ძველ ეგვიპტეში ჰალუცინოგენური მცენარეებისა და ადამიანის სისხლის ნაზავს სვამდნენ
მეცნიერებმა 2 000 წლის წინანდელი ჭურჭლის შიგთავსი შეისწავლეს, რომელსაც ძველ ეგვიპტეში ბესის ღვთაების მიმდევრები ამზადებდნენ და სვამდნენ. სპეციალისტთა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სასმელი ჰალუცინოგენურ მცენარეებს, ალკოჰოლსა და ადამიანის ორგანიზმში არსებულ სითხეებს შეიცავდა.
ავტორები ამბობენ, რომ ეს უჩვეულო ნაზავი, სავარაუდოდ, რიტუალისას გამოიყენებოდა, რომელიც ოჯახის მფარველ ღვთაებას ეძღვნებოდა. მას მცირე ზომის ტანისა და კატის მსგავსი თავის მქონე არსებად წარმოადგენდნენ. ძველად თაყვანისცემისას უცნაური სასმლის დალევა მიღებული პრაქტიკა იყო, რისთვისაც ამ შემთხვევაში ბესის გამოსახულებიან ჭურჭელს მოიხმარდნენ. მიიჩნეოდა, რომ იქ ჩასხმული სითხე მათთვის მარგებელი იქნებოდა.
სასმელში მეცნიერებმა მცენარე Peganum harmala-ს კვალს მიაგნეს, რომლის თესლებიც დიდი ოდენობით ალკალოიდებს შეიცავს და მათი მეშვეობით სიზმრის მაგვარ "ხილვებს" იწვევს. ასევე, მიაკვლიეს წყლის ლილია Nymphaea nouchali-საც, რომელშიც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ვხვდებით.
სხვა ინგრედიენტებს შორისაა ფერმენტირებული ხილისგან მიღებული ალკოჰოლი, თაფლი ან ფუტკრის რძე და ადამიანის სხეულში არსებული ცილები, როგორიცაა დედის რძე, ლორწო და სისხლი.
ავტორთა ნაშრომი Research Square-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები