბრალი, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა
დაღესტანში ორი პოლიციელი, ყურბან დალგატოვის წამების საქმეზე დააკავეს, რომელიც იანვარში, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ გარდაიცვალა.
დაღესტნის უზენაესი სასამართლოს ცნობით, 5 ოქტომბერს ორი ოფიცერი დააკავეს შემდეგი ბრალდებით: "სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება წამების გამოყენებით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია".
ამ დროისთვის, დალგატოვის გარდაცვალების ფაქტზე შვიდი ადამიანია დაკავებული.
35 წლის კაცი სოვეცკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მახაჩკალაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დაკითხვაზე იყო დაბარებული. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა.
დალგატოვს ცოლი და სამი შვილი დარჩა. მისი ქვრივი, ამინა დალგატოვა ამტკიცებს, რომ ქმრის მკვლელობის ამბის დაპოსტვის გამო ანონიმური მუქარა მიიღო.
"ამ პოლიციელებზე ხშირად ვწერ სოციალურ ქსელებში. ვიღაც კი ყალბი გვერდიდან მწერს: "დამშვიდდით, თორემ დაგამშვიდებთ", — განუცხადა დალგატოვამ Caucasian Knot-ს.
"ეს ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, თუმცა ჩემზე არ მოქმედებს".
დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ისინი დალგატოვის გარდაცვალების საქმეს იანვარში იკვლევდნენ.
მათ მაშინვე განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული დალგატოვის დაკითხვაში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიკვდილის ბრალდებით.
მოგვიანებით კომიტეტმა განაცხადა, რომ დალგატოვს ხილული დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. ის ოჯახის ბრალდებებს ციტირებდა, რომ გარდაცვლილი ელექტრო შოკით გულზე დარტყმით იყო ნაწამები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვარში პირობა დადო, რომ პასუხისმგებელ პირებს დააკისრებდა შესაბამის პასუხისმგებლობას. მათ განაცხადეს, რომ "თუ "დასაქმებულთა" ბრალეულობა დადასტურდებოდა, ისინი კანონის დადგენილი წესით დაისჯებოდნენ, ხოლო მათი ხელმძღვანელები კანონის წინაშე აგებდნენ პასუხს".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები