10 ფრინველი, რომელიც ივანიშვილმა უნდა "გადაარჩინოს"
ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და გუნდის განსაკუთრებული ინტერესი ბუნების მიმართ ყველასთვის ცნობილია. ამის დასტურად იჯარით აღებული და გადახურული ტყეების, გადათხრილი და ზღვით გადატანილი ხეების, კენიიდან წამოღებული ბაობებისა და ამაზონისთვის გადარიცხული მილიონის გახსენება შეგვიძლია.
გადმოცემებით გვსმენია ივანიშვილის სიყვარულზე ზებრებისა და პინგვინების მიმართ, თუმცა ამაზე სხვას ვერაფერს ვიტყვით, თავად არ გვინახავს. სამაგიეროდ, თუთიყუშები ვნახეთ, რომელთან ერთადაც ექსპრემიერი რამდენიმეწლიანი საჯარო დუმილის შემდეგ გამოჩნდა, აშკარად ბედნიერი და ლაღი.
ალბათ, ეს თუთიყუშებიც ისეთივე იშვიათი ჯიშისაა, როგორც ხოხბები, კაკბები, გნოლები, დურაჯები და შურთხები, რომელთა გადარჩენაშიც ივანიშვილის განსაკუთრებულ წვლილზე იმედი გვიამბობს.
"დაპირისპირების, პროვოკაციების, უსაგნო ლაყბობის, თუ დამაზიანებელი განცხადებების პარალელურად, ქვეყანა ვითარდება და ამას ყველა ვხედავთ და ამაში გადამწყვეტი როლი აქვს იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს მომავალზე ზრუნავს და ქველმოქმედებაში მილიარდებს ხარჯავს", — ასე დაიწყო იმედის კვირის სიუჟეტის წარდგენა წამყვანმა.
ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებისას ისიც გვითხრა, რომ მას უფრო "ღირებული, მასშტაბური და ქვეყნისთვის საჭირო" საზრუნავები აქვს. ეს საზრუნავი კი ჭორვილაში აგროკომპლექსში ხოხბების და კაკბების გამრავლება ყოფილა, რომელიც ველურ ბუნებაში გაუშვიათ.
რადგან ქართული ოცნების დამფუძნებელს ამდენი თავისუფალი დრო აქვს, გადავწყვიტეთ საქმე შევუმსუბუქოთ და "გადასარჩენი" ფრინველების სია შევთავაზოთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ექსპრემიერი, რომელიც კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებისას, რუსული კანონის განხილვისას და მასშტაბური საპროტესტო აქციების დაშლისას არ გამოჩენილა, დროს გამონახავს და ეგზოტიკურ ფრინველებზე სტატიას მაინც ნახავს.
1. სამთვალა ყორანი
ჯორჯ მარტინის სამყაროს ეს ბურუსით მოცული ფრინველი აუცილებლად "გადასარჩენია". სუს-ში ამდენ ტელეფონს რომ არ უსმინონ და კრებსების შევსებაზე არ იწვალონ, გაგზავნიან ერთ სამთვალა ყორანს, ჩაუსახლდებიან სხეულში, დაზვერავენ სიტუაციას და ეგაა, რა.
2. ჰიპოგრიფი ბაკბიკი
თუ ივანიშვილმა არ იცის, აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ჰიპოგრიფი ჯადოსნური არსებაა, რომელსაც წინა ფეხები და ფრთები არწივის აქვს; სხეული, უკანა ფეხები და კუდი კი ცხენის. ძალიან ამაყი და ღირსეული ფრინველია — პატივისცემით მოპყრობას ითხოვს და იმავეთი გპასუხობთ.
"გადასარჩენია" ჰარი პოტერის და აზკაბანის ტყვის შუა ნაწილში, სანამ ჰარი და ჰერმიონა მალფოების მიქსეული მაგიის სამინისტროს ჯალათისგან დაიხსნიან.
3. ფენიქსი ფოუკსი
ფენიქსიც ჯადოსნური ფრინველია, ალისფერი, წითელი და ოქროსფერი ბუმბულით, მკურნალი ცრემლებითა და ხელახლა დაბადების უნარით. თუ ბატონი ბიძინა მოიცლის, დამბლდორის ფენიქსს იქამდე "გადაარჩენს", სანამ აალდება და ფერფლად იქცევა. მერე რა, რომ ეს მის ხელახლა დაბადებას ნიშნავს, ბატონ ბიძინას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, როდის მისცემს ამის უფლებას. ამისთანები გადაუწყვეტია?!
4. ჯაფარის იაგო
ბატონ ბიძინას რომ არ შეეშალოს, დავაზუსტებთ, ეს ის ჯაფარა არაა პრემიერმინისტრი სატანისტობას რომ აბრალებს. არც ის იაგოა, ჯარის კანონზე აქციებს რომ მართავს.
ცოტა გვეშინია, ამ თუთიყუშს ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე არ დაემართოს, რადგან გვინდა, ჯაფარის ნეგატიური გარემოცვისგან გავათავისუფლოთ...
5. ბრაზიანი ჩიტი
მგონი დროა, რომ ბატონმა ბიძინამ ეს ჩიტი თავისივე სიბრაზისგან "იხსნას" და მისი მეგობარი ფრინველებიც მიაყოლოს, ისევე, როგორც 2012 წელს ქვეყანა "იხსნა".
6. დიაბლო
მალეფისენტის ყვავიც იქამდე უნდა "გადაარჩინოს", სანამ პატარა პრინცესას სიყვარულის გამო გული მოულბება და გაათავისუფლებს. თორემ თავისუფალ ადამიანებთან ჭიდილი მობეზრებული აქვს და ჩიტებს ხომ არ დაიმატებს.
7. კაჭკაჭჯაფარა
ეს ჩიტებიც იქამდეა "გადასარჩენი", სანამ პროტესტის ჰიმნს მოსდებენ მთელ ქვეყანას და პრეზიდენტი სნოუ სულ ამოწყვეტს პანემში. თან ფილმის შინაარსიც ნახოს, დიქტატურაზე ნაწილობრივ ნაცნობი სიუჟეტი შეხვდება.
8. ჩხიკვები
რა იქნება ჩხიკვ ზაქარიას და ქეთევანის "გადარჩენის" გეგმა? ალბათ, ქორწილის სამზადისის ტვირთისა და სიყვარულის მძიმე ემოციებისგან "გათავისუფლება", დაშორება და სხვადასხვა ნაკრძალში გაშვება.
9.ლურჯი მაკაო
სადაც ხეები გადაიტანა ჩაქვიდან შეკვეთილში, ამ ფრინველების ჩამოყვანასაც შეძლებს რიოდან დენდროლოგიურ პარკში. ამ ფრინველებს გადასარჩენად იმდენი ბრძოლის გადატანა მოუწიათ, ახლა გამრავლება და დენდროლოგიურ პარკში გაშვება სჭრიდებათ.
10. პინგვინები
მგონი, აქ არაფრის დამატება არ არის საჭირო. ბატონმა ბიძინამ პინგვინების ამბები ჩვენზე უკეთ იცის.
კომენტარები