ზემასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ცენტრში — როგორია მათი როლი
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში უზარმაზარი ობიექტია, რომელსაც ასტრონომები Sagittarius A*-ს უწოდებენ. ეს ზემასიური შავი ხვრელი, სავარაუდოდ გალაქტიკასთან ერთად გაიზარდა. თუმცა, ის მარტო არ არის. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში მსგავსი კოსმოსური გიგანტია დამალული.
"ირმის ნახტომის ცენტრში არსებული შავი ხვრელი რამდენიმე მილიონი მზის მასისაა. თუმცა, უნდა არსებობდეს შავი ხვრელები, რომლებიც მილიარდობით მზის მასისაცაა", — თქვა ჯოზეფ საიმონმა, კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა.
ასტროფიზიკოსმა თავისი კარიერა ამ გიგანტების შესწავლას მიუძღვნა. ბოლო კვლევაში მან კომპიუტერული სიმულაციები შავი ხვრელების მასის დასადგენად გამოიყენა.
კვლევამ აჩვენა, რომ მილიარდობით წლის წინ შავი ხვრელები, სავარაუდოდ ბევრად უფრო მასიურები იყო, ვიდრე აქამდე გვეგონა.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
შერწყმა
საიმონმა განმარტა, რომ თუ ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება, მათი ცენტრალური შავი ხვრელები შეიძლება ასევე შეერწყან ერთმანეთს. ისინი ერთმანეთის გარშემო დაიწყებენ ბრუნვას, სანამ ეს საბოლოოდ შერწყმით არ დასრულდება. სწორედ მსგავსი მოვლენა წარმოქმნის გრავიტაციულ ტალღებს.
ცნობისთვის, გრავიტაციული ტალღა სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილებაა. როდესაც კოლოსალურად მასიური სხეულები სწრაფად და აჩქარებით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო (ორი შავი ხვრელი), წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები.
გრავიტაციული ტალღების არსებობა პირველად ფარდობითობის თეორიამ იწინასწარმეტყველა. უკვე 2015 წელს, ასი წლის თავზე, მათი პირველად დაფიქსირება მოხდა.
ასევე: რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
შავი ხვრელი იზრდება
საიმონს კვლევის ფარგლებში ზემასიური შავი ხვრელების მასების პროგნოზირება სურდა.
მკვლევრებმა ასობით ათასი გალაქტიკის მონაცემი შეისწავლეს. საბოლოოდ, ინფორმაცია ზემასიური შავი ხვრელების მასის გამოსათვლელად გამოიყენეს. გრავიტაციული ტალღების სიმულირებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება გახდა შესაძლებელი.
კვლევის თანახმად, ზემასიურ შავ ხვრელებს ჩამოყალიბებისთვის შედარებით ნაკლები დროც ეყოფოდათ. თუმცა, მათი როლი გადამწყვეტია. საიმონის თქმით, ზემასიური შავი ხვრელები გალაქტიკებს აბალანსებს. შესაბამისად, მათ გარეშე, გალაქტიკები არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ისინი ახლაა.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ზემასიური შავი ხვრელების ზრდა გალაქტიკების განვითარებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
კომენტარები