მერსედესის ავტომობილებში ChatGPT-ზე მომუშავე ხმოვანი ასისტენტი იქნება
აშშ-ში მერსედესის ავტომობილების მფლობელებს ChatGPT-სთან ურთიერთობა შეეძლებათ. ამის შესახებ კომპანიის განცხადებიდან გავიგეთ.
Mercedes-Benz User Experience (MBUX) არის სისტემა, რომელიც Mercedes-Benz-ში, Mercedes-EQ-სა და Mercedes-AMG-ში გვხვდება. სისტემის გამოყენება შესაძლებელია შეხების, ხმისა და ჟესტების საშუალებით. სწორედ ამ სისტემაში ჩაშენდება ახალი ხმოვანი ასისტენტი.
მერსედესის ახალ ავტომობილებში ხმოვანი ასისტენტი უკვე არსებობდა, რომლის გააქტიურება "Hey Mercedes"-ის თქმით არის შესაძლებელი. მძღოლს ან მგზავრს ასისტენტისგან გარკვეული ინფორმაციის მიღება შეუძლია.
რას გვთავაზობს ChatGPT?
ChatGPT-ის ხმოვან ასისტენტთან დაკავშირებით სისტემა ბევრად კომპლექსური გახდება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ დავალებების რაოდენობა, რისი შესრულებაც ასისტენტს შეეძლება.
გავრცელებული ინფორმაციით, ასისტენტის გამოყენებით, მძღოლებს კინოს ბილეთების დაჯავშნა შეეძლებათ. ასევე, ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა. ეს ყველაფერი ხმოვან ასისტენტთან კონტაქტით.
კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი ასისტენტის ბეტა ვერსია 16 ივნისს გამოჩნდება. მისი გამოყენება 900 000-ზე მეტ ავტომობილში იქნება შესაძლებელი. საცდელი პერიოდი 3 თვე გაგრძელდება და უკვე ამის შემდეგ გადაწყვეტს კომპანია თუ როგორ გააგრძელოს ChatGPT-ისთან თანამშრომლობა.
მათ, ვისაც ავტომობილში MBUX სისტემა აქვს, მხოლოდ ამის თქმა დასჭიდება — "Hey Mercedes, I want to join the beta program."
კომენტარები