შექმნეს ხელოვნური ფოთოლი, რომელსაც წვიმისგან ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია
წვიმისგან ენერგიის მიღების ეს პროცესი ახალია.
იტალიელმა მკვლევრებმა შექმნეს ხელოვნური ფოთოლი, რომელიც შეიძლება ჩაშენდეს მცენარეებში. და რაც მთავარია, ფოთოლს წვიმის წვეთებიდან ან ქარისგან ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია.
IEEE Spectrum-ის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ტექნოლოგია ძალიან კარგად ფუნქციონირებს წვიმიან და ქარიან პირობებში. მას LED ნათურების ჩართვა და ენერგიის გამომუშავება შეუძლია.
ფაბიან მედერმა, მკვლევარმა, რომელიც რობოტიკის სპეციალისტია, განაცხადა, რომ სისტემა შეიძლება იყოს პრაქტიკული სასოფლო-სამეურნეო აპლიკაციებისთვის და გარემოს მონიტორინგისთვის. ასევე ეს მნიშვნელოვანია მცენარეთა მოვლისა და კლიმატის მონიტორინგისთვის.
იმისათვის, რომ მოწყობილობამ იმუშაოს, მას მცენარის ფოთლებს უმატებენ.
"როდესაც ფოთლები მოძრაობენ ქარში, ორი ზედაპირი ერთმანეთს ეხება და ისევ შორდება, რაც ქმნის მუხტს. ეს მუხტები ინდუცირებულია მცენარის შიდა უჯრედულ ქსოვილში, სადაც იქმნება დენი. მისი მოპოვება შეგვიძლია მცენარის ქსოვილში ჩასმული ელექტროდის საშუალებით", — ამბობენ მკვლევრები.
ენერგიის მოპოვება წვიმისგან
ჩვენ გვინახავს ხელოვნური ფოთლები, რომლებიც მსგავს ტექნიკაზე მუშაობენ, მაგრამ წვიმის წვეთებიდან ენერგიის მიღების პროცესი ახალია.
მკვლევრებმა განაგრძეს ხელოვნური ფოთლების სისტემის ჩანერგვა ცოცხალი ოლეანდრის ფოთლებში და შეაფასეს ენერგიის გამომუშავების უნარი.
შედეგებმა აჩვენა, რომ წყლის ერთ წვეთს შეუძლია შექმნას ძაბვა და დენი 40 ვოლტსა და 15 მიკროამპერზე. მეტიც, ამას შეუძლია 11 LED ნათურის ჩართვაც.
"შედეგებმა აჩვენა, რომ ქარისა და წვიმის ენერგიის დაგროვება შესაძლებელია მოწყობილობასთან ერთად — ცალკე ან ერთდროულად — რაც მას მრავალფუნქციურ ენერგიის გამომმუშავებელ სენსორად აქცევს", — განუცხადა IEEE Spectrum-ს ბარბარა მაცოლაიმ, რობოტიკის ასოცირებულმა დირექტორმა.
მან ასევე განმარტა, რომ ენერგიის გამომუშავების ამ სისტემის მთავარი უპირატესობა სხვა მსგავს მოდელებთან შედარებით არის ის, რომ მას შეუძლია შექმნას მეტი ელექტროენერგია წვიმის პირობებში. სხვა მსგავსი ტექნოლოგია პირიქით, ასეთ დროს სველდება და ვერ მუშაობს.
ახლა მკვლევრები მუშაობენ ხელოვნური ფოთლის ეფექტის გაუმჯობესებაზე დიზაინის მოდიფიკაციების მეშვეობით, როგორიცაა ელექტროდების ფორმები და არჩეული მასალები.
"ჩვენ შევიტანეთ საპატენტო განაცხადი ტექნოლოგიაზე და ვაანალიზებთ პოტენციურ ბაზრებს. საბოლოო პროდუქტის მიღებამდე კვლევა კვლავ საჭირო იქნება. ჩვენ გვჭირდება სისტემების დეტალური ტესტირება გარე და ძლიერ ცვალებადი ქარისა თუ წვიმის პირობებში", — აღნიშნავენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ IEEE Robotics and Automation Letters-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები