2 100 წლისთვის შესაძლოა, მსოფლიოს ნახევარმა განსხვავებულ კლიმატურ ზონაში გადაინაცვლოს
თანამედროვე მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში კლიმატის ცვლილებას სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს, რაც ტემპერატურისა თუ ატმოსფერული ნალექის ცვლილებასაც მოიცავს. მსგავსი სხვაობა მიანიშნებს, რომ მომავალში ზოგიერთ რეგიონში მათთვის სრულიად უცხო კლიმატი იქნება.
კერძოდ, ახალი კვლევის თანახმად, ეს არეალები განსხვავებულ კლიმატურ ზონებში 2 100 წლისთვის გადაინაცვლებს. კიოპერ-გეიგერის კლასიფიკაციის მიხედვით, ჩვენს პლანეტაზე 5 მთავარი ტიპის კლიმატი არსებობს: ტროპიკული, მშრალი, ზომიერი, კონტინენტური და პოლარული. თითოეულ მათგანში, თავის მხრივ, ქვეკატეგორიებიც შედის.
მეცნიერთა პროგნოზით, კლიმატის ზონის ცვლილება ხმელეთის 38-48%-ს ემუქრება, თუკი გლობალური დათბობა ისევ ამ ტემპით გაგრძელდება. მოსალოდნელია ისიც, რომ მასშტაბები წლიდან წლამდე გაიზარდოს, რაც ასეთ ადგილებში მობინადრე სახეობებისთვის, მათ შორის ადამიანებისთვის, კარგი ნამდვილად არაა.
უფრო კონკრეტულად, მეტად გავრცელდება ტროპიკული და მშრალი კლიმატი, პოლარული კი — პირიქით. ასევე, ოდნავ შემცირდება ზომიერი და კონტინენტური ზონების მასშტაბები. ჩამოთვლილი ცვლილებები ზოგ რეგიონზე მეტად აისახება, ვიდრე სხვებზე. მაგალითად, ევროპის 80-90% სხვა კლიმატურ ზონაში გადაინაცვლებს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის შემთხვევაში ეს 57-66%-ში მოხდება. 2 071-2 100 წლებში აღნიშნული ცვლილებები გავლენას იქონიებს აზიის 50%-ზე, სამხრეთ ამერიკის 35%-ზე, ოკეანეთის 20%-ზე და აფრიკის 20%-ზე.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Earth’s Future გამოქვეყნდა.
კომენტარები