რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კაცობრიობას კოსმოსიდან არასდროს არავინ დაჰკავშირებია, თუმცა, სტატისტიკურად, მარტონი არ უნდა ვიყოთ.

ასევე იხილეთ: ბერსერკერის ჰიპოთეზა: რა მოხდება, თუკი უცხოპლანეტური ცივილიზაცია ჩვენს რადიოსიგნალებს აღმოაჩენს?

მეცნიერებმა ათწლეულების განმავლობაში არაერთი შესაძლო ახსნა მოიფიქრეს. უახლესი ჰიპოთეზა კი ეკუთვნის შვეიცარიის École Polytechnique Fédérale de Lausanne (EPFL)-ის სტატისტიკური ბიოფიზიკის ლაბორატორიის მკვლევარს.

"მხოლოდ 60 წელია, რაც ვეძებთ [რადიოსიგნალებს]", — ამბობს კლაუდიო გრიმალდი. "დედამიწა შეიძლება მდებარეობდეს ბუშტში, რომელიც, უბრალოდ, მოკლებულია არამიწიერი სიცოცხლიდან მომდინარე რადიოტალღებს."

მარტივად რომ ვთქვათ, კოსმოსი ძალიან დიდია და, შესაძლოა, ეს რადიოტალღები ჩვენამდე ვერ აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან არამიწიერი სიცოცხლის ძიება დროს, ძალისხმევასა და ფინანსებს მოითხოვს. ზოგიერთი იმაზეც საუბრობს, საერთოდ, ღირს თუ არა არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში რესურსების ჩადება.

კვლევის მოდელი ვარაუდობს, რომ ირმის ნახტომში არსებობს, სულ მცირე, ერთი ტექნოლოგიური წარმოშობის ელექტრომაგნიტური სიგნალი, დედამიწა კი მდებარეობს ჩუმ ბუშტში, სულ მცირე, ექვსი ათეული წელია.

თუკი ასეა, მაშინ, სტატისტიკურად, ჩვენს გალაქტიკაში საუკუნეში ფიქსირდება 1-დან 5-მდე ელექტრომაგნიტური ემისია. ეს კი საკმაოდ მცირე რაოდენობაა.

ფოტო: Grimaldi, Astronomical Journal, 2023

ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, გრიმალდის თქმით, შესაძლოა, სულ მცირე, 60 წელიწადში უცხოპლანეტელებისგან რადიოსიგნალი მივიღოთ. ყველაზე არასახარბიელო სცენარით კი, ეს მხოლოდ 2 000 წლის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ჩვენს რადიოტელესკოპს ზუსტი მიმართულება ჰქონდეს.

"შეიძლება, უიღბლოები აღმოვჩნდით და რადიოტელესკოპების გამოყენება მაშინ ვისწავლეთ, როდესაც ვკვეთდით კოსმოსის იმ ნაწილს, რომელზეც სხვა ცივილიზაციებიდან წამოსული რადიოსიგნალები არ იყო", — განმარტავს ის. "ჩემთვის ეს თეორია უფრო ლოგიკურია, ვიდრე იმის დაშვება, რომ რადიოსიგნალებს მუდმივად ვიღებთ, მაგრამ, რაღაც გაურკვეველი მიზეზით, ვერ ვახერხებთ მათ დადგენას."

რამდენადაც ხელსაწყოები, რომლებსაც კოსმოსის შესასწავლად ვიყენებთ, დღითიდღე უმჯობესდება, ვპოულობთ უფრო და უფრო მეტ პლანეტას, რომლებსაც, შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები ჰქონდეს და, ამდენად, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შანსებიც იზრდება.

მეცნიერებს კოსმოსის ჯერ კიდევ ბევრი ადგილი აქვთ გამოსაკვლევი და მნიშვნელოვანია, ზუსტად ესმოდეთ, თუ სად უნდა ეძიონ. მაგალითად, კვლევის ანალიზის მიხედვით, თუკი არამიწიერი ცივილიზაცია განვითარებულია, ის შეიძლება არსებობდეს პლანეტების ჯგუფის ირგვლივ და არ იყოს თანაბრად განაწილებული.

გრიმალდის აზრით, უმჯობესია, გამოვიყენოთ სიგნალები, რომლებიც შეგროვებულია სხვა მისიებზე ფოკუსირებული ტელესკოპების მიერ, ვიდრე გამოვიყენოთ ტელესკოპები უშუალოდ უცხოპლანეტელების მოსაძებნად. შესაბამისად, ყველაზე დიდი ყურადღება გასამახვილებელია ასტროფიზიკურ კვლევებზე, რომლებიც აფიქსირებს სხვა ვარსკვლავებიდან და გალაქტიკებიდან მომავალ რადიოტალღებს. გრიმალდის თქმით, საჭიროა, შემოწმდეს, რამდენად შეიძლება იყოს ეს რადიოტალღები განვითარებული ტექნოლოგიების შედეგი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.