20 მაისს, ადგილობრივი დროით 21:22 საათზე, ავსტრალიის თავზე მეტეორი აფეთქდა, რამაც ღამის ცა ჯერ მომწვანოდ, შემდეგ კი მოთეთროდ გაანათა. ატმოსფეროში ამ კოსმოსური ობიექტის შემოსვის თანმხლები ხმა მოსახლეობამ რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც კი გაიგო.

ეს შთამბეჭდავი სანახაობა ქალაქ კერნზის აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. მოვლენის ამსახველი ვიდეო დაწესებულების ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა:

როგორც ცნობილია, მეტეორის აფეთქება ქალაქ ნორმანტონიდანაც ხილული იყო, რომელიც კერნზიდან დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული. რაც შეეხება მჭექარე ხმას, ის ყველაზე მკაფიოდ კროიდონის დასახლების თავზე გაისმა, ნორმანტონიდან 100 კილომეტრით აღმოსავლეთით. ეს მიანიშნებს, რომ ობიექტი დედამიწის ატმოსფეროში სწორედ ამ არეალის მიმდებარედ შემოიჭრა.

კომეტა ბოლიდის ტიპის იყო, რომელიც სიკაშკაშით გამოირჩევა. მისი სავარაუდო გარშემოწერილობა 0.51 მეტრი უნდა ყოფილიყო, მოძრაობის სიჩქარე კი — 150 000 კმ/სთ. თუ მისმა ფრაგმენტებმა ხმელეთამდე ჩამოაღწია, ისინი, დიდი ალბათობით, ძალიან პატარა და ყინულოვანი იქნებოდა.

როდესაც ბოლიდები ჩვენი პლანეტის აირად გარსში შემოდის, ხახუნის ძალა მათ დაშლას განაპირობებს, რასაც განსაკუთრებული ნათება და უმძლავრესი ხმა სდევს თან. მსგავსი ობიექტები, როგორც წესი, მოთეთროდ ან მოყვითალოდ კაშკაშებს, მაგრამ უკანასკნელ შემთხვევაში მეტეორს მომწვანო ელვარება ჰქონდა, რაც მასში ლითონების მაღალ კონცენტრაციას უნდა გამოეწვია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.