"სინათლის სიჩქარე" ინტერნეტში — რა არის Li-Fi და როგორ მუშაობს ის
როგორია ინტერნეტის მომავალი
1983 წლის პირველი იანვარი ეს ის დღეა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა. ითვლება, რომ ინტერნეტი სწორედ ამ დღეს დაიბადა. 1985 წელს, აშშ-ს ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ (NSF) 56 კილობაიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი შექმნა.
ასე დაიწყო ინტერნეტის ისტორია და რაც დრო გადის, ის სულ უფრო ვითარდება. საქმე გვაქვს გლობალურ ქსელთან, რომელიც, თავის მხრივ, შედგება ადგილობრივი, კერძო მასშტაბის, საზოგადოებრივი, აკადემიური, საქმიანი და სამთავრობო ქსელებისგან. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ელექტრონული, უკაბელო და ოპტიკური ქსელის ფართო სპექტრით.
დღეს ინტერნეტს 5 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს და ეს რაოდენობა სულ უფრო იზრდება. იზრდება ჩვენი მოთხოვნილებებიც და კიდევ უფრო სწრაფი ინტერნეტი გვინდა.
ასევე: მეცნიერება ინტერნეტს მიღმა — როგორ მუშაობს გლობალური კომპიუტერული ქსელი
სიჩქარესთან ერთად მნიშვნელოვანია ინტერნეტზე მარტივი წვდომა. ამ მხრივ მობილური ინტერნეტი ნამდვილად კომფორტულია და ის განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩევა. აქვეა უკაბელო ტექნოლოგია — Wi-Fi, რომელიც შენობებსა და დახურულ სივრცეებში აქტიურად გამოიყენება.
Wi-Fi-სა და მობილურის ინტერნეტს ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვს, ორივე რადიო ტალღებს იყენებს. როგორც თავში აღვნიშნე, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფი ინტერნეტი გვჭირდება. ამიტომ, მკვლევრები და გამომგონებლები ინტერნეტის გადაცემის ალტერნატიული მეთოდების შექმნაზეც მუშაობენ. და აი ისიც, Li-Fi, რომელიც ინტერნეტის გადასაცემად ხილულ სინათლეს იყენებს. დიახ, სწორედ იმ სინათლეს, რომელიც სამყაროში ყველაზე სწრაფად გადაადგილდება — 300 000 კილომეტრი წამში!
რა არის Li-Fi
Li-Fi (Light Fidelity) არის უკაბელო საკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც სინათლეს მონაცემთა რეალურ დროში გადასაცემად იყენებს. ახალი მეთოდი Wi-Fi-ზე ასჯერ უფრო სწრაფია. შესაბამისად, მას დიდი პოტენციალი აქვს და ბევრი რამის შეცვლაც შეუძლია.
Li-Fi ინფორმაციის გადასაცემად LED ნათრებს იყენებს. ჩვენ ვიცით, რომ სინათლეს ბევრად უფრო ფართო გამტარობა აქვს, ვიდრე Wi-Fi-ს. ეს ნიშნავს, რომ Li-Fi-ში ჩართულ მოწყობილობებს ინფორმაციის გაგზავნა და მიღება ძალიან სწრაფად შეეძლებათ. რა სისწრაფეზეა საუბარი? ეს შეიძლება წამში 224 გიგაბაიტი იყოს. ამასთან შედარებით Wi-Fi-ის მაქსიმალური შესაძლებლობა 100-ჯერ უფრო პატარაა.
Li-Fi-ის ისტორია 2011 წლიდან იწყება, ჰარალდ ჰასის TED-ის მოხსენებით. ჰასი ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორია და Li-Fi, როგორც ფრაზა პირველმა მან გამოიყენა. გამომგონებელმა 2012 წელს კომპანია pureLiFi დაარსა, რომლის მიზანი ხილული სინათლის კომუნიკაციების ტექნოლოგიებში მსოფლიო ლიდერობაა.
დადებითი და უარყოფითი
სინათლე კედლებში ვერ გადაადგილდება. გარდა ამისა, სიგნალების გასაგზავნად და მისაღებად, სინათლის წყარო აქტიური უნდა იყოს. შესაბამისად, სახლში LED ნათურები დაგჭირდებათ.
ეს შეიძლება ნაკლი იყოს და ამასთან ერთად დადებითი მხარეც აქვს. Wi-Fi-სგან განსხვავებით, Li-Fi ინტერნეტი უფრო შეზღუდული იქნება, რადგან ინტერნეტს კედლებს შორის გაღწევა გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, ამას დადებითი მხარეც აქვს! როგორ? საქმე იმაშია, რომ მსგავს ინტერნეტში შეღწევა ჰაკერებს შენობის გარედან გაუჭირდებათ. ეს კიბერუსაფრთხოების მხრივ უმაღლესი სტანდარტია!
დაფიქრდით, რა არის ისეთ ინტერნეტზე კარგი, რომელიც სტანდარტულ Wi-Fi-ზე ასჯერ უფრო სწრაფია და ამავდროულად, მისი გარედან დაჰაკვა შეუძლებელია?!
ამასთან, გადამცემის სიმძლავრე იქნება მეტად ლოკალიზებული, უფრო ეფექტურად გამოყენებული და რადიო სიხშირის არ არსებობის გამო, სხვა ტექნოლოგიებს ხელს არ შეუშლის.
ეს მორიგი უპირატესობაა. ხილულ სინათლეზე დაფუძნებული ინტერნეტი ბევრად უსაფრთხოა. ეს რას ნიშნავს? როგორც მინიმუმ, თვითმფრინავში ინტერნეტის გამორთვა აღარ დაგჭირდებათ.
და მაინც, Li-Fi-ით Wi-Fi-ს ბოლომდე ვერ ჩავანაცვლებთ. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიას აქვს თავისი ბენეფიტები და გარკვეულ სიტუაციაში მისი გამოყენება ბევრად კომფორტული იქნება. აქვეა ფასის ფაქტორიც, რის მიხედვითაც ტექნოლოგია Wi-Fi-ზე ათჯერ უფრო იაფი იქნება.
სად გამოვიყენებთ
ჩნდება შეკითხვა, სად გამოვიყენებთ "ახალ" ინტერნეტს?
საავადმყოფოები — რადიო სიხშირის გამო MRI აპარატურასთან Wi-Fi-ის გამოყენება უსაფრთხო არ არის. ეს ასევე ეხება საოპერაციო განყოფილებებს, სადაც ოპტიკური ბოჭკოების დაყენება რთულია. მეტიც, საავადმყოფოები ინახავენ და აანალიზებენ კონფიდენციალურ მონაცემებს. შესაბამისად, უსაფრთხო ინტერნეტი აქ პრიორიტეტია.
ცა — როგორც უკვე ვახსენეთ, ფრენისას ინტერნეტის გამოყენება შეზღუდულია. ეს შეზღუდვები Li-Fi ინტერნეტს არ შეეხება.
წყალქვეშ — Wi-Fi წყალში ცუდად მუშაობს. საბედნიეროდ, ეს შეზღუდვები Li-Fi-ის არ შეეხება.
დაბოლოს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ასეთი ინტერნეტი იდეალური იქნებოდა სამხედროებისთვის, მთავრობებისთვისა და სადაზვერვო სამსახურებისთვის.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. ცვლილებები ინტერნეტსაც შეეხება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები