ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე გადაშლილი წიგნის მსგავს ქვას მიაგნო
ის, რომ წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო, მარსზეც ვრცელდება. საქმე ისაა, რომ NASA-ს მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებულმა მავალმა Curiosity სწორედ გადაშლილი წიგნის მსგავს ობიექტს მიაგნო, მაგრამ ის არც ენდი უირის "მარსელია", არც ართურ კლარკის "2001: კოსმოსური ოდისეა" და არც სხვა რომელიმე ნაწარმოები, არამედ უბრალოდ უცნაური ფორმის ქვაა.
როგორც წესი, ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ნაპოვნი ასეთი ქვების ფორმები, რომლებსაც ჩვენთვის ნაცნობ ობიექტებს ვამსგავსებთ ხოლმე, მილიარდობით წლის წინ მათი წყალთან ურთიერთქმედების შედეგია. მაშინ მარსი ასეთი მშრალი პლანეტა არ იყო, არამედ მის ზედაპირზე მდინარეები და ტბები არსებობდა, რომლებიც დიდხანს ვერ შენარჩუნდა და დაშრა.
გარდა წყალთან ურთიერთქმედებისა, ამ ქვების ცვლილებაზე დიდი გავლენა იქონია მტვრის ნაწილაკების შემცველმა ძლიერმა ქარმაც, რომელმაც დროთა განმავლობაში ქვების შედარებით არამყარი ნაწილი დაშალა და მხოლოდ გამძლე ფრაგმენტები დატოვა. სწორედ ასეთ ფრაგმენტს ვხედავთ Curiosity-ის კამერის მიერ გადაღებულ სურათზე.
Curiosity მარსზე მდებარე გეილის კრატერს 2012 წლიდან იკვლევს, მისი დახმარებით მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე ძველად წყლის არსებობის არაერთ კვალს მიაკვლიეს და ორგანული ნივთიერებებიც აღმოაჩინეს. წიგნის მსგავს, 2.5 სანტიმეტრი ზომის ქვას ის იქ ყოფნის 3 800-ე მარსულ დღეს გადააწყდა და MAHLI-ად წოდებული კამერით გადაიღო.
კომენტარები