მკვლევრებმა უძველესი ფეხსაცმლის არსებობის მტკიცებულებას მიაგნეს
მკვლევრები უძველესი ფეხსაცმლის მტკიცებულებას სწავლობენ
როდის და სად გაჩნდა პირველი ფეხსაცმელი?
ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად უშუალოდ ფეხსაცმელს ვერ მივაგნებთ. ფეხსაცმელი მალფუჭებადი მასალისგან შედგება, ამიტომ მკვლევრები ნაკვალევს სწავლობენ. თუმცა, არც ეს არის მარტივი.
და აი ახლა, სამხრეთ აფრიკელმა მკვლევრებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ისინი სწორედ უძველესი ფეხსაცმლის კვალს ეძებდნენ.
"ამისათვის ჩვენ გვსურდა გაგვეგო თუ როდის გაჩნდა ისეთი პირველი ხელსაწყოები, რომელიც ფეხსაცმლის შესაქმნელად გამოსადეგი იქნებოდა. ამ მხრივ ორი ადგილი გვაქვს: დასავლეთ ევროპა და სამხრეთ აფრიკის კონცხის სანაპირო", — ამბობენ მკვლევრები.
მათ 70 000 წლიდან 150 000 წლამდე დათარიღებული ნამარხები შეისწავლეს. კვლევამ მეცნიერები კეიპის სამხრეთ სანაპიროსთან მიიყვანა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ადამიანს პირველი ფეხსაცმელი დაახლოებით ამ პერიოდში უნდა შეექმნა. მათ მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ გარემო პირობები გადამწყვეტი იქნებოდა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ კეიპის სანაპიროსთან მიწა უხეშია და აქ ხშირად ბასრი ქვები გვხვდება.
შესაბამისად, უძველესი ადამიანებისთვის აქ ფეხშიშველი სიარული სახიფათო იქნებოდა. ამასთან, ერთია დისკომფორტი და მეორეა ინფექცია, რომელიც მედიცინის არ არსებობის პირობებში ხშირად მომაკვდინებელი იქნებოდა.
ამიტომ, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პირველი ფეხსაცმელი დაახლოებით ამ დროსა და ამ ადგილას უნდა გაჩენილიყო.
ამ მომენტისთვის სამხრეთ აფრიკის კონცხის სამხრეთ სანაპიროზე აღმოჩენილი ნაშთები პირველი ფეხსაცმლის უძველესი მტკიცებულებაა. სწორედ აქ აღმოაჩინეს მკვლევრებმა 350-ზე მეტი ნაკვალევი. რაც საინტერესოა, რიგ შემთხვევებში არ გვხვდება თითის ანაბეჭდები. სწორედ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ადამიანები ამ დროს უკვე ფეხსაცმელს იყენებდნენ.
დასასრულს, ამ ეტაპზე მკვლევრებს ზუსტი პასუხი არ აქვთ და კვლევების გაგრძელებას აპირებენ. თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ შუა ქვის ხანაში ამ ტერიტორიებზე მკვიდრებს ჰქონდათ საშუალება და მოტივი ფეხსაცმლის შესაქმნელად.
კომენტარები