14 წლის ბიჭი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი გახდა
14 წლის კაირენ კუაზი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი გახდა. ის მალე Starlink-ზე მომუშავე გუნდს პროგრამული ინჟინრის ფუნქციით შეუერთდება, რის შესახებაც ინფორმაცია მოზარდმა LinkedIn-ზე გაავრცელა.
"მთელ პლანეტაზე ყველაზე მაგარ კომპანიას შევუერთდები... ის იმ იშვიათ გამონაკლისებს შორისაა, რომლებსაც ჩემი ასაკი ზრდასრულობისა და შესაძლებლობების ახირებულ და მოძველებულ განმსაზღვრელად არ მიუჩნევიათ", — წერს კუაზი პოსტში.
ის მალე სანტა-კლარას უნივერსიტეტში სწავლას დაასრულებს და კალიფორნიიდან ვაშინგტონში გადავა, რათა ქალაქ რედმონდში Starlink-ის გუნდთან ერთად მუშაობა დაიწყოს. მისი თქმით, გამოწვევებით სავსე პრობლემების მოგვარება და საყოველთაო კეთილდღეობის მომტან სერვისებში ინოვაციების შემუშავება სურს.
კაირენ კუაზი მხოლოდ 2 წლის იყო, როცა მთლიან წინადადებებს გამართულად ამბობდა. ის განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა მათემატიკისა და ფიზიკის მიმართ. ასევე, თანატოლებისგან (და არამხოლოდ) მაღალი IQ-თი გამოირჩეოდა, რის გამოც სკოლის პროგრამა ნაადრევად დახურა და სწავლის მომდევნო საფეხურზე გადაინაცვლა.
მოზარდის თქმით, კარიერულად მისთვის მნიშვნელოვანი იყო Intel Labs-ში სტაჟირება, კერძოდ კი ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა, ახლა კი ის წინსვლას SpaceX-ში განაგრძობს.
კომენტარები