ერთ თვეში აზერბაიჯანში შრომის უფლებების მესამე აქტივისტი დააკავეს
მუშათა პროფკავშირების კონფედერაციის წევრი, რომელიც კურიერების მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებითაა დაკავებული. ის ჯგუფის მესამე წევრია, რომელიც ამ თვეში დააკავეს.
აიხან ისრაფილოვი, რომელიც დემოკრატია 1918-ის მოძრაობის წევრია, 11 აგვისტოს დააკავეს და ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
მანამდე, პირველ აგვისტოს, ასევე დემოკრატია 1918-ის წევრი, კონფედერაციის თავმჯდომარე, აფიადინ მამედოვი, პოლიციის ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. კონფედერაციის კიდევ ერთი წევრი, ელვინ მუსტაფაევი კი აზერბაიჯანის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 აგვისტოს დააკავა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისრაფილოვს და მუსტაფაევს 5-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სამივე მათგანი შრომითი უფლებების აქტივისტია და მონაწილეობდა კურიერების მიერ ორგანიზებულ აქციებში. ისინი საგზაო მოძრაობის ახალ კანონს აპროტესტებდნენ.
კანონპროექტი ტრანსპორტის შესახებ, აზერბაიჯანის პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო და ის სკუტერებისა და მოტოციკლების მძღოლებს, რომელთა ძრავის სიმძლავრე მინიმუმ 50 კმ/სთ-ა ავალდებულებს, სპეციალური კატეგორიის მართვის მოწმობა მიიღონ.
სამირ სულთანოვმა, დემოკრატია 1918-ის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ისრაფილოვი და მამედოვი მათი საქმიანობის, აზერბაიჯანში დემოკრატიისა და შრომითი უფლებების ხელშეწყობისთვის ბრძოლის გამო დააპატიმრეს.
"დაკავებების ტალღა ქვეყანაში ადასტურებს, რომ მთავრობა იყენებს მკაცრ ზომებს მშრომელთა უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დამცველების წინააღმდეგ", — განუცხადა სულთანოვმა OC Media-ს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები