მეცნიერებმა 45 000 წლის წინ მცხოვრები ქალის სახე აღადგინეს
1950 წელს არქეოლოგებმა ჩეხეთის ტერიტორიაზე მდებარე გამოქვაბულთა სისტემაში თავის ქალას მიაგნეს, რომელიც ორად იყო გაყოფილი. ამის გამო თავიდან ივარაუდეს, რომ შესაძლოა, ეს ორი ინდივიდის ჩონჩხის ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ გენომის გაშიფვრამ აჩვენა, რომ საქმე 45 000 წლის წინ მცხოვრები ქალის ნაშთთან ჰქონდათ.
მას Zlatý kůň ეწოდება, რაც ჩეხურად "ოქროს ცხენს" ნიშნავს. ამ ინდივიდის დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გენომის თითქმის 3%-ს ის ნეანდერტალელებთან იზიარებდა. ეს ნიშნავს, რომ ქალი ადრეულ თანამედროვე ადამიანთა პოპულაციას მიეკუთვნებოდა, რომლის წარმომადგენლებიც, დიდი ალბათობით. სწორედ ნეანდერტალელებთან წყვილდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს თანამედროვე ადამიანების უძველესი გენომია, რომელიც ოდესმე გაუშიფრავთ. ახლა კი სპეციალისტებმა ზემოხსენებული ინდივიდის სახე მიახლოებით აღადგინეს. ამისთვის მათ თავის ქალის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოსახულებები გამოიყენეს. მას მარცხნივ ზოგიერთი ძვალი აკლია, რადგან სიკვდილის შემდეგ ქალის სხეული მგლის ან აფთრის საკვებად იქცა.
ამ რეგიონების ჩასანაცვლებლად მეცნიერებმა ადამიანთა ვიზუალური სტატისტიკური მონაცემები და დონორების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოსახულებები გამოიყენეს. შედეგად მიიღეს სახე, რომელიც მიახლოებით გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა ათობით ათასი წლის წინ მცხოვრები ჰომო საპიენსი.
ავტორები ამბობენ, რომ ქალის სახის სტრუქტურა თანამედროვე კაცისას ჰგავს, რადგან განსაკუთრებით ქვედა ყბა საკმაოდ გამოკვეთილია. ამგვარი ნაკვთები ნეანდერტალელებისთვის იყო დამახასიათებელი. ასევე, საგრძნობლად დიდია ამ ინდივიდის თავის ქალის ღრუ (სადაც ტვინია მოთავსებული). ეს ისევ და ისევ ნეანდერტალელებთან ნათესაობით უნდა იყოს გამოწვეული.
პირველ ეტაპზე სპეციალისტებმა თავისა და სახის მონაცრისფრო მოდელი მიიღეს, დახუჭული თვალებით და უთმოდ. შემდეგ მათ პიგმენტირებული კანი, გახელილი თვალები და თმა დაამატეს. შედეგად გამოსახულებებზე ვხედავთ ქალს შავი, ხვეული თმით, მოყავისფრო თვალებითა და კანის მუქი შეფერილობით. ეს ყველაფერი მიახლოებით, სპეკულაციურ დონეზეა ნავარაუდები.
ავტორთა ნაშრომი, სადაც ეს ყველაფერია აღწერილი, ონლაინაა ხელმისაწვდომი.
კომენტარები