მათი სახელები ისტორიაში შევა — გაიცანით მთვარის მისია Artemis 2-ის ეკიპაჟი
კაცობრიობა მთვარეზე ბრუნდება.
მომდევნო წელს, უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში პირველად, დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის გარშემო ასტრონავტები გაემგზავრებიან. ეს მისია Artemis 2-ის ფარგლებში მოხდება. NASA-მ ეკიპაჟის წევრების ვინაობა საზოგადოებას უკვე გააცნო: ამერიკელი ასტრონავტები — ქრისტინა კოხი, რიდ ვაისმანი და ვიქტორ გლოვერი მთვარის ორბიტაზე კანადის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელ ჯერემი ჰანსენთან ერთად გაფრინდებიან.
ისინი იქნებიან პირველი ადამიანები, რომლებიც 1972 წელს განხორციელებული მისია Apollo 17-ის შემდეგ მთვარის მიმდებარედ გაემგზავრებიან.
მაშ, ასე გაიცანით "ფანტასტიკური ოთხეული":
რიდ ვაისმანი
რიდ ვაისმანი 47 წლის გახლავთ, აშშ-ის შტატ მერილენდიდან. მან ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომი ნიუ იორკში მდებარე რენსელერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აიღო, მაგისტრის წოდება კი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოიპოვა.
ის 1999 წლიდან აშშ-ის სამხედრო ძალების ავიატორი იყო, ხოლო პილოტად იგი ახლო აღმოსავლეთში ორჯერ გაიწვიეს, ბოლოს 2003 წელს. NASA-მ რიდი 2009 წელს ასტრონავტთა მოსამზადებელ გუნდში მიიღო. სწავლება 2011 წლამდე გაგრძელდა, 2014-ში კი ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვეს. იქ მან 165 დღე გაატარა. მას შემდეგ ვაისმანი კოსმოსში არ ყოფილა.
2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე ის აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ასტრონავტთა ოფისს ხელმძღვანელობდა. ახლა რიდი მისია Artemis 2-ისთვის ემზადება.
"Artemis 2 გლობალური ძალისხმევის შედეგია, რომელიც Artemis 3-ითა და მეტით უფრო მასშტაბური გახდება. მადლობა NASA-ს თანამშრომლებს, პროგრამის მენეჯერებს, ცენტრის დირექტორებს, რომლებიც აქ არიან. ასევე, უდიდესი მადლობა პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ ქვეყნისა და მთლიანი მსოფლიოს გაერთიანებისთვის, რათა მარსზე და უფრო შორს გავემგზავროთ", — განაცხადა რიდ ვასმანმა.
ვიქტორ გლოვერი
ვიქტორ გლოვერი 46 წლისაა. მან კალიფორნიის შტატის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომი აიღო, შემდეგ კი სამაგისტრო სწავლება სამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიარა: ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზის უნივერსიტეტში, საზღვაო საასპირანტო სკოლასა და საჰაერო ძალების უნივერსიტეტში.
ვაისმანის მსგავსად, ის აშშ-ის სამხედრო ძალების პილოტია. მან 40 აპარატით საერთო ჯამში 3 000 საათი იფრინა და 24 საბრძოლო მისიაში მიიღო მონაწილეობა. გლოვერი NASA-ს 2013 წლის ასტრონავტთა გუნდში მოხვდა და სწავლა 2 წელში დაასრულა.
ის SpaceX-ის მიერ NASA-სთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განხორციელებული პირველი მისიის Crew-1 ეკიპაჟის წევრი იყო. გლოვერი კოსმოსში ამ ერთხელ გაფრინდა და ორბიტაზე 168 დღე გაატარა, ხოლო იქ ყოფნისას ღია კოსმოსში 4-ჯერ გავიდა.
"ადამიანთა ისტორიის ეს მომენტი უნდა აღვნიშნოთ. Artemis 2 მთვარის მისიაზე მეტია, მეტია მისიაზე, რომელიც მანამდე ხორციელდება, სანამ ადამიანებს მთვარის ზედაპირზე გავუშვებთ. ესაა მომდევნო ნაბიჯი, რომელიც კაცობრიობას მარსისკენ წაიყვანს", — ამბობს ასტრონავტი.
ქრისტინა კოხი
44 წლის ქრისტინა კოხი ჩრდილოეთ კაროლინიდანაა, მან ინჟინერიის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები სწორედ ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტსა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში აიღო. ასევე, მუშაობდა NASA-ს მისიებისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო ხელსაწყოებზე, მათ შორის ზონდ Juno-სა და Van Allen-ის აპარატებზე.
კოხს აშშ-ის ანტარქტიკული პროგრამისა და ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო ადმინისტრაციის სამეცნიერო სამუშაოებშიც აქვს წვლილი შეტანილი. ის ანტარქტიდის, გრენლანდიისა და ჩრდილოეთ ალასკის ექსპედიციების წევრი იყო, ხოლო ასტრონავტების მოსამზადებელ სწავლებაში 2013 წელს ჩაერთო.
ქრისტინა კოხი კოსმოსში 2019 წლის მარტში გაფრინდა და დედამიწაზე 2020 წლის თებერვალში დაბრუნდა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 328 დღე გაატარა, იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქალმა ასტრონავტმა. გარდა ამისა, ის კოლეგა ჯესიკა მეიერთან ერთად ღია კოსმოსში გავიდა, რაც მხოლოდ ქალების მონაწილეობით პირველად მოხდა. მან ხანგრძლივი მისიის განმავლობაში ღია კოსმოსში გასასვლელად ISS სულ 6-ჯერ დატოვა.
Artemis 2 კოხისთვის მეორე კოსმოსური ფრენაა.
"ვარ თუ არა აღელვებული? რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი კითხვაა, თქვენ თუ ხართ აღელვებული? ამას ვკითხულობ, რადგან ყველაზე მეტად ამაღელვებელი ისაა, რომ ამ აჟიტირებას, მისწრაფებებსა და ოცნებებს წავიღებთ ჩვენს მისიაში", — განაცხადა მან.
ჯერემი ჰანსენი
47 წლის ჯერემი ჰანსენი ონტარიოდანაა. მან კოსმოსური მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი და ფიზიკაში მაგისტრის წოდება კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯში აიღო. ის კანადის საჰაერო ძალების პოლკოვნიკია და 2004-დან 2009 წლამდე იქ პილოტად მსახურობდა.
ის 2009 წელს კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტთა მესამე ნაკადისთვის აირჩიეს. მომზადება მან 2011 წელს დაასრულა და 2013-ში CAVES-ის პროგრამაში, 2014-ში კი NEEMO-ს მიწისქვეშა ექსპედიციაში მონაწილეობდა.
2017 წელს ჰანსენი NASA-სა და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტობის კანდიდატების მოსამზადებელი პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა და პირველი კანადელი გახდა, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. Artemis 2-ის ეკიპაჟში მას ადგილი კანადის წვლილის სანაცვლოდ ერგო, რომელმაც მთვარის კოსმოსური სადგურისთვის Gateway მექანიკური ხელი, სახელად Canadarm3 უნდა დაამზადოს.
2024 წლის კოსმოსური ფრენა ჰანსენისთვის სადებიუტო იქნება.
"ჩვენი მეცნიერები, ინჟინრები, კანადის კოსმოსური სააგენტო, კანადის შეიარაღებული ძალები, ხელისუფლება და წამყვანი პირები ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობენ. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის წყალობით, კანადელი მთვარეზე წავა და ეს გასაოცარია", — ამბობს ჰანსენი.
ვაისმანი მისიის მეთაური იქნება, ვიქტორ გლოვერი პილოტის ფუნქციას შეასრულებს, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი კი მისიის სპეციალისტები იქნებიან.
რაში იქნებიან ისინი პირველები
ისტორიული მისიის განმავლობაში ასტრონავტებს დედამიწიდან მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Launch Systems გაიყვანს. ისინი Orion -ის კაფსულაში მოთავსდებიან, რომელიც 10-ღიანი ვოიაჟის განმავლობაში მთვარეს გარს შემოუვლის და ისევ დედამიწაზე დაბრუნდება. ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ აპარატი წყნარ ოკეანეში დაეშვება.
როგორც უკვე ვახსენეთ, Artemis 2-ის ეკიპაჟი უკანასკნელ 50 წელში პირველი იქნება, რომელიც მთვარისკენ გაფრინდება, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ისინი პირველები იმგზავრებენ Space Launch Systems-ითა და Orion-ით, რომლებითაც აქამდე მხოლოდ უეკიპაჟო მისიებია განხორციელებული.
"ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ასტრონავტები მთვარისკენ არ გამგზავრებულან, რაც მალე შეიცვლება. მთვარის ამ მისიით 4 პიონერს გავუშვებთ, მაგრამ ის მხოლოდ ასტრონავტებს არ წაიყვანს. Artemis 2 თან წაიღებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრები მილიონობით ადამიანის იმედებსაც", — განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ოთხეული დისტანციის ახალ რეკორდსაც დაამყარებს და იმაზე შორს წავა, ვიდრე 1970 წელს Apollo 13-მა შეძლო. ისინი პლანეტას 400 171 კილომეტრ მანძილზე დაშორდნენ, საიდანაც მთვარეცა და დედამიწაც მოჩანს.
Artemis 2-ის ფარგლებში NASA 4 ადამიანს ერთად მთვარისკენ პირველად გაუშვებს, რადგან ხომალდ Apollo-ში მხოლოდ 3 ადგილი იყო. ასევე, ესაა მთვარის პირველი ეკიპაჟიანი მისია, რომელიც საერთაშორისო ჩართულობით ხორციელდება, მათ შორის ევროპის კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოხი გახდება პირველი ქალი, რომელიც მთვარისკენ წავა, ვიქტორ გლოვერი პირველი ფერადკანიანი, ხოლო ჯერემი ჰანსენი — პირველი არაამერიკელი. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანი თაობა X-ის წარმომადგენელია, ანუ მათგან ჯერ დაბადებული არცერთი იყო, როცა ასტრონავტები 1968-72 წლებში მთვარეზე მიფრინავდნენ.
რა იქნება შემდეგ?
როგორც აღვნიშნეთ, Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ორბიტაზე მიემგზავრება და არა მის ზედაპირზე. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ NASA მრავალ ახალ ტექნოლოგიას, სისტემასა თუ პროცედურას ცდის. იქიდან გამომდინარე, რომ ციურ სხეულზე დაშვება ბევრად რთულ მანევრებსა და სხვა დეტალებს გულისხმობს, პირველ ეტაპზე დედამიწის თანამგზავრის ირგვლივ შემოვლას არჩევენ, რაც უსაფრთხოა და სხვადასხვა კრიტერიუმთან ხომალდის შესაბამისობის განსაზღვრაში დაგვეხმარება.
ეს მისია წინას, Artemis-1-ს, ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით ასტრონავტების გაშვებას ითვალისწინებს და უფრო ხანმოკლეა. ასევე, მოიცავს ადამიანებზე მორგებულ საკომუნიკაციო, სამართავ თუ სხვა ტექნიკურ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, გამოვცდით, რამდენად ეფექტიანად იცავს ადამიანებს მავნე გამოსხივებისგან Orion-ის კაფსულა, როგორ მუშაობს კოსმოსში ასტრონავტებისთვის აუცილებელი სისტემები, როგორ მანევრირებს აპარატი და ა.შ.
ამ ყველაფრის შემდეგ მზად ვიქნებით მომდევნო ეტაპისთვის, Artemis 3-ისთვის, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები (მათ შორის პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი) მთვარის ზედაპირზე დადგამენ ფეხს. ეს ისტორიული მისია 2025 წელსაა ჩანიშნული.
Artemis 3-ის ეკიპაჟი მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში დაეშვება. 2 მათგანი ციური სხეულის ზედაპირზე დაახლოებით 6 დღეს გაატარებს. ამ დროის განმავლობაში ისინი დედამიწის თანამგზავრის გრუნტზე გაივლიან და მეცნიერულ დაკვირვებებს განახორციელებენ. დანარჩენი 2 ასტრონავტი Orion-ში დარჩება. ეკიპაჟის ჩასვლამდე იქ საჭირო ტექნიკა გაიგზავნება, როგორიც მთვარემავალია, რომელიც მათ უკვე ადგილზე დახვდებათ.
პარალელურად, მთვარის ორბიტაზე სპეციალური კოსმოსური სადგური, სახელად Lunar Gateway გაეშვება, რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე საკომუნიკაციო ჰაბის, სამეცნიერო ლაბორატორიისა და ასტრონავტთა საცხოვრებელი მოდულის ფუნქციას შეასრულებს. მისია Artemis 4-ისა და Artemis 5-ის ფარგლებში, 2027-28 წლებში, სადგურს ახალ მოდულებს მიუერთებენ.
ასე ჩაეყრება საფუძველი მთვარის მუდმივ ბაზას და, რაც მთავარია, მარსისკენ გავიკვალავთ გზას, რომელიც კაცობრიობის კოსმოსურ მოგზაურობაში შემდეგი დიდი გაჩერებაა. პროგრამა Artemis ადამიანებს წითელი პლანეტისკენ და უფრო შორეული მიზნისკენ გაუძღვება — მრავალპლანეტურ ცივილიზაციად ქცევისკენ.
კომენტარები