10 ყველაზე გავრცელებული კოშმარული სიზმარი
მირბიხართ, მაგრამ თან ადგილიდან ვერ იძვრით ან ვარდებით, მაგრამ ძირს არა და არ ეცემით — ეს სცენარი, ალბათ, ბევრ თქვენგანს საკუთარი სიზმრებიდან ეცნობა, რაც გასაკვირი არაა. მართალია, სიზმრები უკიდურესად ინდივიდუალური ფენომენია, თუმცა არის გარკვეული "სიუჟეტები", რომლებიც ადამიანებში ძალიან გავრცელებულია.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ისინი უკავშირდება პრობლემებს, რომელთა წინაშეც თითოეული ჩვენგანი დგას, ამიტომ გარკვეული მსგავსებები იკვეთება. 2018 წელს მეცნიერებმა სწორედ ეს საკითხი გამოიკვლიეს და მოხალისეთა 1 200-ზე მეტი კოშმარი გააანალიზეს, რომლებიც კატეგორიებად დაყვეს.
აი, კოშმარების ყველაზე გავრცელებული 10 თემატიკა:
10. შემოჭრა
აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ხშირად გვესიზმრება სახლში უცხო, ან, სულაც, ნაცნობი პირების შემოჭრა, რაც ბევრი ჩვენგანისთვის კოშმარად აღიქმება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, პირდაპირი ან სიმბოლური შიში იყოს.
თუ საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს, მაშინ არაა გამორიცხული, ამგვარი სიზმარი ჭუჭყის, დაავადების ან ნებისმიერი რამის რეპრეზენტაცია იყოს, რასაც თქვენი გონება თაგვებთან, ვირთხებთან ან ტარაკნებთან აიგივებს. შესაძლებელია, ყველაფერი, საკუთარ სახლში დაუცველობის შეგრძნებიდანაც მოდიოდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ინტერპრეტაცია მრავალგვარია და პიროვნებაზეა დამოკიდებული.
9. ბოროტის არსებობა
გქონიათ სიზმარში განცდა, რომ ახლომახლოს სული, დემონი ან ბოროტი უცხოპლანეტელია? ზოგჯერ მათ პირდაპირაც ვხედავთ, რაც კოშმარს მეტად ამძაფრებს. მკვლევრების თქმით, ეს ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც ძილის პარალიზი აღენიშნებათ. მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტები ძილ-ღვიძილის ზღვარზე არიან და უცნაური შეგრძნებები აქვთ.
ხშირად ისინი ამბობენ, რომ ასეთ მდგომარეობაში, თითქოს, ზემოდან რაღაც ბოროტი დაჰყურებთ, რის პარალელურადაც სხეულის გამოძრავებას ვერ ახერხებენ. ხსენებულ არსებას ზოგჯერ ვამპირის ან სხვა რამის სახე აქვს, რადგან ჩვენი ტვინი ამ დროს ნაცნობ კულტურულ სიმბოლოებს უხმობს
"ბებიამ გიამბოთ, რომ თქვენს სოფელს დაღამების შემდეგ სულები და დემონები სტუმრობენ. თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზაში გეღვიძებათ, ხედავთ ჩრდილს, გეწყებათ პანიკა და მეტ სხეულებრივ ჰალუცინაციას ქმნით, რომელსაც თქვენი გონება კულტურულ ნარატივს უსადაგებს. ასე ხედავთ დემონს, რომელიც თქვენკენ მოდის", — ამბობს ნეირომეცნიერი, ბელანდ ჯალალი.
8. კატასტროფა
ხანძრები, წყალდიდობები, ბირთვული აფეთქებები და სხვა კატასტროფები, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულთან ასოცირდება, სიზმრებში ძალიან გავრცელებულია. 2018 წლის კვლევაში ასეთმა სცენარმა მერვე ადგილი დაიკავა და მოხალისეთა სიზმრების აღწერების 4.5%-ში გამოვლინდა.
ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს მომავლის შიშს, რომ რაღაც ცუდი მოხდება. ამის მიუხედავად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამთ ცხოვრებისეულ ცვლილებებს — დადებითად თუ უარყოფითად.
ასევე, ზოგჯერ მსგავს კოშმარებს ხედავენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივი კატასტროფა ნამდვილად დაატყდათ თავს. ამ დროს სიზმრის მეშვეობით ჩვენი ტვინი ტრავმის გადამუშავებას ცდილობს.
7. რაიმეზე ღელვა
ადამიანებს ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვავიწყდა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებთ, რა იყო ეს. მსგავსი ღელვა სიზმრებშიც საკმაოდ გავრცელებულია და კოშმარებში მეშვიდე ადგილს იკავებს.
მეცნიერთა კვლევის მონაწილეები ჰყვებოდნენ, რომ სიზმარში გრძნობდნენ, რაღაც ისე ვერ იყო, თუმცა ვერ ხვდებოდნენ, რა. ეს კი მათ უფრო მეტად აღელვებდა. შესაბამისად, გამოდის, რომ ამგვარი შეფიქრიანება ძილშიც კი არ გვასვენებს.
6. უთანხმოება
კონფლიქტებთან გამკლავება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასე თუ ისე, ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანს უწევს. ეს სცენარი მეექვსე ადგილს იკავებს კოშმარებში, სადაც არაფიზიკური დაპირისპირების მომსწრე ვართ ან მასში ჩვენვე ვმონაწილეობთ.
არაა გამორიცხული, ეს სოციალურ შფოთვებს უკავშირდებოდეს, უფრო კონკრეტულად კი პირად ურთიერთობებთან ასოცირებულს. შესაძლებელია, ეს ისეთი დიალოგის მიმართ შიშის გამოხატულება იყოს, რომელიც გელით ან უკვე მომხდარი კამათის გადააზრებასთან გვქონდეს საქმე.
5. ავადმყოფობა და სიკვდილი
კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებთან და სიკვდილთან დაკავშირებული კოშმარები ათეულის შუაშია. ასეთი სცენარი გამოკითხულთა 11.6%-მა აღწერა, რომელთა თქმითაც, ესიზმრებოდათ, რომ ისინი ან მათი ახლობლები ავად ხდებოდნენ, რომელიმე სენით იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამგვარი კოშმარები კომპლექსურია და ბევრი მოვლენით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც, ისევ და ისევ, ინდივიდუალურია. ზოგჯერ ეს ავადობის ან სიკვდილის მიმართ ზოგადი შიშით, პირად კეთილდღეობაზე კონტროლის არქონის განცდით ან გლოვითაა განპირობებული.
4. ადევნება
არსებობს კოშმარები, რომლებშიც ადამიანი, სული ან სხვა რამ, რასაც ვერ ხედავთ, გედევნებათ. ამ დროს ისეთი რაღაცისგან გაქცევას ცდილობთ, რაც გიახლოვდებათ.
ეს ჩვენთვის უცხო არაა და რაიმესთვის თავის არიდებას უკავშირდება. როგორც წესი, ასეთი სიზმრები სწორედ მსგავსი ცხოვრებისეული მიზეზითაა გამოწვეული და ნიშნავს, რომ შფოთვას განიცდით იმის მიმართ, რისგან თავის დაღწევაც გსურთ.
3. უბედური შემთხვევები
ეს კატეგორია მრავალ ელემენტს აერთიანებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, ვარდნა, დახრჩობა და ა.შ. ის კოშმარებში მესამე ადგილს იკავებს და სიზმრების შესახებ გამოკითხულთა 15%-ის ნაამბობში გვხვდება. საინტერესოა, რომ ვარდნის სცენარი კაცებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში.
ამგვარი კოშმარები შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობის იყოს, ანუ, მაგალითად, სიმაღლის, ავტომობილის მართვის ან წყლის შიშს გამოხატავდეს. ასევე, დასაშვებია, რომ ისინი კონტროლის არქონის, სიკვდილის შიშის ან დაუცველობის რეპრეზენტაცია იყოს.
"თუ კინორეჟისორი ხართ და სრული დაუცველობის წარმოჩენა გსურთ, ვარდნის შესახებ სიზმარი თუ სიტუაცია სწორედ ასეთია. ეს იმიტომ, რომ მსგავს სიზმარში ერთადერთი ის იცი, რომ ჩავარდები და მოკვდები", — ამბობენ მეცნიერები.
2. ფიზიკური აგრესია
კოშმარების ამ სიაში უთანხმოება უკვე ვიხილეთ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებას არ გულისხმობდა. ამის მიუხედავად, მეორე ადგილზე სწორედ მსგავსი აგრესიაა.
ასეთ სიზმრებში შესაძლოა, თავს დაგესხნენ, ჩხუბში ჩაებათ ან სხვა ადამიანების შეხლა-შემოხლას შეესწროთ. ესეც ხშირად სოციალურ შფოთვებს, სისასტიკის მიმართ ან სხვების მხრიდან კრიტიკის შიშს უკავშირდება.
1. წარუმატებლობა
წარუმატებლობა — ეს ისაა, რისიც ბევრ ჩვენგანს რეალურ ცხოვრებაში ეშინია, კოშმარებში კი ის პირველ ადგილზეა. ამ კატეგორიის სიზმრები კვლევაში მონაწილეთა ნაამბობის 18%-ში აღმოჩნდა.
წარუმატებლობაში მოიაზრება, მაგალითად, მიზნის ვერმიღწევა, სადმე დაგვიანება, დაკარგვა, შეცდომის დაშვება, რაიმეს დავიწყება ან დაკარგვა და სხვა. ყველაზე გავრცელებული მაინც გამოცდაში ჩაჭრაა, რომელმაც გამოკითხვაში ყველა კოშმარის 3% შეადგინა.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან ფართო კატეგორიაა, მიზეზებზე საუბარი ძნელია. პოტენციური განმაპირობებელი ფაქტორებია საკუთარ თავში, შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, წარსულში მომხდარი რაიმე არასასიამოვნო მოვლენა და ა.შ.
კომენტარები