NASA-ს მავალმა მარსზე ავტოპილოტის რეჟიმში რეკორდული მანძილი დაფარა
NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Perseverance წითელ პლანეტაზე რეკორდი დაამყარა, რაც ავტომატური სანავიგაციო სისტემის AutoNav მეშვეობით შეძლო. მან განსაკუთრებულად უსწორმასწორო ზედაპირი წარმატებით გადალახა და ამ რეჟიმში იმაზე მეტი მანძილი დაფარა, ვიდრე ოდესმე.
ავტოპილოტმა მარსმავალს საშუალება მისცა, იმ ქვიანი არეალისთვის აევლო გვერდი, რომელიც ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ორბიტაზე მოძრავი ზონდის სურათებში არ ჩანდა. მისი მანევრები, როგორც წესი, დედამიწიდან მანუალურად კონტროლდება, მაგრამ ამას AutoNav-მაც წარმატებით გაართვა თავი. შედეგად, Perseverance-ის ძვირფასი დრო დაიზოგა და მას მეტი სამეცნიერო კვლევის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა.
ივნისის ბოლოს Perseverance-მა მიაღწია უსწორმასწორო ზედაპირის მქონე რეგიონამდე, რომელსაც Snowdrift Peak ეწოდება. მან იქ ორი ქვა შეისწავლა, შემდეგ კი ავტომატური სანავიგაციო სისტემის წყალობით პირდაპირ ამ ადგილზე გაიარა. მავალმა 759 მეტრი დაფარა, საიდანაც გარკვეული მანძილი ქვების არიდებისთვის საჭირო მანევრების გამო დაემატა. მას რომ სწორ ხაზზე ევლო, 520 მეტრს დაფარავდა.
AutoNav-ის მსგავსი სისტემები NASA-ს აპარატებში 1997 წლიდან გვხვდება. პირველი მავალი, რომელიც ამ მოწყობილობით აღიჭურვა, Sojourner იყო, მაგრამ მისი არასაკმარისი მეხსიერების გამო აპარატს ყოველ 13 მეტრში გაჩერება და ტრაექტორიის გასწორება უწევდა. თითოეულ მომდევნო მავალში სისტემა უმჯობესდებოდა, Perseverance კი ამ მხრივ საუკეთესოა.
"ჩვენი მავალი იდეალური მაგალითია ძველი გამონათქვამის, რომ ორი ტვინი ერთზე უკეთესია. Perseverance პირველია, რომელსაც ერთდროულად მომუშავე 2 კომპიუტერული ტვინი აქვს, რაც მოძრაობისას გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.", — აცხადებენ რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში.
ამჟამად Perseverance ეზეროს კრატერის დასავლეთ კიდის შიდა არეალს იკვლევს. იქ დაშლილი ქვები, დამრეცი ადგილები და დიუნები გვხვდება, რაც მავალისთვის დიდი გამოწვევაა. ამის მიუხედავად, აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში ამბობენ, რომ მზად არიან.
კომენტარები