ვინც მუმინების ხეობაში ერთხელ მაინც აღმოჩენილა, ვერასდროს დაივიწყებს მეგობრულ, სიყვარულით სავსე, სულგრძელ მუმინების ოჯახს, მათ პატარა სახლში დატრიალებული საუზმის სურნელს თუ მოუსვენარ მუმინებსა და მათ მეგობრებს, რომლებიც მუდამ მზად არიან, თავგადასავლების საძიებლად გაემგზავრონ და მკითხველსაც აღმოაჩენინონ ჯადოსნური არსებები, მაინც საოცრად ნაცნობები რომ არიან.

მუმინების ოჯახის თავგადასავლები ყველა დროის ყველაზე წარმატებულ წიგნების სერიად იქცა და ხეობის ჯადოსნური არსებები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ბავშვებისა თუ ზრდასრულების ერთგულ მეგობრებად იქცნენ. დიდი თავგადასავალი კი მე-20 საუკუნის 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო. ახალგაზრდა ფინელმა ხელოვანმა, ტუვე იანსონმა, რომელიც მრავალმხრივ ნიჭიერი შემოქმედი იყო, ომის დროის საზარელ ამბებს სიყვარულის ძალა დაუპირისპირა და გადაწყვიტა, შეექმნა სამყარო, რომელში განვითარებულ მღელვარე ამბებს ბედნიერი დასასრული ექნებოდა.

მუმინების ხეობის ბინადრები უკვე დიდი ხანია ქართველი ბავშვების მეგობრებადაც იქცნენ — სტატიაში კი უკეთ გაიცნობ ტუვეს, ავტორს, რომელიც 80 წელია აღაფრთოვანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ პატარა თუ ზრდასრულ მკითხველებს, წაიკითხავ საბავშვო სამყაროს გამორჩეული პერსონაჟებისა და იმ არნახული წარმატების შესახებ, რომელიც ყველასთვის ნაცნობი მწერლის ნაწარმოებებს ხვდა წილად.

ვინ არიან მუმინები

ფოტო: Moomin Characters Oy Ltd

ტუვე იანსონის მუმინების სერია სკანდინავიური მითებით არის შთაგონებული. თუმცა, გოლიათი ტროლებისგან განსხვავებით, ეს ჯადოსნური არსებები პაწაწინა, ჩამრგვალებული, გრძელდრუნჩიანი, ღუნღულა არსებები არიან. ისინი მეგობრული, სტუმართმოყვარე, ანცი გმირები არიან, რომლებსაც ზამთრის დღეებში გამოძინება უყვართ (იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როცა თოვლიან დილას გამოღვიძებული პერსონაჟები ხიფათიან მოგზაურობაში აღმოჩნდებიან), ზაფხულში კი თავგადასავლების საძიებლად მიეშურებიან.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მუმინები და სხვა ჯადოსნური არსებები (გარდა იმ "გზააბნეული" მოგზაურებისა, რომლებიც სტუმრად ყველაზე მეგობრულ პერსონაჟებთან აღმოჩნდებიან) მუმინების ხეობის ბინადრები არიან — ეს მშვიდი, მთებითა და ზღვით გარშემორტყმული ხეობა სიმწვანეშია ჩაფლული, ზამთარში კი თოვლის საბურველშია გახვეული.

ჩამრგვალებული მუმინები ცილინდრის ფორმის სახლში ცხოვრობენ, რომელიც მამა მუმინმა ააგო. თავიდან სახლი მომცრო ზომის იყო, თუმცა სტუმართმოყვარე მუმინებმა მეგობრები შეიფარეს, ამიტომ სახლის გაფართოება მოუწიათ და ადგილი ყველასთვის მოიძებნება.

ტუვე იანსონი — მრავალმხრივი შემოქმედი, რომელმაც ჯადოსნური სამყარო შექმნა

ფოტო: Wikipedia

ფინელმა მწერალმა, მხატვარმა და ილუსტრატორმა, ტუვე იანსონმა მუმინების სერიაზე მუშაობა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო. 30 წლის ტუვე მეორე მსოფლიო ომის საშინელებებით იყო დაზაფრული და გრძნობდა, რომ ომმა სამყაროდან ნათელი ფერები გააქრო, ამიტომ თვითონ იქცა ადამიანებისთვის იმედის მიმცემად.

"როცა დეპრესია მიტევდა და დაბომბვის შიში მქონდა, მინდოდა, შემზარავ ფიქრებს სრულად გავქცეოდი… დაუჯერებელ სამყაროში ჩავეფალი, სადაც ყველაფერი ბუნებრივი, კეთილი და შესაძლებელი ჩანდა", — წერდა ტუვე.

მუმინების სერია პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც კომეტა მუმინების ხეობაში გამოიცა. ნაწარმოები მალევე იქცა ბავშვების საყვარელ საკითხავად.

კომეტა მუმინების ხეობაში მუმინტროლისა და მისი მეგობარი სნიფის მოგზაურობით იწყება, რომლებიც გზადაგზა ახალ-ახალ გმირებს — მოხეტიალე სნუსმუმრიკს, გასაოცარ ფრეკენ სნორკსა და მკითხველებისთვის საყვარელ სხვა პერსონაჟებს გადაეყრებიან, რომლებიც სერიის მომდევნო წიგნებშიც გვხვდებიან.

მუმინების სერია ცხრა წიგნს აერთიანებს, რომლებიც მკითხველს გამოგონილი სამყაროს კარს უღებენ.

გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც თავს შეგაყვარებენ

ფოტო: Moomin.com

მუმინების სერიის ამბებში უთვალავ პერსონაჟს ვეცნობით, ზოგი თავგადასავლების საძიებლად წასულ პერსონაჟებს ხვდება გზად, ზოგიც მუმინების ხეობას სტუმრობს და სტუმართმოყვარე ადგილას იდებს ბინას. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაწარმოებში გვხვდებიან ის ცენტრალური პერსონაჟები, რომლებიც მკითხველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი გმირები არიან — მოდი, უკეთ გავიცნოთ რამდენიმე მათგანი.

მამა მუმინი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სამყარო სავსეა უამრავი საოცარი საგნითა და მოვლენით.
მთავარია, ყოველთვის მზად იყო მათ აღმოსაჩენად.

მამა მუმინი (მამა და ზღვა)

მამა მუმინი ჭარმაგი, ბრძენი, წარმოსადეგი (განსაკუთრებით მაშინ, როცა განუყრელი ქუდი ახურავს) მუმინია, რომელმაც ფათერაკებით აღსავსე ცხოვრების გზა გაიარა, თავს დატრიალებული ამბების მოყოლის სურვილმა კი მწერლად აქცია. სწორედ ასე შეიქმნა — მამა მუმინის მემუარები.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაოჯახებული პასუხისმგებლობებს არ გაურბის, ოჯახის წევრებზე მუდამ ზრუნავს და თავს ძირითადად ძველი ამბების მოყოლით იქცევს, ფათერაკებში გახვევის სურვილი მაინც არ დაუკარგავს და ცდილობს, ყოველდღიურ რუტინას იშვიათად მაინც გაექცეს.

მუმინების ოჯახში აღმოჩენილს მისი ჭკვიანური საუბარი აუცილებლად მოგხიბლავს — წიგნებზე, ფილოსოფიაზე, ცხოვრებაზე თუ სხვა არაერთ თემაზე, რომელშიც მამა მუმინს ბადალი არ ჰყავს. ხოლო, თუ მასთან ერთად სახიფათო თავგადასავალში აღმოჩნდები, ჩათვალე, რომ ყველაზე საიმედო მეგზურთან ერთად ხარ და არაფრის უნდა შეგეშინდეს.

დედა მუმინი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობ

მომავალ წელს სხვებზე ადრე უნდა გავიღვიძო... ასე საკმარისზე მეტი დრო მექნება იმისთვის, რომ მშვიდად გავაკეთო ის, რაც მე მინდა.

დედა მუმინი (ჯადოსნური ზამთარი)

დედა მუმინი ის გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც ყველაზე ზრუნავს — ოჯახზე, მეგობრებზე, მათი სახლის კართან აღმოჩენილ შორეულ სტუმრებზე თუ მუმინების ულამაზეს ბაღზე. დედა მუმინი ის პერსონაჟია, რომელიც თავს სახლში გაგრძნობინებს.

დედა მუმინს ცხოვრებისეული სიბრძნე გამოარჩევს და ყოველთვის იცის, რა რჩევა უნდა მისცეს გასაჭირში აღმოჩენილ გმირებს, მან ისიც იცის, რომ ყველა სირთულე საბოლოოდ მოგვარდება, თუ მოთმინება გეყოფა, ცხოვრების რიტმს ალღოს აუღებ და მიხვდები, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ხშირად არ გამოდის. მან კარგად იცის განმარტოების, საკუთარი თავისთვის დროის გამონახვის ფასი და ყოველთვის ახერხებს, რომ ყოველდღიურ საზრუნავსა და პირად სურვილებს შორის ბალანსი იპოვოს.

თუ რაიმე დაგჭირდება ან / და მიხვდები, რომ პრობლემასთან გამკლავებას დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებ, დედა მუმინი ჭკვიანური სიტყვით თუ მის ხელჩანთაში თავმოყრილი უთვალავი ხელსაწყოთი აუცილებლად დაგეხმარება.

სნიფი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ამ გრძელყურა და გრძელკუდა პაწაწინა არსებას საოცრად ეშინია ზღვის და სიგიჟემდე უყვარს ბრჭყვიალა და მანათობელი ნივთები — ყველგან მათ დაეძებს და არც კი უკვირდება, იქნებ ამის გამო ხიფათს გადაეყაროს.

სნიფი მუმინების ოჯახის შვილობილია, რომელიც მათთან სერიის პირველივე წიგნში დასახლდა და მას მერე სერიის თითქმის ყველა ნაწარმოებში გვხვდება. სნიფი, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, შეიძლება ზოგჯერ ეგოისტი და მესაკუთრეც იყოს, მაგრამ გულუხვიც არის და შეუძლია სხვისთვის ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი რამეც კი არ დაიშუროს, თუ იგრძნობს, რომ ამით ვინმეს სიხარულს მიანიჭებს.

მიმლა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ახლა სიველურით ვარ სავსე. შემეძლო ნებისმიერი რამ გამეკეთებინა, მაგრამ არაფერსაც არ ვაკეთებ. ამქვეყნად
ყველაზე კარგი სწორედ ის არის, როცა ადამიანი იმას აკეთებს, რაც თვითონ სურს.

მიმლა (ნოემბრის მიწურულს)

მიმლა მიდიის ნიჟარიდან დაიბადა და სულ ერთი ბეწო, თვალით უხილავი იყო, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს, მაგრამ მკითხველო — არ ვიცით, მის სიტყვებს რამდენად უნდა ვენდოთ. ის ხომ მეოცნებე, გასაოცარი წარმოსახვის მქონე გმირია, რომელსაც ამბების შეთხზვაზე მეტად არაფერი უყვარს.

მიმლა შესანიშნავად ცეკვავს, ჰყვება ამბებს, ცნობისმოყვარეა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უსაშველო რომანტიკოსია, სიყვარულში არ უმართლებს, მაგრამ საბოლოოდ არც მაგაზე დარდით ათენებს ღამეებს. ის ხომ თავგადასავლებისა და დამოუკიდებლობის მოყვარე, თავისუფალი ადამიანია, რომელიც შეიძლება სიველურით იყოს სავსე, რაიმე დაუჯერებლის, არნახულის დატრიალება უნდოდეს, მაგრამ სულაც არაფერი ქნას, რადგან ასე უფრო საინტერესოა, თანაც მთავარი ისაა, რომ ყველაფერს მაინც თავის ნებაზე განკარგავს.

ფრეკენ სნორკი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თუ სილამაზის კონკურსში ფრეკენ სნორკის წინააღმდეგ აღმოჩნდი, შანსი უბრალოდ არ გაქვს — ის საქმეს შემოქმედებითად მიუდგება, ჟიურის მონუსხავს და პირველობას მოიპოვებს.

ეს გასაოცარი პერსონაჟი მეოცნებე, ხშირად გონებაგაფანტული და დაბნეული ვინმეა, იქნებ, ეს ყველაფერი ერთი განსაკუთრებული გმირის სიყვარულის ბრალიც იყოს?! მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, თავგადასავლების მოყვარე ფრეკენ სნორკი საკმაოდ პრაქტიკულიც არის და შეუძლია, პრობლემის გადაჭრის სხარტი გზა უცებ გამონახოს.

ფრეკენ სნორკს ბევრი სხვა ღირსებაც გამოარჩევს — კეთილია, მზრუნველი, სხვების გრძნობებს ყოველთვის უფრთხილდება და ამბების მოყოლაც კარგად გამოსდის, შეუძლია რაიმე სასიყვარულო ისტორია შეთხზას და დრო სასიამოვნოდ გაგატარებინოს, ასე რომ, მასთან ერთად არ მოიწყენ.

მუმინტროლი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

როცა მუმინტროლს პირველად გადაეყრები, უცნობთან შეხვედრის უხერხულობას სულაც არ იგრძნობ, ის შენთან საერთო ენას აუცილებლად გამონახავს და მალე განუყრელ მეგობრებად იქცევით. და, ძალიანაც გაგიმართლებს, ის ხომ ყველაზე ერთგული არსებაა, რომელიც არასდროს დაგაღალატებს.

მუმინტროლს უყვარს ყველაფერი, რაც თავგადასავლებს უკავშირდება — შესანიშნავად ცურავს, არაფერი აშინებს, სახიფათო მოგზაურობაში აღმოჩენილი ყველაზე გაუკვალავ ბილიკს აირჩევს, დაბრკოლებებს გმირულად დაუხვდება, გასაჭირში ჩავარდნილს დაგიხსნის და აღმოჩენების გზაზე საიმედო მეგზურობას გაგიწევს.

პატარა მი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ამ ცეროდენა არსების სახელმა არ შეგაცდინოს — პატარა მი ყველაზე დიდი შფოთის თავია მათ შორის, ვისაც ოდესმე მუმინების ხეობაში გაუვლია. ენამოსწრებული, მოუსვენარი, გაბედული, გონებამახვილი პატარა მი პირველივე გამოჩენაზე შეგაყვარებს თავს, ისევე როგორც მუმინების ოჯახს შეაყვარა და მათთან დაიდო ბინა.

მას არაფრის ეშინია, არასდროს ეზარება ფათერაკების საძიებლად ხეტიალი და სხვების დასაცავად არაფერს დაიშურებს. რა ქნას თუ უიღბლობით თავს იქცევს და სხვებისთვის ოინების მოწყობა უყვარს, მთავარი ხომ ისაა, რომ ყველაზე საჭირო მომენტში მარტო არავის ტოვებს.

პატარა მიმ კარგად იცის ვინ არის და სულ არ აღელვებს სხვების აზრი და არც მათ საქმეში ყოფს ცხვირს. მისი დამოუკიდებლობა, ინდივიდუალურობა, თავისუფლება ნამდვილად მისაბაძია და მკითხველიც აუცილებლად იპოვის მასთან კავშირს.

სნუსმუმრიკი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, როცა ნივთების მისაკუთრებას და თან წაღებას მოინდომებენ. ამიტომაც, მე მხოლოდ ვუყურებ მათ და სადაც უნდა წავიდე, სულ თან დავატარებ, ოღონდ, აი, აქ, გონებაში.

სნუსმუმრიკი (კომეტა მუმინების ხეობაში)

სნუსმუმრიკს ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ, ბრძენი უნდა ვუწოდოთ. ის ფილოსოფოსია, რომელიც არასდროს კარგავს სიმშვიდეს, ცხოვრებაზე საინტერესო დაკვირვებებით გამოირჩევა, ხვდება იმასაც, რომ დუმილი ოქროა და მარტივი სიამოვნებებით ტკბობა შეუძლია.

ხშირად მარტოსულ გმირად მიიჩნევენ, მაგრამ გასაჭირში მხარს შეგაშველებს, ბევრს დახეტიალობს და შემეცნების გზებს ეძებს, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება საყვარელ ადამიანებთან, არ ფლობს უთვალავ ნივთს, მხოლოდ აუცილებელი, განსაკუთრებით საჭირო "ავლადიდება" დააქვს თან — მისი გონება ხომ ინახავს ყველაფერს, რაც უნახავს, გამოუცდია, თავს გადახდენია და მეტი არც არაფერი სჭირდება.

სნუსმუმრიკისთვის არაფერია თავისუფლების ფასი, არასდროს ეჯაჭვება სიტუაციებს, მდგომარეობებს, ნივთებს, გარდა ორისა — ფლეიტა და ჰარმონიკა მისი განუყრელი თანამგზავრები არიან, მათი თანხლებით თხზავს სიმღერებს. სნუსმუმრიკი, ეს მოხეტიალე ფილოსოფოსი ბევრ ღირებულ ცოდნას შეგძენს, თუმცა მას ბოლომდე მაინც ვერ გაიცნობ.


მუმინების პერსონაჟებზე 1-2 სიტყვა კი ვახსენეთ, მაგრამ ბევრი ვერც ვერაფერი ვთქვით: როგორ უნდა მოჰყვე ყველა თავგადასავალზე, ერთგულების, მეგობრობის, ზრუნვის, სიკეთის, აღმოჩენების მთელ სამყაროზე, რომელიც ერთი წამით არ მოგაწყენს.

მუმინების სამყაროში ბევრი სხვა გასაოცარი პერსონაჟიც დაგხვდება, რომლებსაც ვერ დაივიწყებ — ვიფსლა და ტოფსლა, ვომპერები, კაბიანი ჰემულები, ინკი, ტუუ-ტიკი, ჰატიფნატები, ფილიფიონკა თუ სხვა ათეულობით გმირი ზოგი ეპიზოდურად რომ გაიელვებს და საკუთარ კვალს სამუდამოდ ტოვებს.

წარმატება, რომელიც მუმინებს ხვდა წილად

მუმინების სამყაროში შებიჯებისთანავე მიხვდებით, რომ გასაკვირი არაა ის გასაოცარი წარმატება, რომელიც ტუვე იანსონის ნაწარმოებებს ხვდა წილად.

ნაწარმოებები ათეულობით ენაზე ითარგმნა, მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. იგივე ბედი ხვდა წილად მუმინების კომიქსებს, სერიალებს, ფილმებს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს აღაფრთოვანებს.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ტუვე იანსონის ნაწარმოებების თარგმნა ჯერ კიდევ 2003 წელს სულაკაურის გამომცემლობამ დაიწყო. დღეს კი მკითხველს განახლებულ სერიას სთავაზობს.

თუ შვილისთვის, პატარა მეგობრისთვის რაიმე ახალ და ამაღელვებელ საკითხავს ეძებ, ან გინდა, რომ განიტვირთო, ზღაპრული, ჭკუისსასწავლებელი, კეთილი სამყაროს კარი შეაღო, სულაკაურის გამომცემლობის საიტზე სერიის არაერთი წიგნი დაგხვდება.