როგორი იქნება შემდეგი თაობის კოსმოსური სადგური
ამერიკული Voyager Space და ევროპული Airbus Defense and Space ერთობლივ პროექტზე მუშაობას იწყებენ. მათი მიზანია შექმნან შემდეგი თაობის, კერძო კოსმოსური სადგური. Starlab ახალი კოსმოსური სადგური იქნება, რომელიც ნაწილობრივ NASA-ს ISS-ის მემკვიდრედაც მოგვევლინება.
როგორც Airbus-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს აშშ-სა და ევროპის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია.
"Airbus-თან ერთად მომავალს ვქმნით. საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო და ახლა ჩვენ მის გზას ვაგრძლებეთ. ამით ჩვენ კოსმოსური სააგენტოებისა და კომერციული კომპანიების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შევძლებთ", — თქვა მეთიუ კუტამ, Voyager Space-ის პრეზიდენტმა.
ტრანსატლანტიკური პარტნიორობა
Starlab მოემსახურება როგორც NASA-ს, ისე ევროპის კოსმოსურ სააგენტოს (ESA).
"Airbus ითანამშრომლებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ისტორიას ცვლიან. ეს კაცობრიობას წინ წაიყვანს", — თქვა ჟან-მარკ ნასრმა, Airbus-ის კოსმოსური სისტემების ხელმძღვანელმა.
აშშ და ევროპა უკვე დიდი ხანია რაც კოსმოსში თანამშრომლობენ. ამის კარგი მაგალითია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს.
ამ მხრივ საინტერესო იყო მაისში გამოქვეყნებული ვიდეოც. მასში დეტალურად იყო აღწერილი მრავალფუნქციური ორბიტალური მოდული (MPOP), სახელწოდებით Airbus LOOP. ეს კოსმოსური სადგური ოთხკაციანი ეკიპაჟისთვისაა გათვლილი, რაც მას შესაფერისს ხდის მომავალი კოსმოსური სადგურებისა და მარსზე ხანგრძლივი მისიებისთვის.
რაც ყველაზე საინტერესოა, LOOP-ში, არის ცენტრიფუგა. ეს სივრცე შეიცავს სავარჯიშო ველოსიპედებს და სხვა საინტერესო ინფრასტრუქტურას. აქვეა ხელოვნური გრავიტაციაც, რაც ასტრონავტებს გრავიტაციის პირობებში მუშაობის საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) 1998 წელს გაუშვეს. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, სადგურზე მნიშვნელოვანი მისიები შედგა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ NASA-მ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს სადგური 2030 წლამდე შეინარჩუნონ, უკვე მომავალზე ფიქრის დროც მოვიდა. შესაბამისად, არსებობს გეგმები მემკვიდრე კოსმოსური სადგურის შესახებ, რომელიც ISS-ის მონაგარს ჩაიბარებს.
კომენტარები