შეიძლება თუ არა, რომ ვარსკვლავი ოდესმე პლანეტად იქცეს?
ღამის ცაზე ვარსკვლავები განსაკუთრებულად კაშკაშებს, რადგან ისინი ძალიან ცხელი და ნათელია. მათგან განსხვავებით, პლანეტებზე ბევრად დაბალი ტემპერატურაა, საგრძნობლად მცირეა ზომაცა და მასაც. მნათობებისა და ციური სხეულების შუაში გარდამავალი ობიექტებია, რომელთაც ყავისფერ ჯუჯებს უწოდებენ — შეუმდგარ ვარსკვლავებს, რომლებიც ვერც პლანეტის კატეგორიაში ერთიანდება, რადგან ზედმეტად დიდია.
შესაძლებელია, რომ ვარსკვლავები ან ყავისფერი ჯუჯები პლანეტებად გარდაიქმნას? მეცნიერთა პასუხი "არა" გახლავთ. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ისინი იმას ასახელებენ, რომ ეს ობიექტები სხვადასხვაგვარად ფორმირდება.
მნათობები მაშინ წარმოიქმნება, როცა აირის ღრუბლები გრავიტაციის გავლენით ერთად იყრის თავს. დიდძალი მასის წყალობით, იქ წყალბადზე დაფუძნებული ბირთვული რეაქციები იწყება და გავარვარებულ პლაზმას ვიღებთ. ყავისფერ ჯუჯებს ამისთვის მასა არ ჰყოფნის და მხოლოდ დეიტერიუმის გარდაქმნას ახერხებს.
პლანეტების მსგავსად, ისინი ნელ-ნელა ცივდება, მნათობები კი ფეთქდება და ნარჩენი მატერიით ახალი ვარსკვლავების წარმოქმნას უწყობს ხელს. მათ გარშემო დისკო ჩნდება, სადაც მყარი ფრაგმენტები და მტვერია. სწორედ იქ. უფრო მძიმე ელემენტების შემცველ გარემოში იბადება პლანეტები.
შესაბამისად, ფორმირებასთან დაკავშირებული კრიტერიუმის მიხედვით, ვარსკვლავი პლანეტად ვერასდროს იქცევა.
კიდევ ერთი კრიტერიუმი პლანეტების მოძრაობა იყო, კერძოდ, ვარსკვლავების გარშემო გადაადგილება. ამის მიუხედავად, მოგვიანებით გავიგეთ, რომ ზოგიერთი მნათობი და ყავისფერი ჯუჯა ერთმანეთსაც უვლის გარს, ზოგი პლანეტა კი — სრულიად არაფერს.
გამოდის, რომ ჩვენ წინაშე ასტრონომიული სხეულების მთელი სპექტრია, რაც მათ ზომასაც ეხება. მაგალითად, ვარსკვლავებს სულ მცირე 80 იუპიტერის მასა აქვს, ყავისფერ ჯუჯებს 12-80, პლანეტებს კი უფრო მცირე. ზოგჯერ სხვადასხვა კოსმოსურ ობიექტს შორის თანხვედრა აქაცაა, მაგრამ ფორმირების პროცესში არსებული სხვაობა მკაფიოდ რჩება.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე სარწმუნო კრიტერიუმია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. საინტერესოა ისიც, რომ როგორც 2006 წელს პლუტონმა დაკარგა პლანეტის სტატუსი, არაა გამორიცხული, მომავალში სწორედ ასე კლასიფიცირდეს ზოგიერთი ყავისფერი ჯუჯა პლანეტად, მაგრამ მისი ან რომელიმე ვარსკვლავის ფიზიკური სახეცვლილება, ანუ პლანეტად ქცევა, შეუძლებელია.
ასეა თუ ისე, ჩვენ ყველანი და პლანეტებიც სწორედ ვარსკვლავური მტვრისგან შევდგებით, ამიტომ, გარკვეულწილად, ყოველი პლანეტა ვარსკვლავთა ნაწილია.
კომენტარები