მეცნიერებმა ყინულში არსებული ჭიები გააცოცხლეს — პოტენციური ეკოლოგიური რისკები
ახლახან PLOS-ში ორი კვლევა გამოქვეყნდა. პირველის ფარგლებში მეცნიერებმა ციმბირის მზრალ ქანებში არსებული, 46 000 წლის განმავლობაში მიძინებული ნემატოდები გააცოცხლეს, მეორეში კი გამოღვიძებულ პათოგენებთან დაკავშირებული ეკოლოგიური რისკები განიხილეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური დათბობის გამო ყინული დნება, იქ გამომწყვდეულ მიკრობებს კი ბუნებაში დაბრუნების შანსი ეძლევათ.
ზოგიერთი ასეთი მცირე ზომის არსება იმდენად გამძლეა, რომ მკაცრ პირობებში სასიცოცხლო ფუნქციებს დიდი ხნით ინარჩუნებს, რასაც კრიპტობიოზის მდგომარეობაში ყოფნის გზით ახერხებს. რუსმა მეცნიერებმა სწორედ ასეთი ჭიები, ნემატოდები, გააცოცხლეს, რომლებიც არქტიკის რეგიონში აღებული ნიმუშებიდან მოიპოვეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ეს ნიმუშები გაყინულ მდგომარეობაში 45 839-47 769 წლის წინა პერიოდიდანაა, ანუ გვიანი პლეისტოცენიდან.
გენომის გაშიფვრისა და ფილოგენეტიკური ანალიზის შედეგად სპეციალისტებმა ახალი სახეობაც გამოავლინეს, რომელსაც Panagrolaimus kolymaensis ეწოდება. ის შესადარებლად გამოყენებულ ორგანიზმთან Caenorhabditis elegans კრიპტობიოზის პროცესში მონაწილე გენს იზიარებს. ორივე მათგანში მომატებულია შაქარ ტრეჰალოსას გამომუშავება, რომელიც მკაცრ პირობებში გადარჩენაში ეხმარებათ.
ეკოლოგიური რისკები ევროპელმა მეცნიერებმა გააანალიზეს. ხელოვნური ევოლუციის ექსპერიმენტებისას ისინი ვირუსის მსგავს, წარსულის გადმონაშთ პათოგენებს დააკვირდნენ, რომლებმაც ბაქტერიის მაგვარ მასპინძელ ორგანიზმებში შეაღწიეს. სიმულაციებმა აჩვენა, რომ ამ პათოგენებს დღესდღეობით არსებულ მიკრობებში გადარჩენა და განვითარება შეუძლია, ხოლო მათი დაახლოებით 3% დომინანტი ხდება.
მიკრობების მრავალრიცხოვან ჯგუფებზე დომინანტური პათოგენების გავლენა 1% იყო. ამასთან ასოცირებული რისკები შესაძლოა, უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ ყინულის ლღობის პარალელურად ბუნებაში ასეთი პათოგენები მრავლად დაბრუნდება, საფრთხეც გაიზრდება და პოტენციურად, ეკოლოგიურ ცვლილებებსაც დაედება საფუძვლად.
კომენტარები