ვირტუალური მოგზაურობა საქართველოს მთებში — 10 ფოტოგრაფის თვალით დანახული დაუვიწყარი ხედები
ზღვა თუ მთა? ამ კითხვაზე შეთანხმებული პასუხი არ არსებობს. ზოგი ზღვის სილურჯეს და დამამშვიდებელ ხმას ანიჭებს უპირატესობას, სხვებს კი მთების სიმწვანე და ნისლიანი ხედებით ტკბობა ურჩევნია. წინა სტატიაში ბათუმის დაუვიწყარი სილამაზე ქართველი ფოტოგრაფების თვალით დაგანახეთ, ახლა კი საქართველოს მთებში მოგზაურობის დროა.
მთები შინაგან სიმშვიდესთან ასოცირდება — არსად არის ჰაერი ისეთი სუფთა, როგორიც იქ, ამიტომ განტვირთვისა და გაჯანსაღებისთვის საუკეთესო არჩევანია. მთებში ადამიანებს შორის მეტი სიახლოვე, ბევრად ღრმა ემოციური კავშირია და შეგიძლიათ, ვირტუალური სამყაროსგან ცოტა ხნით მაინც დაისვენოთ. რა სჯობს, ქალაქის ქაოსისგან ცოტა ხნით მაინც გაქცევას და წიგნის კითხვით, ტყეში ხეტიალით, გარემოზე დაკვირვებით ტკბობას. მთაში ნებისმიერ სეზონზე დაგხვდებათ თოვლით დაფარული მწვერვალები, სიმწვანე, სუფთა ჰაერი და შეუდარებელი სიმშვიდე.
აღმოაჩინეთ ქართველი ფოტოგრაფების თვალით დანახული მთები, წაიკითხეთ მათი შთაბეჭდილებები და დაგეგმეთ საზაფხულო შვებულება.
1. აჭარა — გიორგი ნიკოლავა
შეუძლებელია აჭარაში ერთხელ მაინც იმოგზაურო და მისი მრავალფეროვანი ბუნებით არ აღფრთოვანდე — დაუვიწყარია მზიანი ზღვის სანაპიროები და სიმწვანეში ჩაფლული, ნისლიანი მთები. მდიდარი კულტურა და ტრადიციები აჭარის თითოეულ კუნჭულს გამოარჩევს. ფოტოზე ნაჩვენებია მთიანი აჭარა, ჭვანას ხეობა, სოფელი ნაღვარევი, რომელიც ზღვის დონიდან 1 347 მეტრზე, ხოლო ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს.
"ზოგადად, ფოტოგრაფისთვის ნაკლებად ცნობილი ადგილის გადაღება უფრო მიმზიდველია. გაგონილი მქონდა, რომ სოფელი ნაღვარევი წლის ამ დროს გვირილებითაა გადათეთრებული. ვესტუმრე აჭარას და სოფლიდან 3 კმ-ში ასეთი შთამბეჭდავი გარემო დამხვდა. რა გული მომითმენდა არ აღმებეჭდა".
2. ხევსურეთი — გიორგი ყურაშვილი
ხევსურეთის, ისევე, როგორც სხვა მთიანი ადგილების დასალაშქრად იდეალური სეზონი ზაფხულია. ხევსურეთის მრავალფეროვანი ბუნება ადგილობრივი მოლაშქრეებისა და ტურისტებისთვის თანაბრად მიმზიდველია. ამ მთიანი რეგიონის თითოეული სოფელი გამორჩეულია, თუმცა ამ ფოტოზე აღბეჭდილი აბუდელაურის ტბების უნახავად იქიდან არ უნდა დაბრუნდეთ. სოფელ როშკადან 7 კმ-ში მდებარე აბუდელაურის ტბები ზღვის დონიდან 2600 მეტრზე მდებარეობს.
"შესანიშნავი ადგილია მრავალფეროვანი ფოტოების გადასაღებად. მზისა და მთის გამოღვიძებისა და აისის განსხვავებული ფერების აღბეჭდვა ყოველთვის შეუდარებელ ემოციებს იწვევს".
3. სამეგრელო — თამარ ოდილავაძე
ეგრისის ქედი სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელიც ზღვის დონიდან 2 650 მეტრზეა. აქ სხვადასხვა მარშრუტით შეგიძლიათ მოხვდეთ — ლაშქრობის დასაწყებად ყველაზე გავრცელებული ადგილია მუხური.
"ფოტოზე ხედავთ დიდ ტობავარჩხილს, იგივე ვერცხლის ტბას, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებით. ის ხშირად იფარება ნისლით, რაც საოცრად მისტიურ სანახაობას ქმნის. ამ ადგილზე დროის შეგძნება იკარგება, რჩები ბუნებასთან და მისგან შექმნილ სილამაზესთან, ფიქრი აქ მხოლოდ ერთია — დატკბე და კარგად დაიმახსოვრო ყოველი წამი, იმიტომ, რომ ეს კადრები მალევე იცვლება, შენ გაოცებას მთა არასდროს წყვეტს".
4. რაჭა — გიორგი ხელაშვილი
რაჭის მრავალფეროვანი ბუნება და მომნუსხველი ხედები — ფერადი ტყეები, ალპური ტბები და ჩანჩქერები შემოდგომის მიწურულს განსაკუთრებით ლამაზი სანახავია.
"ეს კადრი ექსპრომტად გადავიღე. მანქანით მივდიოდი შოვში და გზად ასეთ ულამაზეს პეიზაჟს გადავაწყდი. შემოდგომის და ზამთრის ნაზავი შთამბეჭდავი სანახავი იყო. ფოტოზე დათოვლილი ბუბას მყინვარი ჩანს, რომლის სიმაღლე 4 419 მეტრია".
5. სამცხე-ჯავახეთი — ოთო ნიკურაძე
დიდი აბულის მთა, რომლის სიმაღლე 3 301 მეტრია, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე მდებარეობს. მთის უმეტესი ნაწილი ალპური მდელოებით არის დაფარული.
"სამცხე-ჯავახეთი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა მთელს საქართველოში. დიდი აბული კი ამ რეგიონის ყველაზე მაღალი მწვერვალი და ამასთანავე ჩამქრალი ვულკანია, რომელიც ხანჩალის ტბის ფონზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია".
6. თუშეთი — გიორგი სოლომნიშვილი
თუშეთი ულამაზესი მწვერვალებით, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებითა და უძველესი ნასოფლარებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი დართლო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 1 830 მეტრზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში. იქაური ხედები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. თუშეთში მოხვედრა საკმაოდ რთულია, სახიფათო გზის გამო. მთაში სეზონი იხსნება გვიან ზაფხულში და მთავრდება ადრე შემოდგომაზე.
"თუშეთში შემთხვევით აღმოვჩნდი და ეს სილამაზე რომ არ დამეფიქსირებინა, არ შემეძლო. ნისლების გადაყრის შემდეგ დრო ვიხელთე და დრონი ვაფრინე".
7. ყაზბეგი — შოთა გალდავა
ყაზბეგის ბუნება გამოირჩევა თავისი სილამაზით. ალპური მთები, კლდეები, ჩანჩქერები და ტბები უამრავ ტურისტს იზიდავს ყველა სეზონზე. ყაზბეგში, სოფელ ჯუთასთან ახლოს ჭაუხების მასივი მდებარეობს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3 688 მეტრია. მას კლდოვანი, შიშველი ციცაბო კალთები აქვს და საოცარი სანახავია.
"მთები ძალიან მიყვარს, ჭაუხები ჩემთვის ორ საყვარელ რეგიონს, ხევსა და ხევსურეთს ერთმანეთთან აკავშირებს. ორ მთას შორის მოქცეული ჭაუხები, მდინარის ხეობა და მთის ყვავილები საუკეთესო ადგილია საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად. ყაზბეგი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. ყველა სოფელი გამოირჩევა თავისი უნიკალურობით და საერთო ჯამში მას შეუდარებელს ხდის".
8. გურია — ანრი არსენიშვილი
მაღალმთიანი კურორტი გომისმთა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია. ის ზღვის დონიდან 2 100-2 755 მეტრზე მდებარეობს. გომისმთა გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის ტყეებით, მდიდარია მინერალური წყლებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. ის სპეციფიკური ჰავის გამო ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო.
"ხშირად ვმოგზაურობ და ვლაშქრობ საქართველოს მთებში და ვაფიქსირებ ლამაზ ადგილებს, ერთ-ერთი ფავორიტი ზამთრის გომისმთაა, რომელიც უხვთოვლიანია და საკმაოდ ცივი".
9. კახეთი — თეიმურაზ პოპიაშვილი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კახეთში მდებარეობს და მას უნიკალური ლანდშაფტი გამოარჩევს. კახეთში ბუნების მრავალფეროვნება და კულტურული ძეგლების სიმრავლე მოგნუსხავთ, მათ შორის არის ფოტოზე გამოსახული ორმწვერვალიანი ელიას მთაც, რომელიც მნახველის ყურადღებას შორიდანვე იქცევს.
"დედოფლისწყარო შედარებით ნაკლებად მთაგორიანია და ელიას მთა ნამდვილად ყველაზე გამორჩეული სანახაობაა ამ ტერიტორიაზე. ის ყველა მხრიდან ჩანს და ამიტომ, ვცდილობ, ფოტოებში ყოველთვის შემოვიტანო და კადრი მრავალფეროვანი გავხადო".
10. სვანეთი — მაიკო გაგუა
სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მწვერვალები, ციხე-კოშკები, ტბები და მთები დიდი ხანია მოგზაურების, დამსვენებლებისა თუ სამთო სპორტის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს. სვანეთის კულტურული ძეგლების სიმრავლე და შთამბეჭდავი ბუნება ძალიან საინტერესოა. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალიც, მათ შორის, უშბა, რომლის სიმაღლე 4 710 მეტრია, სწორედ სვანეთში მდებარეობს.
"სვანეთში პირველი მოგზაურობის შემდეგ მივხვდი, რომ აქ კიდევ ბევრჯერ დავბრუნდებოდი. ხეტიალის, მთაში დასვენებისა და მასშტაბური ხედების მოყვარულებს ეს მხარე განსაკუთრებით მოეწონებათ. თუ გაგიმართლათ და უშბამ ღრუბლებიდან დაგანახათ თავი, აუცილებლად მოგინდებათ მისი აღბეჭდვა, ისეთი მიმზიდველი და დიდებულია. ქორულდის ტბებისკენ მიმავალი ბილიკიდან კი ძალიან ახლოს დაინახავთ მის მწვერვალს, რაც გასაოცარი შთაბეჭდილებაა".
კომენტარები