Facebook-მა ლოგო შეიცვალა — დიზაინის ეს და სხვა ცვლილებები
Facebook-ს ახალი ლოგო აქვს — ეს მისი მშობელი კომპანიის, Meta-ს, ერთგვარი გეგმის ნაწილია, რომ ფეისბუკის "იდენტობის სისტემა" განაახლოს. ამის შესახებ Meta-ს ბლოგპოსტიდან შევიტყვეთ.
ახალი ლოგო წინა ვერსიისგან დიდად არ განსხვავდება — მცირე ცვლილებები მხოლოდ ფერსა და ასო f-ში შევიდა.
"ჩვენი მიზანი იყო, Facebook-ის ლოგოსთვის განახლებული დიზაინი შეგვექმნა, რომელიც უფრო მკაფიო, ელექტრული და გამძლე იქნებოდა", — ვკითხულობთ Meta-ს ბლოგპოსტში.
კომპანიის განცხადებით, მათ ეს Facebook-ის თავდაპირველი ლურჯი ფერის "მეტად თავდაჯერებული გამოხატვით" (ლოგოს ჩამუქებით) გააკეთეს. მათი ჩანაფიქრით, ეს აპლიკაციაში ვიზუალურად უფრო ხელმისაწვდომი იქნება და f ასოსთანაც მეტ კონტრასტს შექმნის.
თავისთავად, ეს Facebook-ის ლოგოს სრული რედიზაინი არაა. Meta-ს თუ დავუჯერებთ, პლატფორმას ყოველდღიურად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ანუ ნებისმიერ ვიზუალურ ცვლილებას საკმაოდ ბევრი ადამიანი იხილავს.
ბლოგპოსტში კომპანიამ მოკლე ვიდეოც ჩასვა, რომელიც დროთა განმავლობაში ლოგოს ცვლილებას ასახავს:
აღსანიშნავია, რომ მცირედით შეიცვალა Facebook-ის სიტყვიერი ლოგოც.
განახლდა რეაქციების ფერთა პალიტრა და ვიზუალიც. ახალი დიზაინი სატესტო რეჟიმშია და მის ხილვას მომდევნო თვეებში შევძლებთ.
"გაფართოებული ფერთა პალიტრის მეშვეობით შევძელით და რეაქციებს მეტი მოცულობა და ემოცია შევძინეთ. ფერები ფერის მისაწვდომობის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ, რათა ჩვენი იკონოგრაფია ნებისმიერ ზომაზე მკაფიო იყოს, ასევე საკმარისად მოქნილი იმისათვის, რომ სხვადასხვა საჭიროებას მოერგოს, და ადამიანებმა მასთან ინტერაქცია მარტივად შეძლონ", — წერს Meta.
Facebook-ის დიზაინში Meta სხვა ცვლილებების შეტანასაც გეგმავს. ბლოგში კომპანიამ ამ სიახლეს "იდენტობის განახლებული სისტემის პირველი ფაზა" უწოდა. შესაბამისად, სამომავლოდ სხვა სიახლეებსაც უნდა ველოდეთ.
კომენტარები