ანტარქტიდის თავზე წელს ოზონის ხვრელი ნაადრევად გაჩნდა — რა არის ამის მიზეზი?
ანტარქტიდის თავზე არსებული ოზონის ხვრელი წელს ჩვეულებრივზე ადრე გაჩნდა, რასაც მეცნიერები 2022 წლის იანვარში წყალქვეშა ვულკან ტონგას ამოფრქვევას უკავშირებენ.
სპეციალისტებმა ამ მოვლენიდან მალევე გაავრცელეს პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ამოფრქვევისას დედამიწის ატმოსფეროში 50 მილიონი ტონა წყლის ორთქლის გაფრქვევას. კერძოდ, მათი აზრით, ეს ოზონის შრეზე იქონიებდა გავლენას. სტრატოსფეროში წყლის ორთქლის კონცენტრაცია მართლაც 10%-ით გაიზარდა, რამაც ამ ფენაში ტემპერატურის კლება განაპირობა, ამან კი ოზონის დონეზე იმოქმედა.
ევროპული სააგენტო Copernicus-ის ცნობით, ივლისის დასაწყისში ანტარქტიდის თავზე ატმოსფეროში ოზონის შემცველობა საგრძნობლად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი კლება ბოლო 43 წლის განმავლობაში მხოლოდ 12-ჯერ დაფიქსირდა.
მეცნიერთა მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის აგვისტოს ოზონის ხვრელი სიდიდით მეათე ადგილზეა. ამჟამად მისი ფართობი 16 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღემატება და ზომაში ზრდას სექტემბრის ბოლომდე განაგრძობს. ამ პერიოდში ანტარქტიდაზე თბება, რადგან იქ გაზაფხულის პერიოდი იწყება. ხვრელი დაახლოებით ნოემბრის ბოლოსთვის დაიხურება, მაგრამ შესაძლოა, უფრო დიდხანსაც შენარჩუნდეს.
უნდა ითქვას ისიც, რომ სტრატოსფეროში წყლის ორთქლის მაღალი კონცენტრაცია პოლარული სტრატოსფერული ღრუბლების უფრო აქტიურ ფორმირებას უწყობს ხელს. ისინი 15-25 კილომეტრ სიმაღლეზე წარმოიქმნება და ოზონდამშლელი ნივთიერებებისთვის ხელსაყრელ ქიმიურ გარემოს ქმნის. მართალია, ასეთი ნივთიერებების გამოყენება მონრეალის პროტოკოლით დეკადების წინ აიკრძალა, თუმცა მათ ბუნებრივ დაშლას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ატმოსფეროში ჯერ კიდევ გვხვდება.
მკვლევრების თქმით, პოლარულ ოზონზე დაკვირვება მის კონცენტრაციაზე ისეთი მაპროვოცირებელი მოვლენების გავლენის შესწავლის საშუალებას გვაძლევს, როგორიც ტონგას ამოფრქვევაა. ოზონის შრეზე, სავარაუდოდ, ზემოქმედებს კლიმატის ცვლილებაც, რომელიც ნელ-ნელა უარესდება. საინტერესოა, რომ თუ დედამიწის ზედაპირზე უფრო და უფრო მეტად ცხელა, სტრატოსფეროში პირიქით, ტემპერატურა იკლებს და მეტი ოზონი ნადგურდება.
კომენტარები