გურამ იმნაძე

6 Apr. 2023, 15:08

მოსამართლეების დასანქცირებას აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე.

სამართლებრივ ნაწილზე საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი გასაგებად მიუთითებენ, რომ მათ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ იმის დასასაბუთებლად, რომ ეს ადამიანები ჩართულნი იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში და ამიტომ, მათ უნდა შეეზღუდოთ შტატებში შესვლის უფლება. სამართლებრივად თუკი ქართულ მხარეს სურს მეტის გარკვევა, აქამდეც ჰქონდათ ძალიან დიდი დრო ამისთვის და ახლაც შეუძლიათ, რომ ან გამოძიება დაიწყონ, ან პარლამენტში შექმნან ამისთვის სპეციალური მექანიზმი და შეისწავლონ, არსებობს თუ არა კორუფცია და არაფორმალური გავლენები სასამართლო სისტემაში.

სანქციების პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, აქ რამდენიმე რამე უნდა გამოიყოს: შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი ფინანსური, ადამიანური და ექსპერტული მხარდაჭერა აქვს გაწეული ქართული მართლმსაჯულების განვითარებისთვის და ბუნებრივია, რომ ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას დღევანდელ სასამართლოზე. სანქციებით ისიც დასტურდება, რომ ეს აღარაა რამდენიმე მოსამართლის პრობლემა და რომ ამით მთლიანად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პოლიტიკურ სტაბილურობას ადგება გამოუსწორებელი ზიანი. ბოლო წლებში თუკი საერთაშორისო დონეზე მორიდებით საუბრობდნენ არაფორმალურ გავლენებზე, მოსამართლეთა კლანზე და სისტემაში კორუფციაზე, დღეიდან ეს "ჩუმად" საუბარი ბევრად ხმაურიანი გახდება. სანქციებს, ასევე, შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ეფექტი თვითონ სასამართლოს სისტემის შიგნით. პირველ რიგში, ეს არის ნიშანი იმ კეთილსინდისიერი მოსამართლეებისთვის, ვინც დღემდე (ასევე, მორიდებით, მაგრამ მაინც) აგრძელებს მუშაობას სისტემაში, რომ არანაირი ძალაუფლება და გავლენა არაა მარადიული და ადრე თუ გვიან, ნებისმიერი უსამართლობა დამთავრდება.

ეს, ასევე, არის იმ მოსამართლეების გამბედაობის დაფასება, ვინც ხმამაღლა, საკუთარი სიცოცხლის თუ პირადი ინტერესების რისკის ფასად გაბედა სისტემაში არსებულ დანაშაულებრივ გარემოზე საუბარი. და ბოლოს — სანქციებით ჯერ სამართლიანობა არ დამდგარა. ჯერ მხოლოდ სამართლიანობის სიმბოლურ მხარეზე შეიძლება საუბარი, ისიც ნაწილობრივ. სამართლიანობაზე მხოლოდ მაშინ შევძლებთ საუბარს, როცა ქართული სასამართლო ამ კასტისგან სრულად გათავისუფლდება (სხვათა შორის, კლანის ერთ-ერთმა წევრმა პალამენტის სამუშაო ჯგუფში ეგეც გვითხრა, თუკი ჩემს ყოფნა-არყოფნაზე გადის სასამართლოს ბედი, მე მზად ვარ მანტია დავთმოო). აი ქართული ოცნებისთვის კი მართლაც სიმბოლურია, მზად რომ არიან, ზედ გადაეფარონ და ბოლომდე ჩაყვნენ ჭაობში ჩინჩალაძეს, მურუსიძეს, ცერცვაძეს და შენგელიას. ეს ყოფილა "კოლექტიური ზარდიაშვილის" ბედი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ