შესაძლოა, რვაფეხებს კოშმარები ჩვენსავით ესიზმრებოდეთ — ნახეთ ვიდეო
მეცნიერები როკფელერის უნივერსიტეტში არსებულ აკვარიუმში მამრ რვაფეხას (Octopus insularis) კამერებით გარკვეული პერიოდი 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ დააფიქსირეს, რომ ეს არსება ძილის დროს მოულოდნელად ფერს იცვლიდა და უჩვეულოდ მოძრაობდა. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ის, სავარაუდოდ, სიზმარს ხედავდა და მასზე ფიზიკურად რეაგირებდა.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ყველა ეს სიზმარი სასიამოვნო არ იყო, რადგან რამდენიმე შემთხვევაში რვაფეხამ საცეცების გამოძრავების შემდეგ უცბად გამოიღვიძა და სხეულში არსებული პიგმენტი გამოყო, თითქოს თავის დაცვას ცდილობდა. ამან მკვლევრებს აფიქრებინა, რომ მას შესაძლოა, ამ დროს კოშმარი ესიზმრებოდა.
მათი აზრით, ასეთი ქცევა ადამიანის პარასომნიებს, ანუ ძილის დარღვევებს ჰგავს, როგორიც სწორედ კოშმარებია, რომელთაც გაღვიძების თავდაცვითი ინსტინქტი სდევს ხოლმე თან.
რა თქმა უნდა, იმის დაზუსტებით თქმა არ შეგვიძლია, რომ რვაფეხებშიც იგივე ხდება, რადგან მეცნიერებმა მსგავსი რამ მხოლოდ ამ ერთ ინდივიდზე დაკვირვებისას დააფიქსირეს. არაა გამორიცხული, რომ ეს ზოგადად სახეობას არ ახასიათებდეს და კონკრეტული რვაფეხა იყოს გამორჩეული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საკმაოდ გონიერი არსებები არიან და განვითარებული ტვინი აქვთ.
თუ დადასტურდა, რომ მათ კოშმარები ესიზმრებათ, გასაოცარი იქნება, რადგან ჩვენ და რვაფეხები ევოლუციური თვალსაზრისით ძალიან განვსხვავდებით, ასეთი საერთოს ქონა კი გონიერი სიცოცხლის შესასწავლად ახალ კარს გაგვიღებს. ავტორთა ნაშრომი bioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები