მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში სრულიად ახალი ეკოსისტემა აღმოაჩინეს
მეცნიერთა გუნდმა წყალქვეშა ვულკანის დაბლა აქამდე უცნობი არსებებით სავსე ეკოსისტემა აღმოაჩინა. მათ შორისაა ჭიების სრულიად ახალი სახეობა, ლოკოკინები და ღრმა წყლებში მცურავი რვაფეხები. ამ ყველაფერს სპეციალისტებმა აღმოსავლეთ წყნაროკეანური შემაღლების მიმდებარედ, ჰიდროთერმულ არხებში მიაგნეს, როცა იქაურობას Falkor-ის სახელით ცნობილი გემიდან იკვლევდნენ.
"ვიცით ცხოველები, რომლებიც მიწისქვეშა ღრუებში ბინადრობენ, ოკეანეებში კი ქვიშასა და ტალახში, მაგრამ ჰიდროთერმული არხების დაბლა მათ პირველად მივაკვლიეთ. ეს მართლაც გასაოცარი აღმოჩენაა ახალი ეკოსისტემის, რომელიც სხვა ეკოსისტემის ქვეშ იმალება და ის გვთავაზობს მტკიცებულებას, რომ სიცოცხლე წარმოუდგენელ ადგილებში არსებობს", — აცხადებენ მეცნიერები.
აღნიშნული არხები 1977 წელს, ტექტონიკური ფილების საზღვრის მახლობლად გამოავლინეს. ისინი 10-13 მეტრი სიმაღლისაა და ოკეანეში ცხელ, მინერალებით მდიდარ წყალს აფრქვევს. 368 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაში კვებით ჯაჭვი აქამდე შენიშნეს, რომელშიც ქემოსინთესის მქონე ბაქტერიები, ე.წ. მუცელფეხიანები (ლოკოკინას მსგავსი არსებები), კიბორჩხალები და ჭიები ერთიანდებიან.
ამის მიუხედავად, ჰიდროთერმული არხების ქვემოთა გარემო ამ დრომდე არავის ჰქონდა შესწავლილი.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა რობოტული ხელის მეშვეობით ოკეანის ფსკერზე ბადისებრი ყუთები ნაპრალებში მოათავსეს, მოგვიანებით კი იქ სხვადასხვა ცხოველი დახვდათ. ეს ნიშნავს, რომ ისინი იქ სწორედ ნაპრალებიდან მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანია მოგრძო ჭიები Riftia pachyptila, რომელთა ლარვებიც საბინადრო არეალში სწორედ წყალქვეშა ვულკანებიდან ამოფრქვეული ნაკადების მეშვეობით აღწევენ.
"ამ აღმოჩენით ღრმაწყლოვან ჰიდროთერმულ არხებში არსებული სიცოცხლის შესახებ ჩვენი ცოდნა საგრძნობლად გაიზარდა. იქ ორი დინამიკური გარემოა, ცხოველები ზედაპირის დაბლა და მაღლა ჰარმონიულად ცხოვრობენ. ისინი არხებიდან წამოსულ სითხესა და ზემოთა წყლებიდან მიღებულ ჟანგბადზე არიან დამოკიდებულნი", — ამბობენ ავტორები.
ისინი ახალი ეკოსისტემის გამოკვლევას განაგრძობენ, მათი ნაშრომი კი მიმდინარე წელს გამოქვეყნდება.
კომენტარები