ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ბნელი ვარსკვლავების არსებობის მინიშნება აღმოაჩინა. ეს ჰიპოთეტური ობიექტებია, რომლებიც ბნელი მატერიის ნაწილაკების განადგურებით იკვებება. სუპერმასიური ბნელი ვარსკვლავები შეიძლება ჩვენს მზეზე ბევრად დიდი და უფრო კაშკაშა იყოს.

"ახალი ტიპის ვარსკვლავის აღმოჩენა თავისთავად საინტერესოა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ობიექტი შეიძლება ბნელი მატერიით იკვებებოდეს", — თქვა კეტრინ ფრიზმა, ტეხასის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა.

ბნელი მატერია სამყაროს 25 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მისი აღმოჩენა ძნელია, რადგან ის არ შთანთქავს, არ ირეკლავს და არ ასხივებს სინათლეს. თუ ასტრონომები მსგავსი ვარსკვლავების არსებობას დაამტკიცებენ, ამან შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. შესაბამისად, ბნელ მატერიაზეც მეტი გვეცოდინება.

შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი

ჯეიმს ვების ტელესკოპი საქმეში

ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში ვებმა ბნელი ვარსკვლავის სამი კანდიდატი დააფიქსირა: JADES-GS-z13-0, JADES-GS-z12-0 და JADES-GS-z11-0.

ეს ობიექტები პირველად გალაქტიკები ეგონათ.

ტელესკოპის სპექტროსკოპიულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ობიექტები დიდი აფეთქებიდან 320 მილიონის წლის შემდეგ ჩამოყალიბდნენ.

"როდესაც ვების მონაცემებს ვუყურებთ, ამ ობიექტების არსებობის ასახსნელად ორი შესაძლებლობა არსებობს. ერთი არის ის, რომ ისინი გალაქტიკებია, მეორე კი გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს ბნელ ვარსკვლავებთან. მხოლოდ ერთი ბნელი ვარსკვლავი ისე ანათებს, რომ მთელ გალაქტიკას უწევს კონკურენციას", — ამბობენ მკვლევრები.

ვარაუდობენ, რომ ეს ვარსკვლავები ზომით სუპერმასიურია. ასეთი ვარსკვლავი შეიძლება მზეზე რამდენიმე მილიონჯერ უფრო მასიური იყოს.

მათ უკან იდუმალი ელემენტარული ნაწილაკებია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბნელი ვარსკვლავები შეიძლება შედგებოდეს ახალი ტიპის ელემენტარული ნაწილაკებისგან — სუსტი ურთიერთქმედების მასიური ნაწილაკებისგან.

კვლევის თანახმად, ახალი ნაწილაკები როდესაც ერთმანეთს ეჯახებიან ანიჰილაციას განიცდიან. ამ პროცესში ნაწილაკები ათავისუფლებენ სითბოს წყალბადის კოლაფსირებულ ღრუბლებში, რაც მათ კაშკაშა ბნელ შავ ვარსკვლავებად აქცევს.

თუ ამ იდუმალი ბნელი ვარსკვლავების არსებობა დადასტურდება, შესაძლოა, ადრეულ სამყაროში მასიური გალაქტიკების ჩამოყალიბებაც აიხსნას. ამ წლის თებერვალში ვების ტელესკოპმა აღმოაჩინა უზარმაზარი შორეული გალაქტიკები, რომლებიც, წესით, არ უნდა არსებობდეს. ესაა ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის მსგავსი უზარმაზარი გალაქტიკები, რომლებშიც ზრდადასრულებული წითელი ვარსკვლავებია განლაგებული.

მკვლევრები ამბობენ, რომ მსგავსი გალაქტიკების ჩამოყალიბება სამყაროს ჩვენებურ გაგებასთან წინააღმდეგობაში მოხდის. ამის ფონზე, თუ ბნელი ვარსკვლავების არსებობა დადასტურდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს სამყაროს კლასიკურ გაგებასთან უფრო თანხვედრაში იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.